Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაუგებარი ფენომენია, რას ნიშნავს „ნერვიული“ ბავშვი... ეს არის გამოგონილი ტერმინი,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვების მისამართით ხშირად გამოყენებული ტერმინის „ნერვიული ბავშვი“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უფროსების მიერ გამოგონილი ტერმინია, რათა ბავშვის ქცევას ნეგატიური შეფასება მისცენ:

„ასეთი ტერმინი არ არსებობს. ეს არის გამოგონილი ტერმინი, რომ მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ქცევას და იმას დავარქვათ ნეგატიური შეფასება. „ნერვიული“ იმას ნიშნავს, რომ მას უნდა მივხედოთ რაღაც ფორმით. სინამდვილეში გაუგებარი ფენომენია, რას ნიშნავს „ნერვიული.“ თუ ბავშვი რეაგირებს რაღაც აკრძალვაზე, ჩავიხედოთ საკუთარ გონებაში. ნებისმიერი ჩვენგანი აკრძალვაზე ვრეაგირებთ. ეს არის თავდაცვა.

ნებისმიერი აკრძალვა, შენიშვნა, მითითება, ბრძანება - ეს ხომ ზეწოლის ფენომენია?! ამაზე ჩვენ თავს ვიცავთ, მაგრამ როგორც კი ბავშვი ამაზე თავს იცავს და რეაგირებს, იმას ვარქმევთ „ნერვიულს.“ ეს მსუბუქი ფორმაა, თორემ მერე არის ჯიუტი, გაუგონარი, დაუჯერებელი და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ მიერ მოგონილია, რომ მივცეთ შეფასება ბავშვის არასწორ ქმედებას.

მოდით, ბავშვების თვალებიდან გამოვიხედოთ და მაშინ სხვანაირად გამოჩნდება ყველაფერი. თუ მშობლებში არის მაღალი შფოთვა, ეს ბავშვებზე კი არ გადადის, ბავშვი უყურებს შფოთვითი ქცევის მოდელს და იმახსოვრებს ამას. მიბაძვა და მოდელირება ფიზიოლოგიური დასწავლის ერთ-ერთი ვარიანტია. ამას აკეთებს ნებისმიერი არსება, რომელიც უყურებს დედას, როგორ იქცევა და იმეორებს. ჩვენი შვილები ბაძავენ ჩვენს ქცევას, უბრალოდ ჩვენ არ გვახსოვს 3 თვის წინ რა ვთქვით. ბავშვს აბსოლუტურად დეტალები ახსოვს. ის დაწვრილებით მოგიყვებათ სად რა იდო და როგორ იდო,“ - მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად