Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩემი შვილები ზუსტად ჩემნაირები არიან და ეს ძალიან რთულია

ჩემი შვილები ზუსტად ჩემნაირები არიან და ეს ძალიან რთულია

აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილები ზუსტად ჩემნაირები არიან და ეს ძალიან რთულია. მახსენდება, ბავშვობაში როგორი ხმაურიანი ვიყავი და ბევრ კითხვას ვსვამდი, ჩემს უფროს დას მოსვენებას არ ვაძლევდი და ჩემთან თამაშს ვთხოვდი. მე სათამაშოებს ვამტვრევდი, ჩემს სახელს კედელზე ვწერდი და მოუსვენრად ვიქცეოდი. ოთხიდან ათ წლამდე ჩემს თავს მოლაყბე, მშფოთვარე, ხმაურიან და ქაოტურ ადამიანად დავახასიათებდი.

ჩემი აღზრდაც არათანმიმდევრული იყო, რამაც ქცევითი პრობლემები შემიქმნა. ჩემი და მშვიდი და მოწესრიგებული ბავშვი იყო, მე კი მისგან აბსოლუტურად განვსხვავდებოდი. ჩემი მშობლები ასაკოვნები იყვნენ, როდესაც გავჩნდი, ისინი ბევრს მუშაობდნენ და ჩემთან თამაშის ენერგია არ ჰქონდათ.

შესაძლოა, ჩემს შემთხვევაში კარმამ იმოქმედა, რადგან ჩემს შვილებში ჩემს ბავშვობას ვხედავ. ისინი ხმაურიანები და მოუსვენრები არიან. ჩემი შვილები გამუდმებით ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო მეტად მიიქცევს ხმაურით სამეზობლოს ყურადღებას. საბედნიეროდ, ჩემი შვილები არ იზრდებიან გარემოში, სადაც მათი ენერგია უგულებელყოფილია. ჩვენ მათ ყოველთვის ვეთამაშებით და ვცდილობთ ჩვენი ენერგია გავუზიაროთ. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ ეს ენერგია არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად ახალგაზრდა ვარ, ვიდრე დედაჩემი ჩემი ბავშვობის პერიოდში იყო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დედა უგულებელყოფდა ჩემს სურვილებს და ცუდად მექცეოდა, თუმცა ახლა კარგად მესმის მისი.

ცხრა წელია დიასახლისი დედა ვარ... ჩემი შვილებისთვის ხშირად მითხოვია აბაზანის კარს მოშორებოდნენ, როდესაც შიგნით ვიყავი. ტელეფონზე საუბრისას ისინი ყოველთვის მოდიან, თავიანთი ამბების მოსაყოლად. არ მაქვს არცერთი წამით მშვიდად დაჯდომის შესაძლებლობა, რადგან ჩემს შვილებს ყოველწამიერად ვჭირდები. დისტანციური სწავლების პირობებში ოთახიდან-ოთახში დავრბივარ, რათა შევამოწმო, რას აკეთებენ ჩემი შვილები და როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი.

ჩემი შვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს საშინაო დავალება. მეც ასეთი ვიყავი. ჩემი ქალიშვილი არასდროს წყვეტს საუბარს, მეც ასე ვიქცეოდი. ის ყურადღების მისაქცევად ტირის, მეც ასე ვტიროდი. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ჩემნაირები არიან, წარმომიდგენია, რა რთული წლები მელის წინ, როდესაც თინეიჯერები გახდებიან. საბედნიეროდ, მათთან ურთიერთობის ყველა ხრიკი ვიცი და იმედი მაქვს, შეცდომებს არ დავუშვებ.

წყარო: ​Moms.com

წაიკითხეთ სრულად