Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ვიღაც ამბობს, რომ ეს „ჩემი შვილების დედაა ან ჩემი შვილების მამა,“ ეს უკვე ცუდია, მათთან ურთიერთობა უკვე დისტანცირებულია,“ - ზურაბ მხეიძე

„თუ ვიღაც ამბობს, რომ ეს „ჩემი შვილების დედაა ან ჩემი შვილების მამა,“  ეს უკვე ცუდია, მათთან ურთიერთობა უკვე დისტანცირებულია,“ - ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ სიყვარულის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიყვარული სტაბილური გრძნობაა, რომელიც ცვალებადი არ არის:

„როდესაც მიყვარხარ, პატივსაც გცემ და გენდობი. ყოველთვის უნდა იყოს ეს. აბა, დამავიწყდა რომ მიყვარხარ და გირტყამ, რა არის ვერ გავიგე?! სიყვარული არის სტაბილური გრძნობა. დღეს მიყვარხარ, ხვალ აღარ მიყვარხარ, ეს არ არის სიყვარული. ეს ლტოლვაა. ლტოლვა არის ჩვეულებრივი მოთხოვნილება, როგორიც ჭამის მოთხოვნილება. ის გართულებულია, იმიტომ, რომ პარტნიორად მეორე ადამიანი გჭირდება. ჭამის მოთხოვნილების დროს გოჭი კინოში არ დაგყავს, სანამ შეჭამ. სიყვარული არის ადამიანური გრძნობა.“

ზურაბ მხეიძის თქმით, თუ ადამიანს არ აქვს განსაზღვრება, თუ რატომ უყვარს მეორე ადამიანი, ე.ი. მას სიყვარული არ აქვს:

„თუ შენ ვერ მიიღე განსაზღვრება, რატომ გიყვარს ადამიანი, უნდა ჩათვალო, რომ ლტოლვა გაქვს. სხვა შემთხვევაში ადამიანური თვისებები უნდა წამოვიდეს, თუ რატომ გიყვარს. იციან კიდევ: „ცოლი“ და „ქალი.“ ეს ცოლი ქალი არ არის? თუ ვიღაც ლაპარაკობს, რომ ჩემი შვილების დედაა ან ჩემი შვილების მამა, ეს უკვე ცუდია. ეს ნიშნავს, რომ დისტანცირებულია უკვე მათთან ურთიერთობა. ერთი ადამიანი მოვიდა ცნობით, რომ უნდა გაშორდეს მეუღლეს. რომ დავახასიათო ის კაცი, ყველა გაყვებით ცოლად. ერთი მინუსი ვერ მითხრა ქმრის. ფინანსური პრობლემები არ ჰქონათ, უყვარდა კაცს, უყურადღებო არ იყო, ბავშვებთან კარგად იყო. საქმე იმაშია, რომ ემოციები არ არის მძაფრი. არაფერი არ ხდება, ყველაფერი გაქვს და არაფერი არ ხდება.“

„ქალისთვის ბავშვი ხდება პირველი. ჩვენ ვამბობთ, ქართველ დედებს უყვართ შვილები. ყველა დედას უყვარს შვილი. ეს ინსტინქტურია,“- აღნიშნულ საკითხზე ზურაბ მხეიძემ „აზროვნების აკადემიაში“ ისაუბრა.

წყარო: „აზროვნების აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად