Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,​ჯანმრთელობა არ არსებობს სწორი კვების გარეშე, ეს იწყება ორსულობიდანვე და გრძელდება დაბადებიდან"

,,​ჯანმრთელობა არ არსებობს სწორი კვების გარეშე, ეს იწყება ორსულობიდანვე და გრძელდება დაბადებიდან"

,,​ჯანმრთელობა არ არსებობს სწორი კვების გარეშე. ეს იწყება ორულობიდანვე და გრძელდება დაბადებიდან", - ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა, ნუტრიციოლოგმა - მაია სურვილაძემ გადაცემაში ,,იმედის დილა" ისაუბრა.

,,ძუძუთი კვებას ალტერნატივა არ აქვს, რამდენი საუკუნეც უნდა გავიდეს, ანალოგი არ შექმნილა და არც შეიქმნება. სულ არის ამის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მიუახლოონ ეს ფორმულები ერთმანეთს, ნელ-ნელა იხვეწება ეს ყველაფერი, დადგება დრო - როდესაც მაქსიმალურად მიუახლოვდება, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის. ყველა დედა უნდა ეცადოს, საკუთარი შვილი თავისი რძით გამოკვებოს. მაგრამ არსებობს მდგომარეობები, როდესაც ძუძუთი კვება შეუძლებელია. ეს შეიძლება, იყოს გამოწვეული როგორც დედისგან, ისე - ბავშვისგან. ბავშვის მხრივ, არსებობს სხვადასხვა გენეტიკური დაავადება, როდესაც საერთოდ არ შეიძლება მისთვის ძუძუთი კვება. როდესაც ბავშვი არის ძალიან მცირე წონის, ერთ კილოგრამე ნაკლები დაიბადა და ა.შ. მას სჭირდება სპეციალური საკვები. დედის მხრიდან ლაქტაციას უკუჩვენება აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მას აქვს, მაგალითად, შიდსი, ტუბერკულოზის აქტიური ფორმა - ეს არის აბსოლუტური უკუჩვენება, ხოლო როდესაც  ის სხვადასხვა მედიკამენტს იღებს - საუბარი არ არის ყველა მედიკამენტზე - ან დედას აქვს მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი, მაშინ დროებით ძუძუთი კვება შეუძლებელია. 

არის ასეთი დიაგნოზი - ძროხის რძის ცილის აუტანლობა - როდესაც ბავშვი ძუძუზეა, ის მას არ უნდა მოვწყვიტოთ. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის დედის კვებაში კორექტირების შეტანა - მისი მენიუდან უნდა ამოვიღოთ რძის პროდუქტები, დავაკვირდეთ ბავშვს. რძის აუტანლობა შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული. ამ შემთხვევაში, პირველ ყოვლისა, დედის კვება უნდა მოწესრიგდეს. 

რაც უფრო მეტ არაალერგიულ საკვებს მიიღებს დედა, მას ბავშვიც სინჯავს და უფრო მეტად მრავალფეროვანი გემოვნება უყალიბდება. არავითარ შემთხვევაში, 17 კვირაზე ადრე არ უნდა მოხდეს ჩვილის გადაყვანა მყარ კვებაზე. მრავალი კვლევით არის დადასტურებული, რომ იქამდე ბავშვი არ არის მზად, სწორად მიიღოს ის და შეძლოს გადამუშავება, ნებისმიერი საკვების - იქნება ეს ხილი, ბოსტნეულის პიურე თუ სხვა. ასევე, არ უნდა დაგვიანდეს - 27 კვირას არ უნდა გადაცდეს. ეს არის იდეალური დერეფანი - 17-დან 27 კვირამდე", - აღნიშნა მაია სურვილაძემ. 

წყარო: ,,​იმედის დილა"

წაიკითხეთ სრულად