Baby Bag

„კოვიდის გადატანიდან ექვსი თვის განმავლობაში შეიძლება ბავშვს ჰქონდეს სუბფებრილური ტემპერატურა,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„კოვიდის გადატანიდან ექვსი თვის განმავლობაში შეიძლება ბავშვს ჰქონდეს სუბფებრილური ტემპერატურა,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ომიკრონით ინფიცირებულ ბავშვებში ღებინებისა და კუჭ-ნაწლავის გახშირებული მოქმედების სიმპტომის ხშირი გამოვლენის შესახებ ისაუბრა:

„ეს სიმპტომი ძალიან ხშირია და ხშირად ვირუსული ინფექცია ამ სიმპტომით იწყება. ბავშვს ეწყება ღებინება, გახშირებული ნაწლავთა მოქმედება, თავბრუსხვევა. ჯერ ტემპერატურა არ არის. ამიტომ მშობლები მიზეზად თვლიან წინა ან იმავე დღეს მიღებულ საკვებს. გვეუბნებიან, რომ არის კვებითი ინტოქსიკაცია. თუმცა, მეორე დღეს ან რამოდენიმე საათში, შესაძლოა, დაემთხვეს ტემპერატურაც. ეს არის ამ ვირუსული ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომი. ეს სიმპტომი რით არის მნიშვნელოვანი? თუ ბავშვს შეუპოვარი ღებინება აქვს, თუ ბავშვი სითხეს არ იღებს, ის აუცილებლად გადაყვანილი უნდა იყოს კლინიკაში. მთავარია, ბავშვმა არ დაკარგოს ის ძირითადი მიკროელემენტები, რომელიც აუცილებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუ ბავშვს აქვს ღებინება, მაგრამ სითხეებს იღებს, მცირე ულუფებით საკვებს იღებს, ეს ისეთივე სიმპტომია და ისევე გაივლის, როგორც ტემპერატურული რეაქცია, ხველა და ა.შ.“

„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ომიკრონი არ არის გრიპი და გრიპიც არ არის ომიკრონი. ხშირ შემთხვევაში ომიკრონი მიმდინარეობს გრიპის კლინიკური ნიშნების მსგავსად. ძალიან რთულია განასხვავო, ეს არის ომიკრონი თუ გრიპის ვირუსი, თუ არ არის ტესტირება ჩატარებული. ბავშვთა ასაკში გრიპის მიმდინარეობა არც ისე მარტივია. ომიკრონის შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით რა განვითარდება, იქნება თუ არა პოსტკოვიდური სინდრომი. კოვიდის დასრულების შემდეგ გარკვეული სიმპტომები ნარჩუნდება. სუბფებრილური ტემპერატურა შეიძლება ძალიან ხანგრძლივად შენარჩუნდეს და კოვიდის გადატანიდან ექვსი თვის განმავლობაშიც შეიძლება ჰქონდეს ბავშვს. შეიძლება იყოს წამოხველება, თავბრუსხვევა,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, უცებ ასტკივდა მუცელი და 24-48 საათში უკვე საოპერაციოში ხვდება,“- ბავშვთა ქირურგი მალხაზ კარტოზია აპენდიციტის ნიშნებზე

ბავშვთა ქირურგმა მალხაზ კარტოზიამ ბავშვებში აპდენდიციტის ნიშნები დაასახელა და მშობლებს მოუწოდა, რომ მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ და პედიატრს მიმართონ:

„პატარა ბავშვის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით ორი წლის ასაკიდან, რომელიც ჭირვეულობს, აუხსნელია ტკივილი, თუ ჭირვეულობის მიზეზი, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, აქ მიმდინარეობდეს მწვავე ქირურგიული პათოლოგია, როგორიც არის აპენდიციტი. თითქოს ბავშვი ჯანმრთელია ყველანაირად, დარბის, დახტის, უცებ ასტკივდა მუცელი და ეს პაციენტი, 24-48 საათში უკვე სტაციონარში ხვდება, საოპერაციოში ხვდება.

ბავშვთა ასაკში მუცლის ტკივილის შემთხვევაში ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ არ გამოგვეპაროს ქირურგიული პათოლოგია. პატარა ბავშვებში როდესაც იწყება მუდმივი ჭირვეულობა, როდესაც ბავშვს ცხელება წამოუვა, როდესაც ღებინების ეპიზოდია, როდესაც უძილო ღამეა, მშობლები ყოველთვის უნდა ვიყოთ ფხიზლად იმისთვის, რომ პირველივე ასეთ სიტუაციაში მივმართოთ პედიატრს,“- მოცემულ საკითხზე მალხაზ კარტოზიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად