Baby Bag

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებთან შემეცნებით და სწავლების სფეროში ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

„ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები და შეუბრალებლები შემეცნებით და სწავლების სფეროში და სრულიად პლასტელინივით უფორმოები ქცევით-ემოციურ სფეროში. ბავშვს რომ მუქარის ტონით ვესაუბრებით, მას ვაგრძნობინებთ, რომ შენ არ ხარ კომპეტენტური, შენ არაფერი არ შეგიძლია. შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, მე შენ ასეთს არ გიღებ. შენ, მშობელი ხარ ავტორიტეტი მისთვის. შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც იმედს გიცრუებს. კიდევ უფრო შფოთვა აქვს მას ამ დროს და კიდევ უფრო ვერ გააკეთებს რაღაცას.

მუქარები და მსგავსი ტექსტები სწავლების პროცესში არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვები წავახალისოთ. არ ვეუბნებით მას, რომ ყველაფერი შეგიძლია, შენ ყველაზე მაგარი ხარ. ამას არ ვეუბნებით. ჩვენ მას ვეუბნებით, რომ შენ შეგეშალა. რა მოხდა მერე?! შენ უნდა გჯეროდეს ამის. შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები. შენც უნდა გჯეროდეს ამის, მაგრამ არ გჯერა, იმიტომ, რომ შენც ნერვები გეშლება, რომ შეეშალა. რა მოხდა მერე?! შენ ხომ ისწავლე ველოსიპედის ტარება. ხომ არ იცოდი და ხომ იცი ახლა?! ისიც ასეა. მოდი, აბა კიდევ ვცადოთ. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ბავშვს შეეშალა, მაგრამ გვჯერა, რომ გააკეთებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საერთოდ პედაგოგიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი არის ის, რომ ჩვენ გვჯერა,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „დიალოგოსი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? - თემაზე ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური საუბრობს

​რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? - თემაზე ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური საუბრობს

რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ოტორინოლარინგოლოგი შორენა წიკლაური.

- რა იწვევს სმენის დარღვევას ბავშვებში? (მიზეზებსა და რისკფაქტორებზე რომ ვისაუბროთ)

- ბავშვთა ასაკში სმენის დაქვეითება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილი ძირითადად ვითარდება მაშინ, როდესაც დედა ორსულობის დროს იღებს რაიმე მედიკამენტს, გადაიტანს ინფექციურ დაავადებას ან უშუალოდ მუცლადყოფნის პერიოდში მოხდება ნაყოფის დაინფიცირება, რაც იწვევს ნაყოფის სმენის ანალიზატორის განვითარების დარღვევას. ასეთ დროს, შესაძლოა ბავშვი დაიბადოს თანდაყოლილი სმენის დაქვეითებით ან სრული სიყრუით.

შეძენილი სმენის დაქვეითების შემთხვევაში, სმენის დაკარგვა ხდება დაბადების შემდეგ. სმენის დაქვეითება სრულ დაკარგვამდე შესაძლებელია იყოს მწვავე და ქრონიკული. ასევე შექცევადი ან შეუქცევადი. სმენის მწვავე, შექცევადი დაქვეითების დროს ძირითადი მიზეზებია - ყურში უცხო სხეული, გოგირდის საცობი, ცხვირ-ხახაში მიმდინარე ანთებითი პროცესი. სმენის ქორნიკული დაქვეითების ხშირი მიზეზია - ცხვირხახის ადენოიდების ჰიპერპლაზია ან მაღალი ალერგიული ფონი (ცხვირ-ხახაში შეშუპება), რის შედეგად შესაძლოა განვითარდეს სითხის დაგროვება შუა ყურში და გამოიწვიოს ქრონიკული ექსუდაციური ოტიტი. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით სმენის დაქვეითება როგორც წელი ექვემდებარება მკურნალობას და შესაძლებელია სრული განკურნება.

გარდა ზემოთხსენებული მიზეზებისა, სმენის დაქვეითება შესაძლებელია იყოს გამოწვეული ყურის ან თავის ტრავმით, მორეციდივე შუაყურის ანთებებით, ინფექციური დაავადებებით. სმენის დაქვეითებისას შეფერხებულია ანბგერის გატარება სმენის ნერვამდე (ამ დროს მკურნალობა მეტნაკლებად ეფექტურია) ან ხდება ნერვის მიერ ბგერის აღქმის დარღვევა (სამწუხაროდ სმენის ნერვის დაზიანება პრაქტიკულად არ ინკურნება), არსებობს ასევევ შერეული შემთხვევებიც, როდესაც ორივე კომპონენტია ერთდროულად.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა არ გამოგვეპაროს პრობლემა?

- სმენა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. დაახლოებით 4 თვიდან ბავშვი უნდა რეაგირებდეს მშობლის ხმაზე, ხმაურზე, იხედებოდეს იმ მიმართულებით, საიდანაც მოდის ხმა. 1.5 წლიდან ბავშვი უკვე უნდა ცდილობდეს მარტივი სიტყვების წარმოთქმას. თუ აღნიშნული რეაგირებები და მეტყველების დაწყების შეფერხება გახანგრძლივებულია, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს და შესაძლოა, იეჭვოს სმენის დაქვეითებაზე.

- როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემა?

- საქართველოში არსებობს ძალიან კარგი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება ყველა ახალშობილის შემოწმება სმენაზე. თუ ბავშვს აქვს თანდაყოლილი სმენის პრობლემა, ხდება დროული გამოვლენა და შესაბამისად, ჩარევაც დროულად მიმდინარეობს, აღნიშნული ეხმარება სმენადაქვეითებულ ბავშვს მაქსიმალურად ადაპტირდეს სოციუმთან.

პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ორსულობის პერიოდში, დედა უნდა ეცადოს რომ თავი დაიცვას სხვადასხვა ინფექციური დაავადებებისგან, თვითნებურად არ მიიღოს პრეპარატები, დროულად მოხდეს ახალშობილის სკრინინგი და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის გეგმიური ვაქცინაცია. შუა ყურის მორეციდივე ინფექციების დროს დროულად უნდა მიმართოს ექიმს.

მშობლებს ვურჩევდი, რომ მოერიდონ ბავშვის თვითნებურად მკურნალობას. არსებობს ყურის დაავადებები, რომლის დროსაც გარკვეული პრეპარატების, მათ შორის ყურის წვეთების გამოყენება არ შეიძლება. შესაძლებელია, თვითნებური მკურნალობის დროს გამოიწვიოთ სმენის ნერვის დაზიანება. ხშირად, ყურის ტკივილის დროს ბავშვს ადებენ ცხელ მარილს, რაც დაუშვებელია. ასეთ დროს დიდია ალბათობა, რომ დაფის აპკი გასკდეს და შემდგომში გამოიწვიოს შუა ყურის ქრონიკული ანთება.

- რა შემთხვევებში უნდა მივმართოთ სპეციალისტს?

- მშობელს თუკი რაიმე ეჭვი გაუჩნდა ბავშვის სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებით, სასურველია, დროულად მიმართოს სპეციალისტს, რათა შესაბამისი მკურნალობით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. სმენის დაქვეითება შესაძლოა მოხდეს, მანამ სანამ ბავშვი მეტყველებას დაიწყებს (თანდაყოლილი) ან როდესაც მეტყველება დაწყებული აქვს და შემდეგ გარკვეული მიზეზით ხდება დაქვეითება ან სრული დაკარგვა. როგორც უკვე აღვნიშნე, 4 თვიდან ბავშვი უნდა რეაგირებდეს ხმაზე, იყურებოდეს იმ მიმართულებით, საიდანაც ხმაური ესმის. თუკი ბავშვი უკვე ლაპარაკობს და მშობელმა შეამჩნია რომ საუბრისას ბავშვი სთხოვს რომ ნათქვამი გაუმეოროს, ან ახლოს მიდის ადამიანებთან საუბრის დროს, ან ტელევიზორს უსმენს ხმამაღლა... თუ ასეთი ქცევები ხშირად მეორდება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

ყურადღება მიაქციეთ ცხვირით სუნთქვას, რადგან ყურის პრობლემები ხშირად მოდის ცხვირით სუნთქვის გაძნელებიდან. თუ ბავშვს გაუჭირდა ცხვირით სუნთქვა და ეს დიდხანს გრძელდება, დროულად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ცალკე უნდა გამოვყოთ მოზარდებში ყურსასმენების გადამეტებული მოხმარება. ხანგრძლივად ხმამაღლა მუსიკის მოსმენა, მითუმეტეს თუ ყურსასმენი მხოლოდ ერთ ყურზეა ან/და ღამით იძინებს ყურსასმენებით, დამაზიანებლად მოქმედებს სმენის ნერვზე და იწვევს სმენის შეუქცევად დაქვეითებას.

ესაურა მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად