Baby Bag

რომელია ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის საუკეთესო სპორტი? - ორთოპედ-ტრავმატოლოგის ნინო ჭოლოკავას რეკომენდაციები

ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ნინო ჭოლოკავამ ბავშვის ჩონჩხის სწორად ჩამოყალიბებისთვის მშობლებს საინტერესო რეკომენდაციები მისცა:

„მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ორ ფაქტორს. ერთი არის სწორი კვება. მეორე, რაზეც მე ძალიან მინდა ყურადღება გავამახვილო და ხაზი გავუსვა, არის მოძრაობა. ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბება არ ხერხდება ნორმალურად საკადრისი, კანონზომიერი და ზომიერი მოძრაობის გარეშე. ეს მოძრაობა უნდა იყოს ძალიან ნორმირებული. ბევრ მშობელს ეშლება და თვლის, რომ რაც უფრო მეტად დატვირთავს ბავშვს, ეს მით უფრო კარგ შედეგს მოიტანს, არა! მოძრაობა უნდა იყოს ნორმირებული: არც მეტი, არც ნაკლები.

ძალიან ბევრ მშობელს აქვს კითხვა, რომელი სპორტით დაკავდეს ბავშვი, რომ მისი ჩონჩხი სწორად ჩამოყალიბდეს. აქაც შემიძლია მშობელს ვუთხრა, რომ ყველაზე კარგი სპორტი არის თამაში. ამიტომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმენით თქვენს შვილებს, რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშონ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია. არ არსებობს იდეალური სპორტი. ნებისმიერი სპორტი არის რუტინული მოძრაობები, რომელიც იმ სპორტისთვის არის დამახასიათებელი. თუ გინდათ, რომ ბავშვი დაკავებული იყოს რაიმე სპორტით, ეცადეთ, ცვალოთ წრეები: ტანვარჯიში, მერე ფეხბურთი, შემდეგ კალათბურთი, რომ ჩონჩხის ჩამოყალიბება მოხდეს სწორად. გახსოვდეთ, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემა არის ჩარჩო, რომელიც გაჩვენებთ, თქვენი შვილი რამდენად სწორად იზრდება და რამდენად კარგად იზრდება,- მოცემულ საკითხზე ნინო ჭოლოკავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყოველდღიური უკმაყოფილების გამოხატვა აუცილებელია, დაგუბებული ბრაზი არსად არ წავა,“ - ნათია ფანჯიკიძე

„ყოველდღიური უკმაყოფილების გამოხატვა აუცილებელია, დაგუბებული ბრაზი არსად არ წავა,“ - ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძემ ემოციების გამოხატვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზის დაგროვება ნეგატიური შედეგების მომტანია:

„სჯობს, რომ გამოხატოთ ყოველთვის გრძნობა. დაგუბებული ბრაზი არსად არ წავა. ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც იმ წუთას ​უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ, მერე ისეთი აფეთქება იციან, რომ თუ აფეთქდნენ, ყველა იმალება. ამას სჯობს, გამოხატოთ ემოცია, რომ ადამიანებმა იცოდნენ თქვენ რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ.“

ნათია ფანჯიკიძის თქმით, გაბრაზება უკონტროლო ქცევაში არ უნდა გადაიზარდოს:

„გაბრაზება არ უნდა იყოს უკონტროლო ქცევა. აგრესია არის ნორმალური განცდა. ის უფრო ნაკლებია, რაც უფრო სუბლიმირებულია ქმედით ენერგიაში. თუ უმოქმედოთ ვართ, ეს აგრესია გაღიზიანების სახით გამოვლინდება. ჩვენ თვითონ ვართ იმედგაცრუებული ჩვენი თავით, რომ არაფერს ვაკეთებთ თითქოს მნიშვნელოვანს და ამიტომ თითქოს სხვები გვიშლიან ნერვებს.“

„როდესაც აგრესია არის უკონტროლო, ვერავინ ხვდება, როდის რა გაგაბრაზებს. თუ უკონტროლო ქცევა და აგრესია გადადის იმაში, რომ ნივთი უნდა ისროლოთ და აგური გაუქანოთ ვინმეს, მაშინ ამისთვის ყურადრების მიქცევა ღირს. ​ყოველდღიური უკმაყოფილების გამოხატვა აუცილებელია. ეს ენერგია ადუღებულ ქვაბს ჰგავს, თუ მოგლეჯს თავსახურს, თვითონაც აორთქლდება, ამოშრება. ეს არაფერ კარგთან არ მიგვიყვანს, თუ მუდმივად ვიკავებთ თავს. თუ მუდმივად გაბრაზებულები ვართ ყველაზე, ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, ასეც არ უნდა იყოს საქმე,“ - აღნიშნა ნათია ფანჯიკიძემ.

წყარო: ​Civic Initiative

წაიკითხეთ სრულად