Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ორსულთა დიდ ნაწილს წამალი საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტის გამოყენება აუცილებელია''

,,ორსულთა დიდ ნაწილს წამალი საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტის გამოყენება აუცილებელია''

რა სახის მედიკამენტრების მიღების დროს ადგება ზიანი ნაყოფს? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მეან-გინეკოლოგი ნინი მამისეიშვილი.

- ორსულობის დროს რამდენად მიზანშეწონილია მედიკამენტების დანიშვნა?

- ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია და უმეტესად გაურთულებლად მიმდინარეობს, ამიტომ ორსულთა დიდ ნაწილს წამალი საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მედიკამენტის გამოყენება აუცილებელია ქალისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. ამ შემთხვევაში ორსულმა კონსულტაცია უნდა გაიაროს პირად ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან, რათა აეხსნას მისი დანიშვნის ან არ დანიშვნის აუცილებლობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი, რომელიც ყველა ორსულომა უნდა მიიღოს ორსულობის დაგეგმამდე 1-3 თვით ადრე და ორსულობის განმავლობაში, არის ფოლიუმის მჟავა. ყველა სხვა მედიკამენტს ექიმი ნიშნავს საჭროებისამებრ.

- რა სახის მედიკამენტრების მიღების დროს ადგება ზიანი ნაყოფს?

  • ორსული ქალის მიერ მიღებული მედიკამენტი ნაყოფის ორგანიზმში, ძირითადად, პლაცენტის გავლით აღწევს, რომელმაც შეიძლება ნაყოფზე იქონიოს სხვადასხვანაირი ზეგავლენა;
  • რა გავლენას მოახდენს წამალინაყოფზე, დამოკიდებულია ორსულობის ვადაზე, მედიკამენტის სიძლიერესა და დოზაზე. აქედან გამომდინარე, US Food and Drug Administration - მა მიიღო მკაცრი წესები ორსულებში მედიკამენტების გამოყენების და შექმნა შემდეგი კლასიფიკაცია:

A კატეგორია: წამლები, რომლებიც უსაფრთხოა და არ იწვევენ უარყოფით ზემოქმედებას ნაყოფზე: ფოლიუმის მჟავა, პარაცეტამოლი, მაგნიუმის სულფატი, ლევოთიროქსინი;

B კატეგორია: ეს წამლები უსაფრთხოა ნაყოფისთვის (ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით): ამოქსიცილინი, ჰეპარინი, ინსულინი, ასპირინი;

C კატეგორია: მედიკამენტები, რომლებზეც გამოვლინდა ცხოველებში ტერატოგენული მოქმედება ან საერთო არ ჩატარებული კვლევები, მაგრამ ამ ჯგუფის პრეპარატები ინიშნება ისეთ შემთხვევებში, როდესაც სარგებელი მეტია, ვიდრე რისკი (იზონიაზიდი, გენტამიცინი, ანტიდეპრესანტები).

D კატეგორია: შესაძლოა სახიფათო იყოს ნაყოფისთვის, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედისთვის (ანტიკონვულსიური მედიკამენტები, დოქსიციკლინი, კანამიცინი, დიკლოფენაკი);

X კატეგორია: დამტკიცენულია, რომ ამ წამლების მიერ ნაყოფისთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს ნებისმიერ მოსალოდნელ სარგერბელს: ნარკოტიკული საშუალებები, ქიმიოთერაპია, ანტიკონვულსანტები (ტრიმეტადიონი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), ვარფარინი, ანდროგენები, ლითიუმი.

- რა რეკომენდაციას გაუწევთ ორსულს მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით?

- ყველა მედიკამენტი ორსულმა უნდა მიიღოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ორსულობასთან დაკავშირებული ჩივილებით უნდა მიმართოს მეან - გინეკოლოგს, სხვა სომატურ დაავადებებთან დაკავშირებით შესაბამის სპეციალისტს.

- უნდა დავნიშნოთ თუ არა ჟანგბადის წვეთები?

- ქალების უმეტესობა (60–70%) უჩივის სუნთქვის გაძნელებას ორსულობის, როგორც ადრეულ, ასევე, მოგვიანებით პერიოდში. ეს არ არის საზიანო და არ ახდენს გავლენას ჟანგბადის რაოდენობაზე, რომელსაც ნაყოფი იღებს. ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის საშვილოსნოს ზომაში მატება, რომელიც კომპრესიას ახდენს დიაფრაგმაზე, ფილტვებზე და იწვევს ფიზიოლოგიურად სუნთქვის გაძნელებას. ზოგიერთ ორსულს აღნიშნული პრობლემა ეწყება ორსულობის ადრეულ ვადაზე, ზოგიერთი კი ცვლილებებს მეორე და მესამე ტრიმესტრში ამჩნევს. უჰაერობა მედიკამენტოზურ ჩარევას არ საჭიროებს, საკმარისია სეირნობა სუფთა ჰაერზე.

- თამბაქოს მოხმარება ორსულებში - ამ საკითხზეც რომ ისაბროთ.

- თითქმის ყველამ იცის, რომ მოწევა იწვევს სიმსივნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და სხვა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს. ქალები, რომლებიც ორსულობის დროს ეწევიან, საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას და მუცლად მყოფ ნაყოფს. ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული გართულებებია: ახალშობილის ნაადრევი დაბადება, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა, გარკვეულ თანდაყოლილი პათოლოგიები, ანტენატალური სიკვდილი. ასევე აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კვამლის გარემოცვაში ყოფნაც კი (პასიური მწეველობა) სერიოზულ საფრთხეებს უქმნის ორსულ ქალს და მის ნაყოფს.

თამბაქოსთვის თავის დანებება ორსულებამდე რამდენიმე ხნით ადრე საუკეთესო გამოსავალია რისკების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, დაორსულების შემდეგაც ქალი, რაც უფრო ადრე დაანებებს მოწევას თავს, უფრო მეტად დაიცავს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებისგან საკუთარ თავს და ნაყოფს.

ასევე შევეხები ალკოჰოლის მიღებას ორსულობაში. ორსულობისას ალკოჰოლის მიღება თანდაყოლილი მანკების უპირველესი მიზეზია. უცნობია, ზუსტად რა რაოდენობის სასმელი იწვევს ნაყოფის ალკოჰოლურ სინდრომს, შესაბამისად, ორსულ ქალებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ალკოჰოლის მიღებისგან. კიდევ უფრო უსაფრთხოა, თუ ალკოჰოლს საერთოდ არ მიიღებენ. ორსულობისას მის მიღებას მრავალი სხვადასხვა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. რ არსებობს დადგენილი მინიმალური დოზა ალკოჰოლის, რომელიც უსაფრთხოა ორსულობისას.

ალკოჰოლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომია. მოკლე პერიოდში სულ სამი ულუფა სასმლის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს. ეს პათოლოგია ყოველი ცოცხლადშობილი 1000 ბავშვიდან, დაახლოებით, ორში გვხვდება. სინდრომი მოიცავს ზრდის შეფერხებას დაბადებამდე ან შემდეგ, სახის განვითარების მანკებს, თავის პატარა ზომას (რაც, სავარაუდოდ, ტვინის არასრულფასოვანი ზრდითაა გამოწვეული), გონებრივ ჩამორჩენილობას (შეზღუდულ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს) და ქცევით პათოლოგიებს. უფრო იშვიათად, ასევე, აღინიშნება სახსრების აგებულებისა და ფუნქციონირების მოშლა, გულის მანკები.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად