Baby Bag

„არ გადაანთხიო ნეგატივი ოჯახის წევრებზე! დაფიქრდი: ღირს ამად?! გადმოდგი ნაბიჯი უკან,“- გიორგი ღოღობერიძის რჩევები

„არ გადაანთხიო ნეგატივი ოჯახის წევრებზე! დაფიქრდი: ღირს ამად?! გადმოდგი ნაბიჯი უკან,“- გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ადამიანებს ურჩია, ნეგატივი სხვებზე არ გადაამისამართონ და სხვების ფსიქიკურ მდგომარეობას გაუფრთხილდნენ:

„მინდა, მოგცეთ ერთი საჭირო რჩევა. ბოლო პერიოდში ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ცუდი რაღაც მოხდა. ეს ისტორიები იმდენად გულდასაწყვეტი იყო, რომ რამოდენიმე დღე ვფიქრობდი, როგორ და რანაირად მოვქცეულიყავი. საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ერთი საჭირო რჩევა გამეზიარებინა თქვენთვის. ფსიქოლოგიაში არსებობს დაცვის მექანიზმი, ე.წ. Displacement. წარმოიდგინეთ, რომ სამსახურში შენი უფროსი არ არის შენით კმაყოფილი, გაძლევს შენიშვნას. მიდიხარ სახლში და შენი შვილი, მეუღლე, მეგობარი, შენთვის ძვირფასი ადამიანი რაღაცას გააკეთებს, რაც არ მოგეწონება და ბოღმას, რომელიც სამსახურიდან წამოიღე, მაშინვე გადაანთხევ მასზე. ეს არის სწორედ Displacement, რაც გადამისამართებას გულისხმობს. ნეტაგიურ ემოციას, რომელიც სამსახურიდან წამოიღე, გადაამისამართებ ვიღაც სუსტზე. სამსახურში პასუხს ვერ დაუბრუნებ, იმიტომ, რომ უფროსს პასუხი რომ დაუბრუნო, შეიძლება სამსახური დაკარგო, ამიტომ გეშინია. 

ვიღაც სოციალურ ქსელში შენზე ცუდ კომენტარს წერს, შენი შვილი მოგიჯდა გვერდით და გეკითხება, როგორ ხარ. „მომშორდი აქედან,“ - შენ ამ ნეგატივს მასზე გადაანაცვლებ. ეს არის სასტიკი რაღაც, რაც არის ჩვენი დაცვითი მექანიზმი. სახლში რაღაც არ მოგეწონა, გაბრაზებული უყვირი შენს მეუღლეს. შენი მეუღლე დაიჩაგრა. იმან შეიძლება შვილებს უყვიროს, რომლებიც ერთმანეთში ხმაურობენ. ბავშვები ერთმანეთში დაიწყებენ ჩხუბს და ნეგატივს წაიღებენ ბაღში. ნეგატივს, რომელსაც გადაამისამართებ სხვაზე, სხვა გადაამისამართებს კიდევ სხვაზე, ის სხვა სხვაზე და მანკიერი წრე იკვრება.

ხომ ხედავ, რომ ნეგატივი ძალიან სწრაფად ვრცელდება? ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ფაქიზად, როდესაც ნეგატივის გადამისამართებას ეხება საქმე. ვიღაც შენიშვნას რომ გაძლევს და მთელი დღის განმავლობაში იგროვებ ამ შენიშვნას, მზად ხარ სახლში მისვლისას სხვებზე გადაანთხიო, ის ხალხი ცოდოა, იმ ხალხს შენთვის არაფერი დაუშავებია. ეს უკვე ოჯახში იწვევს კონფლიქტს. იმ ადამიანებს შეიძლება ასევე ჰქონდათ მძიმე დღე. შენმა ამ ცუდად ნათქვამმა შეიძლება მას გადაუვსოს ზღვარი, რომელიც აქვს საკუთარ ფსიქოლოგიაში და ძალიან ცუდი რაღაცისკენ უბიძგოს. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ფრთხილად. ძალიან გთხოვთ, უბრალოდ გაჩერდით, როდესაც მსგავსი სიტუაციაა. რაღაც ვერ გაყიდე, დავალიანება გაქვს, რაღაც ვერ დარიცხე, ფული არ მოგცეს, ცუდი რაღაც გითხრეს, შენზე ცუდი რამ დაწერეს, დაგროვდა ნეგატივი. სახლში რომ მიხვალ, ფრთხილად იყავი. არ გადაანთხიო ნეგატივი ოჯახის წევრებზე. დაფიქრდი: ღირს ამად?! რატომ უნდა გაწირო შენთვის ძვირფასი ადამიანები? გადმოდგი ნაბიჯი უკან, დაფიქრდი, რამდენად სწორად იქცევი. აიღე კონტროლი სიტუაციაზე. სიტუაციამ არ დაგამარცხოს შენ,"- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი - Ghoghoberidze, M.D.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ხანდაზმულობასთან და საპენსიო ასაკთან შეგუების უნარების მიხედვით ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:

„ქალები უფრო ადაპტირებულები არიან ამასთან. საპენსიო ასაკში, სამსახურიდან თუ გამოუშვეს ქალი, მას შეუძლია დატვირთვა უფრო სწრაფად აკრიფოს, ბავშვს მოუაროს, სახლი დაალაგოს. მას ფუნქცია აქვს. კაცმა არ იცის რა გააკეთოს. სამსახური არ აქვს და ბოდიალს იწყებს სახლში, ფეხებში გედება.“

ზურა მხეიძის თქმით, ბაბუებს შვილიშვილები ფუნქციას სძენენ, რის გამოც მათ ისინი განსაკუთრებუთ უყვართ:

„ამიტომ უხარიათ ბაბუებს შვილიშვილები. შვილები დიდი ჰყავს, არავინ ეფერება. ერთი სული აქვს შვილიშვილი ჰყავდეს, იმიტომ, რომ შვილიშვილს უყვარს ბაბუ. მე ბაბუა ჯერ არ ვარ, მაგრამ ბაბუებს რომ ვეკითხები, შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ამას მეუბნება. სულ სხვა განცდააო, ამბობენ. ფუნქციას ნახულობს ადამიანი.“

„კაცისთვის სამსახურიდან გათავისუფლება უფრო რთულად ასატანია. სამსახური რომ არ აქვს კაცს, იმის გამო, რომ „ამტკიცოს, რომ კაცია,“ სახლში ყვირის, სვამს. სხვანაირად ვერაფერს ვერ ამტკიცებს,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად