Baby Bag

„ხშირად გვსმენია: „არ აიყვანო ხელში ჩვილი, რადგან შეიძლება ხელში ყოფნით გაფუჭდეს...“ პირიქით, ამ პერიოდში აუცილებელია დედის ტაქტილური შეხება,“- ფსიქოკონსულტანტი თაკო ნავერიანი

ფსიქოკონსულტანტმა თაკო ნავერიანმა მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიჯაჭვულობას საფუძველი ეყრება 1-დან 2 წლამდე. ეს განსაკუთრებული პერიოდია. ხშირად გვსმენია: „არ აიყვანო ხელში ჩვილი, რადგან შეიძლება ხელში ყოფნით გაფუჭდეს.“ პირიქით, ამ პერიოდში აუცილებელია დედის ტაქტილური შეხება, ემოციური კავშირი, მზერა. აი, აქ ეყრება საფუძველი სანდო და უსაფრთხო მიჯაჭვულობას. როდესაც ჩვილს აქვს დედის ან აღმზრდელის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება, ემოციური კავშირი, ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი.

მნიშვნელოვანია, როდესაც მყისიერად სრულდება ბავშვის მოთხოვნილება. ბავშვი რომ ტირის, უნდა მივიდე და მივხვდე, რა საჭიროება აქვს. მისი მოთხოვნილების გადადება არ შეიძლება. მშობლები ხშირად ღელავენ: „ბავშვს ჩვენთან ძინავს.“ ბავშვმა უნდა იგრძნოს მშობლის ემოციური კავშირი და ჩახუტება გარკვეულ ასაკამდე. ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. 4 წლამდეც აუცილებელია, რომ ბავშვმა იგრძნოს ეს. შემდეგაუცილებლად უნდა მოხდეს პოზიტიური კუთხით ბავშვის ოთახის შერჩევა, ცალკე კუთხის გამოყოფა. 

როდესაც მოზარდები ცდილობენ მშობლებთან დაძინებას, ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი. 10-12 წლის ბავშვისთვის უკვე მიუღებელია ეს. მას მშობლებთან არ უნდა ეძინოს და ცალკე უნდა ჰქონდეს გამოყოფილი კუთხე,“ -მოცემულ საკითხზე თაკო ნავერიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

მეცნიერების მტკიცებით, კრეატიული ადამიანები მოუწესრიგებელ სახლებში ცხოვრობენ

მეცნიერების მტკიცებით, კრეატიული ადამიანები მოუწესრიგებელ სახლებში ცხოვრობენ

მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს სტუმრების მიღება ნაკლებად სიამოვნებთ, რადგან სახლში არსებული უწესრიგობის გამო თავს უხერხულად და დარცხვენილად ​გრძნობენ. გასარეცხი ტანსაცმლით სავსე კალათა, ჟურნალის მაგიდაზე მოფენილი ფურცლები და სათამაშოები, იატაკზე მიმოფანტული ასაწყობი კუბები და წიგნები, რომლებსაც წიგნების თაროს გარდა სახლის ნებისმიერ კუთხეში გადააწყდებით - აღნიშნული სურათი ნებისმიერი მცირეწლოვანი ბავშვის მშობლისთვის ნაცნობია. არ აქვს მნიშვნელობა, სახლის დალაგებას დიდ დროს უთმობთ თუ ცოტას, თუ მცირეწლოვანი შვილები და შინაური ცხოველები გყავთ, უწესრიგობას ვერსად გაექცევით.

დედები, რომლებიც ამჩნევენ, რომ მათ სახლში სრული ქაოსი სუფევს, ხშირად ისტრესებიან, ისინი წესრიგის დამყარებას ცდილობენ, ბავშვებს უბრაზდებიან და მათგან საკუთარი სათამაშო სივრცის მილაგებას მოითხოვენ. დღის ბოლოს მშობლებს მოთმინების ძაფი უწყდებათ და საკუთარ ემოციებს ვეღარ აკონტროლებენ.

სახლში გამეფებული უწესრიგობა ზოგიერთ მშობელს იმდენად სტრესავს, რომ მათ საკუთარი შვილების არსებობაც კი ავიწყდებათ. ისინი ვეღარ აცნობიერებენ, რომ ბავშვი მათ ცხოვრებაში უმთავრესი ბედნიერებაა და აღარც ის ახსენდებათ, რომ შვილებს მშობლების მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. ამ ყოველივეს გაცნობიერება მშობლების სასოწარკვეთილების მიზეზი ხდება. ბავშვებზე უმიზეზოდ გაბრაზების შემდეგ ისინი მათ წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობენ.

დედებმა მოუწესრიგებელი სახლის გამო მღელვარება დროულად უნდა შეწყვიტონ. თუ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს სახლში ესტუმრებით, მათი გაგება უნდა შეძლოთ. თუ ისინი სახლში არსებული უწესრიგობის გამო მოგიბოდიშებენ, აუცილებლად დაამშვიდეთ და უთხარით, რომ საგანგაშო არაფერია.

დედებო, თქვენ საბოდიშო ნამდვილად არაფერი გაქვთ! მომდევნო ჯერზე, როდესაც მოუწესრიგებელ სახლში სტუმრის მიღება მოგიწევთ, არაფერზე ინერვიულოთ. სახლში არსებული ქაოსი ნეგატიური მოვლენა სულაც არ არის.

რაზე მიგვანიშნებს სახლში არსებული უწესრიგობა?

• მოუწესრიგებელ სახლში ბედნიერი ბავშვები ცხოვრობენ - ისინი საკუთარი სათამაშოებით ერთობიან, წარმოსახვას ივითარებენ და თავისუფალი აქტივობებით არიან დაკავებულები. ამ გზით პატარები სამყაროს შეიმეცნებენ, ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, აზროვნების უნარს ივითარებენ და რაც მთავარია, ამ ყველაფერს უდიდესი სიამოვნებით აკეთებენ.

• მოუწესრიგებელ სახლში ადამიანები ცხოვრობენ და თავს ძალიან კარგად გრძნობენ - გასარეცხი ტაფებითა და ქვაბებით სავსე სამზარეულო იმაზე მიგვანიშნებს, რომ სახლში სადილები მზადდება და სახლის ბინადრები ტკბილად მიირთმევენ, ოთახში მიმოფანტული ტანსაცმელი კი იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ეს ტანისამოსი ვიღაცას ეცვა. სახლში გამეფებული უწესრიგობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ სახლში ნამდვილი ოჯახი ცხოვრობს.

• მოუწესრიგებელ სახლში ოჯახის წევრებს ერთმანეთთან მეგობრობა აკავშირებთ - ისინი თავს თავისუფლად გრძნობენ და საკუთარი პიროვნული თავისებურებების გამოხატვის არ ეშინიათ. მათ შეუძლიათ ყოველდღიურად იმ საკითხებზე იზრუნონ, რომლებიც მათთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, რის გამოც მათ არავინ გაკიცხავს.

• მოუწესრიგებელ სახლში დროს მნიშვნელოვან საქმეებს უთმობენ - იმის ნაცვლად, რომ მთელი დღე დალაგებასა და სახლის მოწესრიგებას დაუთმონ, ოჯახის წევრები დროის ერთად და სასიამოვნოდ გატარებას ცდილობენ. ისინი სამსახურის საქმეებსაც აგვარებენ და სერიოზული საუბრებისთვისაც იცლიან.

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ კრეატიული და ინტელექტუალი ადამიანები მოუწესრიგებელ სახლებში ცხოვრობენ. ბრწყინვალე გონება თქვენ ირგვლივ არსებული ფიზიკური გარემოს მოწესრიგებაში, შესაძლოა, ხელს გიშლიდეთ. ზოგიერთი თეორიის მიხედვით, ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ღირსების განცდა აქვთ და ინტელექტუალური უნარებითაც გამოირჩევიან, სხვების შეხედულებებს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ისინი არ ღელავენ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები მათზე. ინტელექტუალი ადამიანები არც იმაზე დარდობენ, როგორ შეაფასებენ სტუმრები მათ სახლში არსებულ ქაოსს და უწესრიგობას. ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები აქვთ, სიღრმისეულად აზროვნებენ. ისინი იდეალისტები არიან და ყოველდღიურ აქტივობებზე ფიქრთით თავს ნაკლებად იწუხებენ.

ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბება სწორედ იმიტომ შეძლო, რომ გამუდმებით სახლის დალაგებასა და თეფშების რეცხვაზე არ ფიქრობდა. თუ სახლში ქაოსი გაქვთ, ამაში საგანგაშო არაფერია. შესაძლოა, ეს ყოველივე თქვენს ბრწყინვალე გონებრივ შესაძლებლობაზე მიგანიშნებდეთ, რომელსაც გაფრთხილება და განვითარება სჭირდება. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად გაერთოთ და თქვენი შვილების მომავალი სასიამოვნო მოგონებებით გაამდიდროთ. სახლის მოწესრიგებაზე მეტისმეტი მზრუნველობა კი აუცილებელი არ არის. 

მომზადებულია cafemom.com
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად