Baby Bag

„თუ შვილებთან ურთიერთობა ვერ ხერხდება, დანარჩენ ცხოვრებისეულ კეთილდღეობას ფასი ეკარგება“ - თეა გოგოტიშვილი

„თუ შვილებთან ურთიერთობა ვერ ხერხდება, დანარჩენ ცხოვრებისეულ კეთილდღეობას ფასი ეკარგება“ - თეა გოგოტიშვილი

როგორი უნდა იყოს მშობლების დამოკიდებულება შვილების მიმართ, როგორ მოვიქცეთ, რომ მოგვისმინონ და მოვუსმინოთ, რატომ იკარგება კავშირი მშობელსა და შვილს შორის? - ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ფსიქოლოგიის დოქტორი, ევროპაში აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი, პროფესორი თეა გოგოტიშვილი გვესაუბრა.

- ქალბატონო თეა, დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე, აღზრდის სტილზე. როგორი უნდა იყოს მშობლების დამოკიდებულება შვილების მიმართ, აღზრდის რომელი მეთოდია გამართლებული?

- შვილებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილია. თუ შვილებთან ურთიერთობა ვერ ხერხდება, დანარჩენ ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან კეთილდღეობას ფასი ეკარგება. ფსიქოლოგიაში დაყოფილი გვაქვს ასაკობრივი სტადიები, როგორც პიროვნების განვითარების ეტაპები, რომელთაც აქვთ თავისი ასაკობრივი განვითარების მახასიათებლები, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები, არ მოვახდენ დეტალიზაციას, შევეცდები მთვარ საკითხებზე გავამახვილო ყურადღება. რა გავითვალისწინოთ შვილებთან ურთიერთობაში, რომ შინაგანად ვიყოთ კომფორტში და ჩვენს შვილებს მაქსიმალურად სარგებელი მოვუტანოთ ამ ჰარმონიული ურთიერთობით. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს შვილების მიმართ ისეთი დამოკიდებულებები, რომლებიც კვლევებით არის დადასტურებული, როგორც მანკიერი, პიროვნული განვითარების დამაბრკოლებელი აღზრდის სტილები: 1. ჰიპერმეურვეობის, ანუ ზემზრუნველობის; 2. ინდიფერენტული და 3. ავტორიტარული

ჰიპერმეურვეობის, ანუ ზემზრუნველობის აღზრდის სტილი საქართველოში ფართოდაა გავრცელებული. ხშირად ეს მშობლობის საუკეთესო გამოვლინებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი, მსგავსი ქცევა სრულ პიროვნულ და ფსიქოლოგიურ „ინვალიდიზაციას“ იწვევს. რაც ნიშნავს, რომ ადამიანი უსუსური, გამოუსადეგარი ხდება, როდესაც ის იზრდება მშობლის მუდმივი მფარველობის, ნებისმიერი მისი სურვილის თუ ინიციატივის საკუთარ თავზე აღების პირობებში. მშობელს უნდა ესმოდეს, რომ შვილს გამზადებული თევზი კი არ უნდა მიუტანოს ლარნაგზე მირთმეული, არამედ თევზის ჭერა უნდა ასწავლოს. ეს მეტაფორა გულისხმობს, ბავშვის ინიციატივების მხარდაჭერას, დამოუკიდებელი აქტივობების ხელშეწყობას და პირადი მაგალითების მიცემას.

ინდიფერენტული, „სულერთია“ დამოკიდებულება სითბოსა და სიყვარულს უქმნის დეფიტს. უსიყვარულოდ გაზრდილი ბავშვები პრობლემურ ადამიანებად ყალიბდებიან.
ავტორიტარული აღზრდის სტილი გულისხმობს იმპერატიულ-მბრძანებლურს, დაქვემდებარებულ დამოკიდებულებას, სახელმწიფოს მართვაშიც ხდება იგივე, მორჩილებაზე და დასჯაზე ორიენტირებული მიდგომებით ხელმძღვანელობა, რომელიც სავალალო შედეგს იძლევა. აღმოჩნდა, რომ ასეთი მიდგომა ბავშვებში ინტელექტუალურ განვითარებას უშლის ხელს და გარკვეულ დეგრადაციასაც კი იწვევს.
მშობელი, პირველ რიგში, უნდა იყოს გამგები, თანამგრძნობი, ფსიქოლოგიაში ამას ემპათიას უწოდებენ. რაც არ უნდა შეცდომებს უშვებდეს შვილი, ვეცადოთ გავუგოთ. თუ არ ვეთანხმებით, ჩვენი პოზიცია გავუზიაროთ თავსმოუხვევლად, რბილად და ვეცადოთ დავანახოთ თავისი ინტერესი. ავუხსნათ, რასაც ვთავაზობთ, რით არის მისთვის მიზანშეწონილი და ყოველთვის შევთავაზოთ ამის გააზრება, არ ვიყოთ დაჟინებით ამის მომთხოვნი, რადგან ხშირად ეს უკუშედეგს იძლევა. გულთბილი დამოკიდებულება მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, იქცევა თუ არა თუ შვილი სწორად.

- როგორც აღნიშნეთ, მაგალითის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე რომ გავამახვილოთ ყურადღება. ხშირად მშობელი შვილს ერთს ასწავლის და საქციელით მეორეს აჩვენებს, ეს როგორ მოქმედებს ბავშვზე?

- სამწუხაროდ, ასეთი მიდგომები არ მუშაობს. მაგალითად, მშობელი თავად მოიხმარს თამბაქოს და შვილს უკითხავს ლექციას თემაზე, რა მავნეა სიგარეტის მოწევა. ან მაგალითად, ჭარბად იღებს ალკოჰოლს და ჯანსაღი ცხოვრების წესზე უქადაგებს საკუთარ შვილს. ასევე ცუდად მოქმედებს, როცა გახლეჩილია ოჯახში ღირებულებები, კონფლიქტური, ურთიერთდაპირისპირებული სისტემებია, მაგალითად, ერთი მშობელი გამრჯე, მშრომელია, მეორე - მის კმაყოფაზეა. ასეთ დროს ბავშვი აკვირდება მშობლების მაგალითებს, ითვისებს იოლით გზით სიარულის მეთოდებს. ნაკლებად აიგივებს თავს მიზანდასახულ, მშრომელ მშობელთან, რითაც ცდილობს „კომფორტის ზონაში“ დარჩენას.

- კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე რომ ვისაუბროთ - ხშირად მშობელსა და შვილს შორის კავშირი იკარგება, თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, ვერ უგებენ ერთმანეთს. როგორ მოვიქცეთ, რომ შვილმა მოგვისმინოს და გაგვიზიაროს თავისი პირადი ცხოვრების დეტალები?

- ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელი, ღია ურთიერთობა. ეს თავიდან აგვაცილებს იმ დისტანციას და ხიდჩატეხილობას, რომელიც მშობელსა და შვილებს შორის, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში არის ხოლმე. მათ შორის, როდესაც მშობლები შორს იმყოფებიან (საზღვარგარეთ) შვილებისგან, გვაქვს ონლაინ ურთიერთობის საშუალებები, შეგვიძლია შვილებთან გვქონდეს ინტენსიური კონტაქტი, არა ჭკუის დამრიგებლური, რომ მუდმივად ვუქადაგებდეთ რა არის სწორი და კარგი, არამედ ვუყვებოდეთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჩვენს გულისტკივილზე, მისთვის შესაბამის ენაზე ასაკიდან გამომდინარე და მოზარდი თვითონაც დაიწყებს ასევე თავის ყოველდღიურ პირად საკითხებზე მშობელთან საუბარს. 

ასევე მთავარია, რასაც ვფიქრობთ და ვგრძნობთ, იმის გამოხატვაში ვიყოთ გულწრფელი. თუ ერთს ვფიქრობთ, მეორეს ვაკეთებთ და მესამეს ვამბობთ, ეს თვალთმაქცობა, სიყალბე ადვილად იგრძნობა, მით უმეტეს, ახლო ადამიანების მიერ. სამწუხაროდ, მათ შორის, კეთილი ზრახვებით განხორციელებული ყალბი თუ ტყუილზე დამყარებული ურთიერთობა მხოლოდ ცუდ შედეგებს მოგვიტანს. ამიტომ გაგება, წრფელი, გულთბილი დამოკიდებულება იძლევა წინაპირობას, რომ ჩვენი შვილებიც ასე იყვნენ ჩვენ მიმართ.

ყოველთვის ეცადეთ „რბილი“ ფორმით გამოხატოთ თქვენი თვალსაზრისი, განსაკუთრებით ის, რომელიც მისთვის განსხვავებულია. მაგალითად, შენ როგორ ფიქრობ? ხომ არ აჯობებს? იქნებ? - ამ კითხვების დასმა შვილს  მისცემს საშუალებას, რომ გაიაზროს ესა თუ ის საკითხი, თქვენ კი შესაძლებლობას - მოისმინოთ მათი აზრი. ეს შესაძლოა, კარგი პრაქტიკული ხელსაწყო გახდეს ამ ურთიერთობისა და დიალოგის გააქტიურებაში.
ესაუბრა ლანა ბიბილურიძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

„ადამიანები, რომლებსაც ეს სიმპტომები აქვთ, ხშირად მიდიან სხვადასხვა ექიმთან და უამრავ გამოკვლევას იტარებენ,“ - ფსიქიატრი ეკა ჭყონია

ფსიქიატრმა ეკა ჭყონიამ შფოთვითი აშლილობებისთვის დამახასიათებელი სომატური ჩივილები დაასახელა:

„შფოთვითი აშლილობები დიდ უმრავლესობაში ვლინდება სომატური ჩივილებით. ეს ადამიანები ხშირად თვლიან, რომ აქვთ მძიმე სომატური მდგომარეობა. მათ აქვთ მოხრჩობის შეგრძნება, გულის ფრიალი, აჩქარება, რიტმის ცვალებადობა, წნევის ცვალებადობა, ტემპერატურის ცვალებადობა, ტრემორი, წამოწითლება, ოფლიანობა, ძლიერი დაჭიმულობა. ეს დაძაბულობა არის გახანგრძლივებული. მთელი ტანი შეიძლება გტკიოდეს. გარდა ამისა, ამ შიშზე იწყებ გახშირებულ სუნთქვას. ეს ზედაპირული სუნთქვაა, თითქოს ცარიელი გაქვს თავი, თავბრუსხვევის შეგრძნებაა, თითქოს სადაცაა გული წაგივა. ზოგჯერ შეიძლება ეს მდგომარეობა გახანგრძლივდეს. ადამიანი, რომელსაც ეს სიმპტომები აქვს, ხშირად მიდის სხვადასხვა ექიმთან.

ეს ადამიანები დადიან სხვადასხვა ექიმთან, ფინანსურადაც დიდი ტვირთია. უამრავ გამოკვლევას იტარებენ, სანამ მიხვდებიან, რომ შფოთვითი მდგომარეობაა. არის კულტურები, სადაც თუ არ არის ფიზიკური პრობლემა, მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემა არ არის. ხშირად გამიგია, რომ ამბობენ: „აიყვანე თავი ხელში.“ შფოთვაც სამედიცინო პრობლემაა. ესეც არის დაავადება, რომელსაც სჭირდება შესაბამისი მიხედვა,“ - მოცემულ საკითხზე ეკა ჭყონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ამ შაბათ-კვირას“ ისაუბრა.

წყარო: ​„ამ შაბათ-კვირას“

წაიკითხეთ სრულად