Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის მოვლა არასაკმარისი პირობაა აღზრდისთვის. აღზრდას სჭირდება შესაბამისი რუტინა,“ - თამარ გაგოშიძე

„ბავშვის მოვლა არასაკმარისი პირობაა  აღზრდისთვის. აღზრდას სჭირდება შესაბამისი რუტინა,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ექვს წლამდე ასაკის ბავშვის რუტინის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს, თუ რას ელიან მისგან ოჯახის უფროსი წევრები:

„ბავშვის მოვლა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა მისი აღზრდისთვის. ​აღზრდას სჭირდება შესაბამისი რუტინა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რას მოელოდებიან მისგან უფროსები ოჯახში. ჩვენ დიდ ოჯახებად ვცხოვრობთ. ხშირად ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, როგორ უნდა მიუდგეს ბავშვს. ჩვენი კატეგორიული რჩევაა, რომ ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ბავშვის მიმართ გამოყენებულ უნდა იყოს ერთი და იგივე წესი. მე ვეჩხუბები და თქვენ ეფერებით, თქვენ ეფერებით და მე ვეჩხუბები, მე არ ვაძლევ კანფეტს და თქვენ აძლევთ, ეს არის სრულიად დაუშვებელი. ჩვენთვის ბავშვი არის სუბიექტი. ეს არ არის ობიექტი, რომელიც უნდა აიღო, დაბანო, მერე ჩატენო საჭმელი, დააძინო და უყიდო სათამაშო. ეს არ არის ხოლმე საკმარისი. ბავშვი არის სუბიექტი და ორი წლის ბავშვსაც ჩვენ ვუთანხმებთ რუტინულად რას ვაკეთებთ რის მერე.“

თამარ გაგოშიძემ რჩევები მისცა იმ მშობლებს, რომლებსაც ბავშვის დაძინების პრობლემა აქვთ:

„ხშირად უთქვამთ მშობლებს, რომ დაძინება არის კატასტროფა. ჩვენ ვუთანხმებთ ბავშვს, რას რის მერე ვაკეთებთ. ლაპარაკია 2-3 წლის ასაკის ბავშვებზე. შუადღიდან იწყება უკვე ეს. დღის მეორე ნახევრიდან ჩვენ ვეუბნებით, რომ ახლა ვივახშმებთ, ​მერე ვითამაშებთ და ხომ იცი, მერე დავიძინებთ. ეს რეფრენივით გასდევს დაძინებამდე. ბავშვს ეს სულ ესმის და ეს არის განწყობის შემუშავება დაძინებისთვის. ეს რიტუალი არის დაძინების რიტუალი.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვს ძილის წინ ეკრანის დრო არ უნდა ჰქონდეს:

„მაგალითად, ვივახშმეთ. არ არის მისაღები, რომ ბავშვს ძილის წინ ჰქონდეს ეკრანის დრო. დაძინებამდე ორი საათით ადრე ბავშვი უნდა იყოს მოშორებული ეკრანს. ეკრანის გარდა შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ჩვენ ვეუბნებით, ახლა ვითამაშებთ. თუ გაქვთ დრო, თქვენ ეთამაშებით. თუ არ გაქვთ დრო, ეუბნებით, რომ ჯერ შენ ითამაშებ, მე ჩემს საქმეს გავაკეთებ, მერე ვითამაშებთ ერთად. ეს მუდმივად მეორდება. ისე არ არის, რომ მე დღეს ხასიათზე ვარ, ​ან სადმე წავედი, არ ვარ სახლში და ამიტომ გაცდება ჩვენი თამაში. ამას სჭირდება მუდმივობა. რუტინა ეს არის.“

„ბავშვი რას ეუბნები იმას კი არ აქცევს ყურადღებას, როგორ ეუბნები, იმას აქცევს ყურადღებას. მშობელი გეუბნება, რომ არაფრით არ შემიძლია ამის დამორჩილება. ასეთი რამე არ არსებობს. თუ ჩვენ თვალებში შევხედავთ და მშვიდად ვეტყვით: „შეხედე, მე ეს უნდა გავაკეთო, მე ველოდები, რომ შენ ამას გააკეთებ და მე მერე შემოგიერთდები. შენ ყოჩაღი გოგო/ბიჭი ხარ, ძალიან კარგად ითამაშებ,“ აი, ეს არის რუტინა,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად