„თუ ჩვენ ქცევის მართვაზე ვსაუბრობთ, წინასწარ უნდა არსებობდეს წესები. იმ წუთში კი არა, როდესაც რაღაც მოხდა, მაშინ კი არ ვიწყებ გამოსავლის ძიებას. წინასწარ ვამბობთ, რომ ტკბილეულს დღის ამ მონაკვეთში არ ვჭამთ. დღის ამ მონაკვეთში შენ მეცადინეობ. ძილის წინ აუცილებლად იხეხავ კბილებს. დილით აუცილებლად დგები 8 საათზე, რომ სკოლაში არ დაგაგვიანდეს. ამ წესებს თქვენ ვერავინ ვერ გასწავლით გარედან. ყველა ოჯახს აქვს თავისი კულტურა, თავისი ნორმები და წესები. მე ვერცერთ ოჯახს ვერ ვასწავლი შვილი რა წესებით უნდა აღზარდოს, გამორიცხულია. ეს წესები ბავშვს უნდა ესმოდეს წინასწარ. სანქციებზეც ბავშვს ველაპარაკებით წინასწარ.
წესებზე ბავშვს ვესაუბრები დილას, შუადღეს ან საღამოს, როდესაც ერთად ვსხდებით და ვთამაშობთ. თამაშ-თამაშში ვაკეთებ ამას. ასაკზეა ეს დამოკიდებული. ვეუბნები, რომ ჩვენ სათამაშოებს არ ვამტვრევთ, სათამაშოებს უნდა მოვუაროთ. თუ დავამტვრევთ სათამაშოებს, აქ შემოდის სანქცია. სანქცია შეიძლება იყოს, რომ შენ ვერ მიიღებ სათამაშოს, ეს სათამაშო ჩამოგერთმევა, ეზოში ვერ ჩახვალ. ის რაც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, მას ეს უნდა ჩამოერთვას. ეს არის მოწესრიგებული გარემო, სადაც ბავშვმა წინასწარ იცის წესები. კი არ ვეჩხუბები ბავშვს. მე მას წინასწარ ვეუბნები, რომ ეს არის წესი და ამ წესს ეს სანქცია მოჰყვება. თუ ეს წესი ირღვევა, ბავშვს ამ სანქციებს ვახსენებ,“- მოცემულ საკითხზე ზანდა ჩეჩელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.
წყარო: „იმედის დღე“