Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ის მითი, რომ ცივი წყალი დავლიე, გარეთ გავედი და ამიტომ ვარ ცუდად, ნამდვილად არარეალურია,“ - პედიატრი მაია ჩხაიძე

„ის მითი, რომ ცივი წყალი დავლიე, გარეთ გავედი და ამიტომ ვარ ცუდად, ნამდვილად არარეალურია,“ - პედიატრი მაია ჩხაიძე

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ სკოლების გახსნასთან ერთად მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ ნებისმიერი სიმპტომის მქონე ბავშვი სკოლაში არ გაუშვან:

„მგონია, რომ შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ ამდენ ხანს ბავშვების ჩაკეტვა, სწავლების ხარისხიც ძალიან დაბალია. პირველივე ნიშნების შემთხვევაში, უნდა ეცნობოს ყველას და მშობელმა ბავშვი არ უნდა გაუშვას სკოლაში. ის მითი, რომ კონდიციონერთან ვიჯექი, ცივი წყალი დავლიე, გარეთ გავედი და იმიტომ ვარ ცუდად, ნამდვილად არარეალურია. არავის არ უნდა კორონავირუსი ჰქონდეს და თავს იმშვიდებს ასე.“

მაია ჩხაიძის თქმით, კლინიკური ნიშნების მქონე ყველა ადამიანი კორონავირუსული ინფექციის სავარაუდო შემთხვევაა:

„გარეთ გავედი, ცივი წყალი დავლიე, არ გეგონოთ რომ კორონა მაქვს, - როდესაც ორი წელია პანდემია გვაქვს, ასეთი მიდგომა არასწორია. ყველა ადამიანი, ვისაც აქვს კლინიკური ნიშნები, სავარაუდო შემთხვევაა კორონავირუსული ინფექციის.“

„ანტისხეულები, რომელსაც იძენს ორგანიზმი, დროთა განმავლობაში იშლება. ამიტომ არ მიმაჩნია სამუდამო მწვანე პასპორტი სწორად. ოდესღაც რომ გადაიტანე ინფექცია, არ გაძლევს გარანტიას, რომ აღარ დაგემართება ვირუსი,“- აღნიშნულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად