Baby Bag

ბაღიდან მოსულ ბავშვს ეს კითხვები არ უნდა დაუსვათ - ფსიქოლოგ ნინო ბუაძის რეკომენდაციები მშობლებს

ფსიქოლოგმა ნინო ბუაძემ ის შეკითხვები დაასახელა, რომელიც მშობელმა ბაღიდან დაბრუნებულ ბავშვს არ უნდა დაუსვას:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი რა ტიპის კითხვას სვამს. მაგალითად, ნეგატიური შინაარსის შეკითხვა: „ხომ არავინ დაგარტყა? ხომ არავინ წაგართვა? საჭმელი შეჭამე? მასწავლებელმა ხომ არ იყვირა?“

თუ ბავშვს სულ ნეგატიურ გამოცდილებებთან ვაბრუნებთ, ცხადია, შფოთვა არის მაღალი. პირიქით, თუ ვეუბნები: „რა მოგეწონა? დახატე დღეს?“ ეს დადებითად მოქმედებს. „რა მოხდა ბაღში?“ - ეს ძალიან დიდი შეკითხვაა. კითხვები კონკრეტული უნდა იყოს. ასეთ კითხვას ის თავიდან აიცილებს, იტყვის, რომ არაფერი მოხდა, ან დაავიწყდა, რა მოხდა. დავსვათ კონკრეტული შეკითხვა: „დახატე? მოგეწონა?“ არ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც არ გამოსდის ბავშვს. ხშირად ეს არის კვება. მაგალითად, „წვნიანი ისევ არ ჭამე ბოლომდე? მე მასწავლებელს ვეტყვი.“ პედაგოგის გააქტიურება მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე არასწორია,“- მოცემულ საკითხზე ნინო ბუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ვასწავლოთ ბავშვს შეცდომის აღიარება?

როგორ ვასწავლოთ ბავშვს შეცდომის აღიარება?

შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს. დედებიც ბავშვებთან ურთიერთობისას ხშირად უშვებენ შეცდომას და საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. ბევრ შეცდომას უშვებენ ბავშვებიც. ისინი თითქმის ყოველდღიურად ავლენენ ნაკლებად მოსაწონ ქცევას, როდესაც იზრდებიან და ვითარდებიან. როდესაც ბავშვი შეცდომას უშვებს, მთავარია, რომ ​მან თავი უფროსებთან კომფორტულად იგრძნოს და შეცდომის აღიარება არ გაუჭირდეს. მშობლებმა შვილებს ყველანაირი პირობა უნდა შეუქმნან იმისთვის, რომ მათ საკუთარ შეცდომებზე ღიად ისაუბრონ.

რატომ არის ასეთი რთული იმის აღიარება, რომ რაღაც გვეშლება? მშობლები ბავშვებს შეცდომებზე ღიად მიუთითებენ და მათ ხმამაღლა ადანაშაულებენ. ბავშვები კი პასუხისგმებლობის არიდებას ცდილობენ. ეს ნორმალური რეაქციაა, რადგან ადამიანი გაურბის ღიად საუბარს იმაზე, რომ მას რაღაც შეეშალა. ბავშვები აწმყოში ცხოვრობენ. ისინი დაშვებულ შეცდომას სწრაფად ივიწყებენ და მასზე რეფლექსია უჭირთ.

ბავშვმა რომ შეცდომის აღიარება ისწავლოს, მას ​მშობლისგან სათანადო მოდელი უნდა ჰქონდეს. ბავშვები ყველაფერს აკვირდებიან. ისინი ხედავენ, რომ დედა მათთან მიმართებაში ზოგჯერ შეცდომას უშვებს, თუმცა ამას არ აღირებს. თუ ბავშვი ხედავს, რომ დედამ დაშვებული შეცდომა აღიარა, ის თავს კომფორტულად გრძნობს. ეს მაშინაც ასეა, როდესაც დედა უმიზეზოდ გაუბრაზდა ბავშვს და ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა მის მიმართ.

ბავშვებს შეცდომის აღიარება ხშირად აშინებთ კიდეც, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ ზედმეტ პრობლემებს შეუქმნის. როდესაც ბავშვის შეცდომაზე საუბრობთ, სიმკაცრეს ნუ გამოიჩენთ. ამგვარად ის მიხვდება, რომ საკუთარი შეცდომის აღიარებაში საშიში არაფერია და ამაზე დედასთან მშვიდად ლაპარაკი შესაძლებელია.

ბავშვი გულახდილობას თუ გამოიჩენს და შეცდომას აღიარებს, ნაცვლად იმისა, რომ მას მკაცრად ესაუბროთ, გულწრფელობისთვის შეაქეთ. ბავშვს უთხარით, რომ მისი სიმამაცე დასაფასებელია და შეცდომის აღიარება კარგი საქციელია. ამის შემდგომ კი ​აუხსენით, თუ რატომ იყო მისი ქცევა მიუღებელი და რა გაკვეთილი უნდა მიიღოს დაშვებული შეცდომისგან. ბავშვთან ერთად განიხილეთ, რა უნდა გაეკეთებინა მას სხვაგვარად. ბავშვს თქვენი იდეები არ შესთავაზოთ. ეცადეთ, რომ საუბრით ის სწორ პასუხამდე მიიყვანოთ. გახსოვდეთ, შეცდომები სწავლისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით


წაიკითხეთ სრულად