Baby Bag

რომელი ასაკი ითვლება ოპტიმალურად ორსულობისა და მშობიარობისთვის? - მეან-გინეკოლოგი გიორგი თევდორაშვილი

რომელი ასაკი ითვლება ოპტიმალურად ორსულობისა და მშობიარობისთვის? - მეან-გინეკოლოგი გიორგი თევდორაშვილი

მეან-გინეკოლოგმა გიორგი თევდორაშვილმა მშობიარობისთვის ოპტიმალური ასაკის შესახებ ისაუბრა:

„მშობიარობიდან შემდგომში ორსულობამდე ინტერვალი რომ იყოს გამოყოფილი, სასურველია, იყოს ორი წელი მაინც შუალედი. სამწუხაროდ, ჩვენ ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც თუნდაც საკეისრო კვეთის შემდეგ მომავალ წელს ისევ ორსულდება და ესეც გარკვეული დიდი რისკ-ფაქტორია ამ შემთხვევაში.

პირველი ორსულობა ოცი წლის ასაკიდან ითვლება უფრო ოპტიმალურად. 19 წლამდე არის ე.წ. მოზარდთა ორსულობა. სასურველია, რომ ორსულობებს შორისაც გარკვეული ინტერვალი იყოს დაცული, რათა ჯანმრთელი თაობები მივიღოთ და არ ჰქონდეთ პრობლემები მშობიარობის დროს. მშობიარობა ნამდვილად არ არის საშიში, თუ სწორად იქნება წარმართული ორსულობა და სწორად იქნება წარმართული მშობიარობა. ასევე თუ გავითვალისწინებთ კვების რეჟიმსაც ორსულობის დროს, ეს ძალიან წაადგება ყველა ორსულს და არამარტო ორსულებს, არამედ მათ შვილებს, ახალშობილებს. ნამდვილად გაგიადვილდებათ შემდეგ ახალშობილების გაზრდა,“ - მოცემულ საკითხზე გიორგი თევდორაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს ორსულობის შეწყვეტას და რამდენ ხანშია შესაძლებელი ხელმეორე ორსულობა?

რა იწვევს ორსულობის შეწყვეტას და  რამდენ ხანშია შესაძლებელი ხელმეორე ორსულობა?
რა იწვევს ორსულობის შეწყვეტას და შესაძლებელია თუ არა ისე შეწყდეს ორსულობა, რომ ქალმა ვერ გაიგოს? - ამ და სხვა საკითხებზე ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი რადიოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დათოშვილი.
- ხშირ შემთხვევაში რა იწვევს ორსულობის შეწყვეტას?
  • გენეტიკური ანომალიები - დედის ან მამის ქრომოსომული, ან გენური დარღვევები;
  • ინფექციური დაავადებები - როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული;
  • ქალის შეძენილი ან თანდაყოლილი ანატომიური დეფექტები-ანომალიები: ერთრქიანი საშვილოსნო, ორრქიანი საშვილოსნო, საშვილოსნოს ტიხარი, T ფორმის საშვილოსნო, შეხორცებები საშვილოსნოს ღრუში - აშერმანის სინდრომი, საშვილოსნოს ღრუს პოლიპოზი და სუბმუკოზური კვანძი;
  • ჰორმონული დარღვევები: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, პროგესტერონის უკმარისობა;
  • სისხლის შემადედებელი სისტემის პათოლოგიები - თრომბოფილია, როგორც შეძენილი - ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ასევე თანდაყოლული: II - პროთრომბინის, 5-ლეიდენის, MTHFR-გენის მუტაცია, PAI-1 მუტაცია, ასევე ჰიპერჰომოცისტეინემია;
- შესაძლოა თუ არა ისე შეწყდეს ორსულობა რომ ადამიანი ვერ მიხვდეს და რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქალის ჯანმრთელობისთვის?
- შესაძლებელია ორსულობა ისე შეწყდეს, რომ ქალი ვერც კი მიხვდეს. ხშირ შემთხვევებში ორსულობათა თითქმის ნახევარზე მეტი წყდება მენსტრუაციის გადაცდენამდე, ანუ მანამ, სანამ ქალი გაიგებს, რომ ორსულადაა. ამას ბიოქიმიური ორსულობა ეწოდება. ასეთ დროს მენსტრუაციულ გამონადენთან ერთად, ან მენსტრუაციის 1-2 დღიანი გადაცდენის შემდეგ ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გამოძევება საშვილოსნოს ღრუდან, ამას ორსულობის ადრეულ დანაკარგებსაც უწოდებენ. აღნიშნული დაკავშირებულია ორსულობის იმუნოლოგიურ ფაქტორებთან, რომელთა ამა თუ იმ დეფექტს მივყავართ ორსულობის ადრეულ შეწყვეტამდე. ამასთან, ორსულობა შეიძლება შეწყდეს მცირე ვადებზე, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ ექოსკოპიაზე ვიზიტის დროს. ორსულობის შეწყვეტის ექოსკოპიური ნიშნებია: ემბრიონის გულისცემის გაჩერება, სანაყოფე პარკის, ასევე ყვითრის პარკის დეფორმაცია, სანაყოფე პარკის გარშემო ჰემატომების არსებობა. თუ ორსულობის შეწვეტა დროულად არ იქნება დიაგნოსტირებული, ამან შეიძლება ქალის ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენოს ინფექციური გართულებების სახით და ასევე, შესაძლებელია მკვეთრად გაუარესდეს ენდომეტრიუმის ხარისხი, რაც შემდგომში დაორსულებას შეუქმნის პრობლემას.
- რა შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი რომ ორსულობა შეიძლება შეწყდეს?
- როგორც აღვნიშნე, ორსულობის შეწყვეტა მენსტრუაციის გადაცდენამდე არცთუ იშვიათი მოვლენაა და სამწუხაროდ, მისი მიმანიშნებელი რაიმე სპეციფიკური ნიშანი არ არსებობს. რაც შეეხება დადასტურებულ ორსულობას, მისი შეწყვეტის სავარაუდო ნიშნებია: სისხლიანი ან/და ყავისფერი გამონადენი საშოდან, ტოქსიკოზის ნიშნების გაქრობა, ტკივილი და დაჭიმულობა მუცლის ქვედა მიდამოში, სხეულის ტემპერატურის მომატება, რაც სავარაუდოდ მიუთითებს ინფექციის არსებობაზე.
- რამდენ ხანშია შესაძლებელი ხელმეორე ორსულობა?
- ხელმეორე ორსულობა შესაძლებელია 3-6 თვეში, თუმცა გააჩნია, თუ რა ვადაზე მოხდა ორსულობის შეწყვეტა. ადრეულ ვადაზე შეწყვეტისას პაციენტს 3 თვეში ეძლევა დაორსულების რეკომენდაცია.
- მკურნალობის მეთოდებზეც რომ ვისაუბროთ...
- თუ ვსაუბრობთ ორსულობის მოსალოდნელ შეწყვეტაზე (ანუ როდესაც ქალს აქვს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები), მკურნალობა გულისხმობს ორსულობის შემანარჩუნებელ თერაპიას, რაც მოიცავს ჰორმონულ თერაპიას, წოლით რეჟიმს, ვიტამინოთერაპიას, ანტიკოაგულანტურ და ანტიაგრეგანტულ მკურნალობას. უკვე შეწყვეტილი ორსულობის შემთხვევაში კი, მსგავსი ფაქტის განმეორების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სათანადო კომპლექსური გამოკვლევა, რომ დადგინდეს შეწყვეტის მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად