Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს ორსულობის დროს კენჭებს თირკმელში და არსებობს თუ არა ნაყოფში კენჭის გაჩენის შემთხვევები?

რა იწვევს ორსულობის დროს კენჭებს თირკმელში და არსებობს თუ არა ნაყოფში კენჭის გაჩენის შემთხვევები?
რა იწვევს ორსულობის დროს თირკმელში კენჭებს და არსებობს თუ არა ნაყოფში კენჭის გაჩენის შემთხვევები? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა უროლოგი ეკა უგულავა.
- ზოგადად, თირკმლის, ნაღველის კენჭოვან დაავადებებზე რომ ვისაუბროთ.
- შარდკენჭოვანი დაავადება - შარდგამომყოფი სისტემის და შარდის ბუშტის დაავადება, რომლის დროსაც მათში გროვდება კენჭები.
გამომწვევი მიზეზებია:
1) ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
2) საშარდე სისტემის ანთებითი პროცესები;
3) შარდის პასაჟის დარღვევა, ანატომიური პათოლოგიებით გამოწვეული;
4) გარკვეული პრეპარატების მიღება;
5) ცხელი კლიმატის პირობებში ცხოვრება.
სიმპტომები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ სპეციალისტს:
უცაბედი ძლიერი ტკივილი წელ-ზურგის არეში, შარდის ბუშტის მიდამოში, გახშირებული და მტკივნეული შარდვა, საერთო სისუსტე, ღებინება, სისხლიანი შარდვა, ზოგჯერ ტემპერატურის მატება.
დიაგნოსტიკა:
1) საშარდე სისტემის ექოსკოპია; 
2) შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი 
3) საშარდე სისტემის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტით.
მკურნალობა

  • მცირე ზომის კენჭების შემთხვევაში - მედიკამენტოზური მკურნალობა;
  • დისტანციური ლითოტრიფსია - 2 სმ-მდე ზომის კენჭების შემთხვევაში;
  • კენჭების ექსტრაქცია შარდსაწვეთიდან ინსტრუმენტებით;
  • პერკუტანეული ნეფროლითოლაპაქსია;
  • ქირურგიული მეთოდი - ღია წესით ოპერაცია.
- რა იწვევს კენჭებს თირკმელში ორსულობის დროს?
- ორსულობის დროს თირკმელი გაორმაგებული დატვირთვით მუშაობს. ნეფროლითიაზი ორსულებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია უროდინამიკის დარღვევა (ნაყოფის ზეწოლა თირკმლის შარდსაწვეთებზე), ასევე ორსულის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური ცვლილებები.
- როგორ ხდება თირკმლის კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა ოსრულებში?
- ორსულში კენჭის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია აქტიური დაკვირვება და მეთვალყურეობა, რადგან პიელონეფრიტის (თირკმლის ანთების) ჩამოყალიბების შემთხვევაში არსებულმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფზე. კენჭების დაახლოებით 70%-ის გამოძევება ხდება მედიკამენტოზური მკურნალობით, ჩარევის გარეშე. თუ კენჭი დიდი ზომისაა, უმეტეს შემთხვევაში ხდება შარდსაწვეთში სტენტის ჩაყენება და უროდინამიკის აღდგენა, სტენტის ამოღება ხდება მშობიარობის შემდგომ პერიოდში და გრძელდება შესაბამისი მკურნალობა.
- არსებობს თუ არა ნაყოფში კენჭის გაჩენის შემთხვევები?
- ნაყოფში კენჭები ფიქსირდება იშვიათ შემთხვევაში. მე პირადად მქონია მხოლოდ ერთი შემთხვევა, მათ მკურნალობას განაგრძობენ ბავშვთა ნეფროლოგები და უროლოგები.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
წაიკითხეთ სრულად