Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სინოფარმი/სინოვაკის აცრიდან 28 დღის გასვლის შემდეგ გაქვთ უფლება დაიმატოთ ფაიზერის ორივე დოზა,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„სინოფარმი/სინოვაკის აცრიდან 28 დღის გასვლის შემდეგ გაქვთ უფლება დაიმატოთ ფაიზერის ორივე დოზა,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ბუსტერ დოზების დამატების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბუსტერ დოზები მხოლოდ ფაიზერის ვაქცინის შემთხვევაშია დაშვებული:

„ბუსტერული დოზა მხოლოდ ფაიზერს დაემატება. ეს იქნება რისკ-ჯგუფებისა და 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. სხვა არცერთ ვაქცინას მწარმოებელი არ უწერს,რომ სჭირდება ბუსტერული დოზა. ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუ რომელიმე ქვეყანაში წასვლა გავალდებულებთ, გაქვთ უფლება ბოლო ​სინოფარმი/სინოვაკის აცრიდან 28 დღის გასვლის შემდეგ დაიმატოთ ფაიზერის ორივე დოზა. ეს ხდება მიზნობრიობის დოკუმენტის წარდგენით.“

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ანტივირუსული პრეპარატი ვაქცინას ვერ ჩაანაცვლებს:

„რასაკვირველია, პრეპარატი ვერ შეცვლის ვაქცინას. ერთი არის პრევენციისთვის, მეორე - მკურნალობისთვის. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი დაცვა. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ონკოლოგიური დაავადება, რომლებსაც აქვთ მაღალი ასაკი ვაქცინაციის მიუხედავად არ უყალიბდებათ მყარი იმუნური პასუხი, ამიტომ მათში არის სწორედ ვაქცინირებულებს შორის გარდაცვალების პროცენტი. იმ ადამიანებისთვის იქნება სწორედ მსგავსი ტიპის პრეპარატები მნიშვნელოვანი.“

„ადამიანებს, რომლებსაც მიუხედავად ვაქცინაციისა დაუდასტურდებათ კოვიდი და აქვთ ქრონიკული თანმხლები დაავადებები ან ასაკი, ​პირველ ორ-სამ დღეში მიეცემათ ეს პრეპარატი, რომელიც არის ტაბლეტირებული,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“

წაიკითხეთ სრულად