Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მავნე მითი წონაში კლებასთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს გვაყენებს - ზაზა თელია

5 მავნე მითი წონაში კლებასთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს გვაყენებს - ზაზა თელია

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ წონაში კლებასთან დაკავშირებით გავრცელებული 5 მავნე მითი დაასახელა, რომელიც არ უნდა დავიჯეროთ:

„დალევასთან დაკავშირებით ძალიან პოპულარულია მითი, რომ წყლის მიღება არ შეიძლება ჭამის დროს და მის შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. წყალი აუცილებელია საჭმლის მონელებისთვის. ის ​ხელს უწყობს პირის ღრუს გათავისუფლებას საჭმლის ნარჩენებისგან, მის გადადევნას საყლაპავში და შემდეგ კუჭში გადამუშავებას. მითია, რომ წყალი არ უნდა მივიღოთ კვების დროს ან კვების შემდეგ.“

ზაზა თელიას თქმით, მითია, რომ დილით ვარჯიში წონაში კლებისთვის ეფექტიანი არ არის:

„ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მითია, რომ დილის ვარჯიში არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დილის ვარჯიში ყველაზე ეფექტიანია. მითია ასევე მოსაზრება, რომ სწრაფად გახდომა კარგია. წონის კლება არ უნდა იყოს ძალიან სწრაფი. მაგალითად, ადამიანმა რომ ერთი კვირის განმავლობაში ხუთი კილოგრამი დაიკლოს, ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი.​ რეკომენდებულია, რომ ადამიანმა ნელ-ნელა დაიკლოს წონაში, მაქსიმუმ 1-2 კილოგრამი კვირის განმავლობაში. კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც ნელ-ნელა იკლებენ წონაში, უკეთეს შედეგს აღწევენ, ვიდრე ის ადამიანები, ვინც სწრაფად იკლებს წონაში.“

ზაზა თელიამ აღნიშნა, რომ საკვები დანამატების მიღების ეფექტიანობა და უსაფრთხოება მეცნიერულად დასაბუთებული არ არის:

„საკვებ დანამატებზე მათი ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მათი მიღება არ არის რეკომენდებული არცერთი სამედიცინო საზოგადოების მიერ. ისინი საფრთხის შემცველებიც არიან, რადგან არცერთ ქვეყანაში ეს დანამატები არ მოწმდება სახელმწიფო სტრუქტურებისგან. ბაზარზე არსებობს რამდენიმე ნივთიერება, რომელსაც ანოტაციაში უწერია, რომ არის ცხიმის მწველი, ჯერჯერობით არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ რომელიმე ნივთიერება ხელს უწყობდეს ცხიმის კატაბოლიზმს.“

„დიეტები ძალიან პოპულარულია.​ ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა კეტო დიეტა, რომელიც გულისხმობს ნახშირწყლების შეზღუდვას. ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიერ არცერთი დიეტა არ არის რეკომენდებული წონის კლების მიზნით. წონის კლება უნდა მოხდეს ბალანსირებული, ჯანსაღი კვების ხარჯზე და არა რომელიმე კონკრეტული დიეტის დაცვით. შესაძლოა, დიეტის ხარჯზე ადამიანმა ეფექტი მიიღოს, თუმცა დაამთავრებს თუ არა დიეტას, კარგ ვარიანტში დაუბრუნდება იმავე წონას, ცუდ ვარიანტში მიიღებს უფრო მეტს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ზაზა თელიამ რადიო თავისუფლების ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო თავისუფლება

წაიკითხეთ სრულად