Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ ფორმულით თქვენი შვილის სავარაუდო მაქსიმალური სიმაღლის გამოთვლა შეგიძლიათ - თამარ კობახიძის რეკომენდაცია მშობლებს

ამ ფორმულით  თქვენი შვილის სავარაუდო მაქსიმალური სიმაღლის გამოთვლა შეგიძლიათ - თამარ კობახიძის რეკომენდაცია მშობლებს

ტელეწამყვანმა თამარ კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ მაყურებელს ბავშვის მაქსიმალური სიმაღლის გამოსათვლელი ფორმულა გააცნო. მისი თქმით, მოცემულ ფორმულას პედიატრები და ენდოკრინოლოგები იყენებენ და მისი გამოყენება მშობლებსაც შეუძლიათ:

„მშობლებს სახლის პირობებში შეუძლიათ პატარა ფორმულით გამოთვალონ საკუთარი შვილი მაქსიმუმ რა სიმაღლეს მიაღწევს. ეს ფორმულა დღესაც გამოიყენება სამედიცინო სფეროში. პედიატრები და ენდოკრინოლოგები მას დღესაც გამოიყენებენ.

როგორ ვთვლით ბავშვის სავარაუდო სიმაღლეს? დედისა და მამის სიმაღლეები უნდა შევკრიბოთ. მიღებული ციფრი გავყოთ ორზე. გაყოფის შემდეგ მიღებულ ციფრს გოგონას შემთხვევაში გამოვაკლოთ 6,5 სანტიმეტრი, ბიჭის შემთხვევაში მივუმატოთ 6,5 სანტიმეტრი. საშუალოდ თქვენი შვილი ამ სიმაღლის იქნება,“ - აღნიშნა თამარ კობახიძემ

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად