Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ''

,,ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ''
,,დედის მიერ დანგრეული ფსიქიკა” - თემაზე ფსიქოლოგი ინგა ბლესი საუბრობს. მისი თქმით, ბავშვს ფსიქოლოგიურ ტრავმებს უახლოესი ადამიანები, ძირითადად კი დედები აყენებენ:

,,ეს ყველაფერი ხდება უციდონრობის გამო. არ იცის ახალგაზრდა მშობელმა რა არის მნიშვნელოვანი, რა სჭირდება ბავშვის ფსიქიკას, რა არის სწორი და რა არასწორი. როდესაც ვართ ახალგაზრდა მშობელი და არა მარტო, ამ ყველაფერს არ გვასწავლიან და არ ვიცით. ადამიანები ხშირად საკუთარი მშობლებისგან აკოპირებენ აღზრდის მეთოდებს, მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულად თვლიან აღზრდის მეთოდს. ერთია როდესაც ადამიანმა არ იცის, როგორ აღზარდოს ბავშვი და მეორე, როცა თავად ტრამვირებულია, ფსიქიკა შერყეული აქვს. ბავშვთა ფსიქოლოგიის კუთხით ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება,'' - აღნიშნავს ინგა ბლესი. 

ნახეთ ვიდეო 

წყარო: ​IBEL Academy 

წაიკითხეთ სრულად