Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირველი ორი წლის განმავლობაში არასწორი მიჯაჭვულობა გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს,“ - პედიატრი ქეთევან ნემსაძე

„პირველი ორი წლის განმავლობაში არასწორი მიჯაჭვულობა  გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს,“ - პედიატრი ქეთევან ნემსაძე

პედიატრმა ქეთევან ნემსაძემ მიჯაჭვულობისა და დემიჯაჭვულობის სწორად განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

​ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ მიჯაჭვულობის კარგად განხორციელება, არამედ დემიჯაჭვულობის სწორად განხორციელებაც. „დედიკოს ბიჭის“ ფენომენი არასწორი მიჯაჭვულობისა და არასწორი დემიჯაჭვულობის განხორციელების შედეგია. ვაჟებისთვის 10-14 წელი გახლავთ კრიტიკული პერიოდი, როდესაც ის ახდენს იდენტიფიკაციას მამასთან. მამა, როგორც მოდელი უნდა გახდეს მისთვის. მანამდე ის უფრო დედასთან არის მიჯაჭვული. აუცილებელია, რომ პედიატრებმა ამ პროცესს მიაქციონ ყურადღება, თუ არ მოხდა ეს იდენტიფიკაცია.“

ქეთევან ნემსაძემ არაადეკვატური დემიჯაჭვულობისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჩამოთვალა:

​რა არის დამახასიათებელი არაადეკვატური დემიჯაჭვულობისთვის? ეს არის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უუნარობა. იტალიური ფილმია ასეთი. ზემოდან ჩამოდის დედა, ვაჟს ეუბნება ქალზე, ცოლად არ შეირთოო და ესეც უჯერებს. ასევე არაადეკვატურ დემიჯაჭვულობას ახასიათებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ნორმალური ურთიერთობის პრობლემები. სამწუხაროდ, ეს არის ასევე საქართველოს პრობლემა.“

„პირველი ორი წლის განმავლობაში არასწორი მიჯაჭვულობა ​გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. საქართველოში ეს მიჯაჭვულობა ნამდვილად ძლიერია და ამაზე საყვედური ჩვენი დედებისადმი არ გვეთქმის. რა არის ის ფაქტორები, რომლებიც მიჯაჭვულობას არღვევს? ეს არის დედის ანემია, დედის სოციალური სტატუსი. კვლევებში შედარებულია ორი ჯგუფი: ქალბატონები, რომლებსაც ჰქონდათ ანემია და არ იღებდნენ რკინის პრეპარატებს, ქალბატონები, რომლებსაც არ ჰქონდათ ანემია და იღებდნენ რკინის პრეპარატებს. ამ შემთხვევაში სწორად ხორციელდებოდა მიჯაჭვულობა, ამიტომ ჯანმრთელობასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არაადეკვატური მიჯაჭვულობა მოზრდილობაში სუსტი ჯანმრთელობის შეუქცევადი რისკ-ფაქტორია. ნულიდან ორ წლამდე დედა-შვილის ურთიერთობა შესაძლებელია გახდეს 40 წლის ასაკში რიგი დაავადებების საფუძველი,“ - აღნიშნა ქეთევან ნემსაძემ.

წყარო:​ „პულსი“


წაიკითხეთ სრულად