Baby Bag

„ეს საზღვრები თუ არ დაიცავი, ყველაფერი დაგანგრევს: სხვისი ცუდი ამბავიც და წუწუნიც,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ხშირად მოწუწუნე ადამიანების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წუწუნი გარკვეული როლია, რომელსაც ადამიანი ირგებს:

„ეს წუწუნი არის როლი. ​ჩვენ ხომ სოციალური როლები გვაქვს. ვთქვათ ბრძენის როლში ვარ და მინდა, რომ ყველამ მე მკითხოს ჭკუა, ვთქვათ დედა ტერეზასავით საყოველთაო დედა ვარ ან რაღაცის დირექტორი ვარ და ამიტომ, ყველას დირექტორი ვხდები. ეს როლი თეატრალური როლი კი არ არის, სოციალური როლია. ეს წუწუნი არის გაყინული გრიმასა სახეზე. ადამიანი რომ გხვდება და სულ მოწყენილი სახით რომ არის. ეს გაეყინა სახეზე და ამ როლიდან ვერ გამოდის. ტანჯულია, ბედი არ აქვს, მას არაფერი არ გამოსდის. ადამიანი საკუთარ თავს უკეთებს ამ სათაურებს.“

მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ცხოვრებას ნეგატიურად უყურებს, სიხარულს კარგავს:

„რომ იფიქრებ, რომ ხარ უბედური, არაფერი არ გამოგდის, ფული არ გაქვს, საჭმელი არ გაქვს, ამ შემთხვევაში სიხარული საიდან იქნება?! ​ბუნებრივია, სიხარულსაც კარგავს ადამიანი. ადამიანს სჭირდება, რომ სიტყვებს შორის დაიჭიროს, რომ ცოცხალია, რომ ჯანმრთელია, რომ ხელები და ფეხები აქვს, სახლი აქვს და კარი აქვს. აქედან რომ შეხედოს თავის ცხოვრებას, ნამდვილად სიხარული გაუჩნდება, მადლიერება მაინც, რომ თურმე არც ისე ცუდად არის საქმე.“

მარინა კაჭარავას თქმით, მთავარია, რომ ურთიერთობაში ადამიანებმა საზღვრები დაიცვან და ერთმანეთის სივრცეში არ შეიჭრან:

​წუწუნა ადამიანი ჩემს გარშემოც ბევრია. მე პირადად არ მაწუხებს, რომ ის წუწუნებს. მგონი, თვითონ წუხდება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საზღვრები დავიცვათ. ეს საზღვრები თუ არ დაიცავი, ყველაფერი დაგანგრევს: სხვისი ცუდი ამბავიც და წუწუნიც. არც მე უნდა შევიჭრა სხვის საზღვრებში და არც სხვა უნდა შემოიჭრას ჩემს საზღვრებში. როგორც მე არ უნდა მოვიდე და არ უნდა დაგილაგოთ სახლი და ცხოვრება, ასევე მე არ უნდა მოგცეთ ამის საშუალება.“

„შეიძლება ზოგს კარგად აქვს წუწუნი დაცდილი. არის ეს მომენტიც: რომ ვწუწუნებ, მერე კარგად გამომდის საქმე. რამდენი ვთქვი, რომ კარგად არის, იმდენი ცუდად მოხდა." ესეც კოგნიტური შეცდომაა. ორ ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენას შორის ხიდი გავდე. ​როდესაც ადამიანი წუწუნებს, მას რაღაც აკლია და ამის კომპენსაციას ახდენს. ჩვენ არ მოგვეთხოვება ფსიქოთერაპევტობა ურთიერთობებში,“ - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

„არ იწუწუნოთ არასდროს, რომ ავად ვარო, არ დამორჩილდეთ ავადმყოფობას,“ - შალვა ამონაშვილი
​აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და თავის მოვლასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს. მისი თქმით, მთავარია, ადამიანს არ ეშინოდეს:„ჩემი ამბავი მინდა გიამბოთ. ცხ...

შეიძლება დაინტერესდეთ

​რა როლს თამაშობს ემოციური ინტელექტი ბავშვის განვითარებაში?

​რა როლს თამაშობს ემოციური ინტელექტი ბავშვის განვითარებაში?

რა როლს თამაშობს ემოციური ინტელექტი ბავშვის განვითარებაში და როგორ ჩამოვუყალიბოთ? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ტრენერი/სპიკერი, ქცევითი თერაპევტი, ნინი ბრეგვაძე.

- ზოგადად, რა არის ემოციური ინტელექტი და რა ძირითადი კომპონენტებისგან შედგება?
- მარტივად რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი (EQ) არის ადამიანის უნარი, რომელიც მას ეხმარება, ამოიცნოს საკუთარი და სხვისი ემოციები/ გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. EQ ადამიანს ეხმარება ზუსტად განსაზღვროს, რას განიცდის, რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში და ამის მიხედვით განსაზღვროს თითოეული გადაწყვეტილების მართებულობა, თანხვედრა საკუთარ ინტერესებთან. ითვლება, რომ მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები არიან უფრო მეტად წარმატებულნი, რეალიზებულნი, მოტივირებულნი, აქვთ ცხოვრებით ტკბობის, თვითკონტროლის, თვითპატივისცემის უნარი, გუნდური მუშაობის, ლიდერობის და ა.შ. უნარები, განიცდიან შინაგან ჰარმონიას, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს ჯანსაღ ურთიერთობებს. საკუთარ სხეულში მიმდინარე შეგრძნებებზე დაკვირვებით და სხვების მიმართ ემპათიური დამოკიდებულების მეშვეობით ხშირად იღებენ მართებულ გადაწყვეტილებებს.
ემოციური ინტელექტი მოიცავს 5 ძირითად უნარს:
1. თვითშემეცნება - ანუ ადამიანი აცნობიერებს საკუთარ განცდებს, რაც მას ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებასა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში;
2. თვითრეგულაცია - ეს არის ადამიანის მიერ საკუთარი ემოციების მართვის უნარი, სტრესული სიტუაციების დაძლევის, იმედგაცრუებისა და მარცხის გადატანის უნარი. მის განვითარებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, რასაც ქვემოთ განვიხილავთ;
3. თვითმოტივაცია - აქ იგულისხმება, მიზნის მიღწევისთვის ინიციატივის საკუთარ თავზე აღების უნარი. მას არ სჭირდება ვინმე, ვინც უბიძგებს ან მის ნაცვლად შეასრულებს რაიმე საქმეს, თვითონ შეუძლია საკუთარი თავის მოტივირება, აქვს განსაზღვრული მიზანი;
4. ემპათია - იგივე თანაგანცდა ანუ სხვა ადამიანის გაგების, მიღების უნარი. მაღალი EQ-ს მქონე პიროვნებას შეუძლია სხვა ადამიანი მიიღოს ისეთი, როგორიც არის, შეუძლია „სხვის ტყავში“ საკუთარი თავის ჩაყენება და იმ ადამიანის თვალით მისივე სირთულეების დანახვა, ანუ შეუძლია დეცენტრაცია;
5. სოციალური უნარები - აქ ერთიანდება სიტუაციების ზუსტად აღქმისა და ურთიერთობების წარმართვის უნარი, ურთიერთობის დროს ზომიერების დაცვის, სხვების ადვილად დაყოლიების, მოლაპარაკების, დისკუსიების წარმართვის, ურთიერთთანამშრომლობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.
- რა რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს, როგორ განუვითარონ შვილებს ემოციური ინტელექტი?
- რაც შეეხება EQ-ს განვითარებას, ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, ბავშვის განვითარების ცალკეულ ეტაპზე სხვადასხვა დილემის გადალახვა უწევთ მშობელს და ბავშვს. ვეცდები შესაძლებლობის მიხედვით შევეხო ძირითად საკითხებს.
EQ არის უნარი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება და საკუთარ თავზე მუშაობით შესაძლებელია ამ უნარის გამომუშავება. რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს შეუძლია გარკვეული დონით გამომუშავება, ამ უნარზე გავლენას ახდენს როგორც ბიოლოგიური/თანდაყოლილი ფაქტორები (მაგ. ტემპერამენტი, ხასიათის თავისებურება და ა.შ.), ასევე გარემო ფაქტორები. რთულია თქვა, რომელი უფრო მეტ გავლენას ახდენს, ეს სრულად ინდივიდუალურია.

​ზოგადად ემოციების განვითარება იწყება ძალიან ადრეულ ასაკში/ჩვილობაში და ზოგიერთი მოსაზრებით, ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას. ბავშვი დაბადების წამიდან აღიქვამს დედის ემოციებს, შეუძლია მისი ნებისმიერი მიმიკის, განცდის ამოცნობა და მასზე ადეკვატურად რეაგირება. შესაბამისად, ბავშვის ემოციების (EQ-ს) განვითარებაზე დიდი გავლენას ახდენს მშობელი. სანამ ბავშვი დედის მუცელშია, იგი არ არის დამოუკიდებელი არსება, დედის ორგანიზმის ნაწილია, დაბადება კი მხოლოდ ფიზიკურ დამოუკიდებლობას ანიჭებს, ფსიქოლოგიურად მან ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს და აითვისოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. შესაბამისად, დედის დადებითი მაგალითი გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვის ემოციურ განვითარებაში.

​უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვი დაბადებიდან გამოხატავს ემოციებს, მაგალითად, სასიამოვნო სტიმულების დროს იცინის, ხოლო უსიამოვნებას ტირილით გამოხატავს. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორ რეაგირებს ამაზე მშობელი, თრგუნავს ამ გამოვლინებებს, თუ იღებს და აკმაყოფილებს მათ. ეტაპობრივად ბავშვი სწავლობს ემოციებით მანიპულირებას. ხვდება, რომ როდესაც ტირის, ამაზე რეაგირებს დედა, როდესაც იცინის, განსაკუთრებით რეაგირებს მამა ან პირიქით და იწყებს შესაბამის მანიპულაციებს.

​ვიცით, რომ მუცლადყოფნიდან მოზარდობის ხანამდე იგი გარკვეულწილად თავის აღმზრდელთან არის შერწყმული და იქცევა როგორც მისი გარშემო მყოფი ადამიანებისთვის არის მისაღები. ხშირად ბავშვის მიერ გარკვეული ემოციების გამოხატვა ითვლება მიუღებლად და ითრგუნება. ბავშვი წყვეტს გარკვეული ემოციების გამოვლენას და ახშობს საკუთარ თავში, თვლის, რომ ეს არ შეიძლება, ან თუ მაინც თავს ვერ შეიკავებს და გამოხატავს, ჩნდება დანაშაულის განცდა. ჯანსაღ გარემოში უნდა ხდებოდეს ბავშვის ნებისმიერი ადეკვატური ემოციის გამოხატვის მიღება და წახალისება. თუმცა ჩვენს საზოგადოებაში მიღებული იყო ტენდენცია, რომ „ბიჭები არ ტირიან“, „ვაჟკაცები არ გამოხატავენ ემოციებს, ისინი მუდამ ძლიერები უნდა იყვნენ“, არ შეიძლება ყვირილი და უარყოფითი ემოციების გამოხატვა, გოგონა უნდა იყოს ნაზი და მშვიდი, არ შეიძლება ყვირილი და სხვა მრავალი.

​მდგომარეობას ართულებს გოგონების და ბიჭების ფერების (ვარდისფერი/ ცისფერი), სათამაშოების დაყოფა. ეს ყველაფერი თრგუნავს მათ ინტერესებს და ვერ კმაყოფილდება მათი უმნიშვნელოვანესი ცნობისმოყვარეობის უნარი, რომელიც ავითარებს ემოციურადაც და ეხმარებათ ყველა კუთხით შეისწავლონ სამყარო. არის სხვა აკრძალვებიც, რომლებიც კიდევ უფრო აუცხოვებს ბავშვს საკუთარი სხეულის და შესაბამისად, მასში მიმდინარე პროცესებისგან (განცდები, ემოციები, სხეულებრივი შეგრძნებები). მშობლები ბავშვს განვითარების გარკვეულ ეტაპზე, მაშინ, როდესაც იწყებენ საკუთარი სხეულის შესწავლას, უკრძალავენ სხეულის გარკვეულ ნაწილებთან შეხებას, გარემოში გარკვეულ მოვლენებზე დაკვირვებას, მათით დაინტერესებას, მაგალითად, ხშირად მსმენია „რას მიშტერებიხარ, გამოიხედე აქეთ“, „არ შეიძლება მაგაზე შეხება“ და ა.შ. ბავშვები ამ შეხებით, დაკვირვებებით იცნობენ საკუთარ თავს და გარემოს. აკრძალვებით კი უცხოვდება საკუთარი სხეულისა და შეგრძნებებისგან. კეტავს გარკვეულ ემოციებს, გრძნობებს, მოთხოვნილებებს, რომლებიც ჩნდება და აღარ გამოხატავს მას იმის გამო, რომ მიუღებელია, ისჯება. უფრო მეტიც, ზრდასრულობაში საკუთარ თავსაც კი აღარ უმხელს, ჩნდება შინაგანი დისჰარმონია და სირთულეები ურთიერთობებში.
უფრო ნათელი რომ იყოს, რა გარე ფაქტორები ახდენენ გავლენას ადამიანის ემოციებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე და რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა თითოეულ ეტაპზე, მოკლედ განვიხილოთ ერიქსონის „ბავშვის განვითარების სტადიები“:
• 0-1 წლამდე - ეს არის ნდობა-უნდობლობის ჩამოყალიბების სტადია. ბავშვს დაბადებიდან ექმნება გარემოსადმი ნდობის ან უნდობლობის განწყობა. ეს დამოკიდებულია მშობელზე. თუ დედა ყურადღებიანია და უკმაყოფილებს ბავშვს სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, ზრუნავს მასზე და გამოხატავს სიყვარულს, მაშინ ბავშვს უყალიბდება სამყაროს მიმართ ნდობა და პირიქით თუ დედა აიგნორებს ბავშვის მოთხოვნილებებს, გულგრილი და უყურადღებოა, მაშინ ბავშვს უჩნდება შიში და შფოთვა, უჩნდება განცდა, რომ სამყარო საშიშია და საჭიროა თავდაცვა. შესაბამისად, უყალიბდება გარემოს მიმართ უნდობლობა, რაც ზრდასრულობაშიც იჩენს თავს. თუ ამ სტადიამ მშვიდად ჩაიარა, ბავშვს აქვს ნდობის განცდა და ემოციების ადეკვატურად გამოხატვის უნარი.
• 2-3 წლის ასაკი - ეს არის დამოუკიდებლობა ან გაუბედავობის სტადია. ამ საფეხურზე ჩნდება/ წამყვანია კუნთური აქტივობის მოთხოვნილება, მოძრაობა, თამაში, აქტიურობა და რაც მთავარია ყალიბდება ე.წ. ტუალეტის ჩვევა, რაც პირდაპირ კავშირშია კუნთურ აქტივობასთან. თუ მშობლები წაახალისებენ და შეაქებენ ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბების პროცესს, თამაშს, მაშინ ბავშვს უყალიბდება დამოუკიდებლობის განცდა, ხოლო თუ ტუალეტის ჩვევის პროცესში მშობლების შეფასებების და დამოკიდებულების გამო ბავშვს ექმნება დისკომფორტი ან უხერხულობის განცდა, დათრგუნულია ფიზიკური აქტივობა, თამაში და ა.შ. მაშინ მის მიერ სამყარო კვლავ საშიშად აღიქმება და ხდება გაუბედავი, მორცხვი და სხვაზე დამოკიდებული. არ არის თავისუფალი ემოციების, გრძნობების გამოვლენაში.
• 4-5 წლის ასაკი - არის ინიციატივის ან დანაშაულის გრძნობის ჩამოყალიბების სტადია. ეს არის სკოლამდელი ასაკის პერიოდი. ამ დროს ბავშვი მეტად მოძრავი ხდება და წინა პლანზე გადმოდის თამაში. იმკვიდრებს თავს, შეისწავლის სამყაროს და მუდმივად სვამს შეკითხვას „რატომ?“ ამ პერიოდში მისი ცნობისმოყვარეობა ზენიტშია, ცდილობს გაერკვეს სამყაროში და თან თავიც დაიმკვიდროს, რადგან 3 წლის ასაკიდან უკვე გაჩნდა მისი „მე“. ამ ეტაპზე ჩნდება სინდისი, რაც მას ბევრ რამეში აფერხებს. თუ ბავშვის ინიციატივები, შეკითხვები და მიზნისკენ სწრაფვა წახალისებული და მიღებულია, მაშინ ყალიბდება ინიციატივურობა, ბავშვი გამბედავია გადაწყვეტილების მიღებისას, მიზნისკენ სწრაფვისკენ და პირიქით, თუ იგნორირება მისი ინიციატივები, ცნობისმოყვარეობა დასჯა/აკრძალვებით ითრგუნება, მაშინ ჩნდება ბრალეულობის განცდა, მაგალითად, „დედა რომ გაბრაზდა ჩემი ბრალია“, „მე ცუდი გოგო/ბიჭი ვარ“ და ა.შ. რაც ასევე თრგუნავს და კეტავს მისი ემოციების თავისუფლად გამოვლინებაა და საკუთარი ემოციების სწორად შეფასებას.
• 6-11 წლის ასაკი - ეს არის შრომისმოყვარეობისა ან არასრულფასოვნების ჩამოყალიბების სტადია. პერიოდი, როდესაც ბავშვი ოჯახიდან ინაცვლებს საზოგადოებაში, ამ დროს წამყვანი ხდება მასწავლებლის შეფასება და მშობლის მხარდაჭერა. წინა პლანზე გადმოდის სწავლა. თუ ბავშვის მიღწევები წახალისებულია და მხარს უჭერს მშობელი, მაშინ ყალიბდება შრომისმოყვარეობა, ის იჯერებს საკუთარ შესაძლებლობებს. ამ დროს უმნიშვნელოვანესია მშობელმა გაიზიაროს და შენიშნოს მისი მიღწევებით გამოწვეული აღფრთოვანება, დაინტერესდეს სკოლაში მომხდარი ამბებით, უნდა გახდეს მისი მიღწევების თანამონაწილე და წარმატება ერთად გაუზიარონ სხვებს. თუ ეს ყველაფერი ითრგუნება, მაშინ ბავშვში იღვიძებს არასრულფასოვნების განცდა, რის გამოც ნაკლებად გამოხატავს და გაიზიარებს სხვების ემოციებს.
• 12-18 წლის ასაკი - ეს არის იდენტურობის პოვნა ან როლების აღრევის სტადია, იგივე სქესობრივი მომწიფების ეტაპი. აქ წამყვანი ხდება თანატოლებთან ურთიერთობა და მათთან ურთიერთობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. იბრძვის სიყვარულისა და ავტორიტეტის მოპოვებისთვის. აქ მნიშვნელოვანია საკუთარი იდენტობის პოვნა. მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის დახმარება სიყვარულის მოთხოვნილების გამოხატვაში, იყოს მიღებული მათ მიერ და გრძნობდეს მხარდაჭერას. ამ დროს თუ მშობელი/მასწავლებელი ახდენს უარყოფით გავლენას, თრგუნავს, მაშინ ყალიბდება არაადეკვატური შეხედულება საკუთარ თავზე და ვერ ახდენს პიროვნულ იდენტიფიკაციას. ფსიქოლოგები მოზარდობის ასაკს ხშირად „შფოთვის ასაკსაც“ უწოდებენ, რადგან ამ დროს ბევრი რამის ცვლილება ხდება (მოზარდის ერთ- ერთ მნიშვნელოვან ამოცანას შეცვლილ სხეულთან შეგუება წარმოადგენს). უჩნდება მისწრაფება, რომ ოჯახის გავლენისგან გამოვიდეს, მოიპოვოს დამოუკიდებლობა. მოზარდები გამძაფრებულად რეაგირებენ ყველა მოვლენაზე, არიან ადვილად ფეთქებადები და ამავდროულად ძალიან მგრძნობიარენი, სწორედ ამიტომაა აუცილებელი ამ ასაკის ბავშვთან მშობლის სიფრთხილე, შეხედოს ცხოვრებას შვილის თვალით, მიიღოს ის და მისცეს ზომიერი თავისუფალება. ეს აუცილებელია, რათა არ მოხდეს მისი ემოციების დათრგუნვა და ჩაკეტვა. თუ ეს ეტაპი ჯანსაღად გადაილახა, მთავრდება ბავშვობის ხანა და იწყება ახალგაზრდობა. ცხოვრების შემდეგ ყველა ეტაპზე გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის განვითარების ცალკეულ ეტაპებზე ჩამოყალიბებული განწყობები, რომლებიც საოცრად მყარია და შემდეგ რთულად იცვლება.
ჯანსაღი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მშობლის გულწრფელი სიყვარული, მიმღებლობა და მის მიერ მიცემული მაგალითი. ადეკვატურად გამოხატავდეს ემოციებს, თუნდაც წყენას. ხშირად მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბავშვი მხოლოდ დადებით ემოციებს უნდა ხედავდეს, ის შვილთან მუდამ ბედნიერი და ენერგიული უნდა იყოს და დამალოს სხვა „უარყოფითი“ ემოციები. თუმცა ბავშვმა უნდა ნახოს, რომ მშობელსაც სწყინს, იღლება, ბრაზობს, სევდიანდება, გამოხატავს ემპათიას სხვების მიმართ.
რჩევის სახით შეიძლება რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:
• დავეხმაროთ ბავშვს საკუთარი თავის შეცნობაში ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით და არა მისი ინტერესების დათრგუნვით. არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ მათ მიერ დასმული შეკითხვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავიანთი ფანტაზიით შეავსებენ ჩვენ მიერ დატოვებულ „ცარიელ ადგილებს“ მცდარი ან ნაწილობრივ მართებული/ყურმოკრული ინფორმაციით;
• მოვუსმინოთ და გავიზიაროთ მათი ემოციები. ვაჩვენოთ, რომ მათ მიერ განცდილი ყველა ემოცია ბუნებრივი და ნორმალურია. ვასწავლოთ მათი მიღება და მართვა. ვასწავლოთ დანაკარგთან შეგუება, მძიმე ემოციების გადახარშვა/გამოვლინება და ა.შ. მისაღებია მაშინაც, როცა იცინის და მაშინაც, როდესაც ტირის;
• ვაჩვენოთ დადებითი მაგალითი ემოციების მართვისა და ამავდროულად წავახალისოთ ბავშვის გულწრფელი ურთიერთობა ოჯახის წევრებსა თუ მეგობრებთან.
• ვიყოთ თანმიმდევრულები და ზომიერად მკაცრები. შევაჩვიოთ ბავშვი მისი ასაკის შესაბამის ყოველდღიურ საქმიანობას. შევასრულოთ ეს საქმე ერთად და დავამატოთ მისი აუცილებლობა.
• მივაქციოთ ყურადღება ბავშვის დამოკიდებულებას განსხვავებული ემოციების მიმართ და წავახალისოთ განსხვავების მიმართ შემწყნარებლობა.
• ნუ ვიქნებით აგრესიულები და უსამართლოები.
მუდამ გვახსოვდეს, რომ ბავშვები მიბაძვით სწავლობენ, თუმცა მათაც გააჩნიათ საკუთარი ინტერესები, მოთხოვნილებები, სურვილები. ვამბობთ, რომ ბავშვები დამოკიდებულნი არიან მშობელზე, თუმცა ისინი არ დაბადებულან, როგორც „სუფთა დაფა“, დაიბადნენ საკუთარი სრულიად ბუნებრივი და კანონიერი მოთხოვნილებებით.
ზრდასრულებმაც აუცილებლად უნდა იმუშაონ საკუთარი ემოციების გაცნობიერებაზე და მიღებაზე, სხვაგვარად ვერ მოხდება ბავშვის ჯანსაღი განვითარება. მათაც შეუძლიათ EQ-ს გაუმჯობესება/გავარჯიშება. მთავარია დავაკვირდებთ ჩვენს სხეულში მიმდინარე/აღმოცენებულ შეგრძნებებს. გავაცნობიეროთ, რას ვგრძნობთ სხვადასხვა საქმის კეთებისას, მაგალითად, როდესაც ტრანსპორტში ხართ, უვლით ბავშვს, რეცხავთ, ალაგებთ სახლს, სალონში, ქუჩაში ყოფნისას, დასვით შეკითხვები - „რას ვგრძნობ ახლა?“ „საიდან აღმოცენდა ეს გრძნობა?“ ბრაზისას თუ ბედნიერებისას, კითხეთ საკუთარ თავს - „რეალურად ვისკენ არის მიმართული ეს ემოცია?“ „ნამდვილად იმაზე ვბრაზობ, რომ ბავშვმა სათამაშო გატეხა?“ „რამ გამაღიზიანა ასე ძალიან?“ „რა არის ჩემი ბრაზის ნამდვილი მიზეზი?“ თქვენი ორგანიზმი აუცილებლად გიპასუხებთ ამ შეკითხვებზე. მთავარია შევძლოთ ამ პასუხების მიღება და აღიარება. ეს აუცილებლად კარგად გაავარჯიშებს ჩვენს EQ-ს, დაგვეხმარება საკუთარი თუ სხვა ადამიანების მიღებასა და მათთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
- რა როლი და მნიშვნელობა აქვს ემოციური ინტელექტის განვითარებას ბავშვისთვის? რაში დაეხმარება მომავალში?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები არიან, ბევრად უფრო წარმატებულები, ადეკვატურად აფასებენ რეალობას, აქვთ ცხოვრებით ტკბობის უნარი, ლიდერობის, ურთიერთობების წარმართვის, მოლაპარაკების, თვითპატივისცემის, თვითკონტროლის უნარები, რაც მათ ეხმარებათ იყვნენ უფრო ორგანიზებულნი, ემპათიურნი, მშვიდნი და წარმატებულნი. მაღალი EQ-ს მქონე ადამიანებს ნამდვილად ესმით ურთიერთობების.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად