Baby Bag

7 მარტივი რჩევა მაღალი წნევის პრობლემის მოსაგვარებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

7 მარტივი რჩევა მაღალი წნევის პრობლემის მოსაგვარებლად - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ მაღალი წნევის პრობლემის მოსაგვარებლად 7 მარტივი მეთოდის შესახებ ისაუბრა:

„პირველი რჩევა არის წონის შემცირება. თქვენი სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს 18,5-დან 20 კილოგრამ მეტრ კვადრატამდე. მასის ინდექსის გასაგებად სხეულის წონა უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე. რა რიცხვსაც მიიღებთ, ეს იქნება თქვენი სხეულის მასის ინდექსი. მეორე რჩევა არის, რომ თქვენ უნდა შეზღუდოთ საკვებში ნატრიუმის შემცველობა. ნატრიუმი ყველაზე მეტად გვხვდება მარილში. დღეში მარილი არ უნდა მიიღოთ 6 გრამზე მეტი და 3 გრამზე ნაკლები. სულ უმარილოდაც არ შეიძლება. ნატრიუმის მოშორებაში ჩვენს სხეულს ეხმარება კალიუმით მდიდარი საკვები.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, მაღალი წნევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფიზიკური აქტივობა აუცილებელია:

„მესამე რჩევაა მეტი ფიზიკური აქტივობა. შეეცადეთ, რომ კვირის უმეტეს დღეებში აქტივობა გქონდეთ დღეში ნახევარ საათზე მეტი. ფიზიკური აქტივობის დროს სხეული ტონუსშია და არტერიული წნევის მაჩვენებელი მცირდება. მეოთხე რჩევა არის ჯანსაღი კვების წესების დაცვა. უნდა მიიღოთ მწვანე ჩაი. მწვანე ჩაის ვინც სვამს, მათთან წნევის მაჩვენებლები 4-6 ერთეულით უფრო დაბალია. მეხუთე რჩევაა, მოერიდეთ თამბაქოს და ალკოჰოლს. ამ შემთხვევაში წნევის მაჩვენებელი ოთხი ერთეულით შემცირდება.“

„მეექვსე რჩევაა, რომ მოიწესრიგოთ ძილი. დღეში უნდა გეძინოთ რვა საათი. ეს რვა საათიც უნდა იყოს ხარისხიანი, მყუდრო, ბნელ, გრილ ოთახში. მეშვიდე რჩევაა, რომ მოერიდოთ სტრესს,“- აღნიშნულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა.

წყარო:​ „მთავარი დიაგნოზი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს, სხვა გზა არ მაქვს...“ სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს,“- ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ბავშვთა კვებაში სოსისებისა და ძეხვების გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში:

„ერთი კითხვა მაქვს: საექიმო ძეხვი რა არის? საბავშვო ძეხვი?ძეხვია ხომ ისიც?! ეს არ არის პროდუქტი, რომელიც გამოყენების წინ არის მომზადებული. სოსისთან, ძეხვეულთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან დაკავშირებით რისკი გაცილებით მეტია. „არასეზონური“ ცოტა შეუსაბამო სიტყვაა ამ პროდუქტებისთვის, მაგრამ სიტუაციისთვის ზუსტად მორგებული. ზამთარში შეიძლება ეს პროდუქტები მაგიდაზე გედოთ და პრობლემა არ იყოს.

ეს არის რისკიანი პროდუქტი. ნამდვილად ასეა. სოსისები და ძეხვები რისკია, სოკო, რა თქმა უნდა, რისკია. რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, ამ რისკის ალბათობა უფრო მატულობს. ბავშვებში ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და კატეგორიული აკრძალვა, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პროდუქტები უნდა იყოს თავიდან არიდებული, მიუხედავად ბავშვის სიყვარულისა. ნამდვილად უყვართ და მოსწონთ ბავშვებს ეს პროდუქტები.

ძალიან ბევრი დედა ამბობს: „რა ვქნა, ჩემი შვილი სოსისის მეტს არაფერს არ ჭამს. სხვა გზა არ მაქვს.“ არ არის ასე. სხვა გზა უნდა შესთავაზოთ ბავშვს. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი, რომ სოსისი მიირთვას, მაგრამ თუ თქვენ არჩევანს მისცემთ, ამით დაეხმარებით. ეს არჩევანი უნდა იყოს მრავალფეროვანი,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად