„როდესაც ადამიანი გლოვობს, ჩვენი პირველი რეფლექსი არის, რომ უნდა გიშველო, უნდა გადაგარჩინო, ამ მდგომარეობიდან უნდა გამოგიყვანო, ვხედავ რომ ინგრევი და უნდა ამოგაშენო. ეს არის პირველი შეცდომა, იმიტომ, რომ ვერ უშველი ამ დროს. როგორც წესი ამ დროს ვცდილობთ, რომ გამამხნევებელი, პოზიტიური რაღაცები ვუთხრათ: „ბევრ ადამიანს სჭირდები,“ „შენ ძლიერი ხარ,“ „შენი ბრალი არ არის.“ ამას აზრი არ აქვს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ბრაზი.
მე იმის შესაძლებლობაც კი არ მაქვს, რომ საწოლიდან ავდგე და უცებ ვიღაცები პასუხისმგებლობას მაკისრებენ, რომ ვიყო ძლიერი, სხვა ვიღაცებს ვჭირდები. ამას იმიტომ გეუბნებიან, რომ შენ გაგაძლიერონ. მიზანმიმართულად არ აკეთებენ ამას. ეს ჩვენი იმპულსია, გვგონია, რომ ვშველით, მაგრამ თითქოს ადამიანს არ ვაძლევთ უფლებას, რომ ცუდად იყოს. რეალურად სიტყვები არ არსებობს, რაც ამ დროს ადამიანს შეიძლება უთხრა.
როდესაც ჩვენ გლოვაზე ვსაუბრობთ და ადამიანის გარდაცვალებაზე, ეს არ არის, რომ ამოიწურა ეს და მორჩა. ადამიანი ამას სულ გადის. უბრალოდ ადამიანის დასამშვიდებლად ვთქვათ ის, რომ ინტენსივობა მცირდება და ტკივილი არ არის ასეთი ყოვლისმომცველი. ეს აზრები, დილით რომ ამ აზრით ვიღვიძებ და აკვიატებულ აზრებად მაქვს, ეს ნელ-ნელა მცირდება. ეს არის მერე უკვე შვება,“- მოცემულ საკითხზე ზანდა ჩეჩელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.
წყარო: იმედის დღე