Baby Bag

10 დაავადება ბავშვებში, რომელთა პრევენცია ხელების დაბანით არის შესაძლებელი

10 დაავადება ბავშვებში, რომელთა პრევენცია ხელების დაბანით არის შესაძლებელი

ხელების დაბანით ბავშვებში გავრცელებული ბევრი დაავადების თავიდან აცილება შეიძლება. ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ 10 დაავადებას, რომელთა პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ხელების რეგულარულად დაბანაა.

1. კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი თვალის შემაერთებელი გარსის ანთებაა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ან არ იყოს ინფექციური ხასიათის. გამომწვევი, შესაძლოა, აღმოჩნდეს ალერგია, ქიმიკატები. მისი გამოვლინებები დაავადების ტიპის მიხედვით განსხვავებულია. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, ხელების სათანადო დაბანა საუკეთესო საშუალებაა კონიუნქტივიტის გამომწვევი მიკრობების გავრცელების შესამცირებლად.

2. ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა გავრცელებული ბავშვთა ინფექციაა, რომელიც გამოწვეულია ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით. ის უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში და მისი მიმდინარეობა, როგორც წესი, მსუბუქია, თუმცა ზრდასრულებში ახასიათებს რთული მიმდინარეობაც. ვირუსის გადაცემა ხდება ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტით, რის გამოც, დაბინძურებული ხელები მისი გადაცემის რისკს ზრდის.

3. სალმონელოზი

სალმონელოზი გასტროენტერიტის სახეობაა. სიმპტომატიკა სალმონელას ჯგუფის ბაქტერიებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებიდან 6-დან 48 საათამდე გამოვლინდება. შესაძლოა, იყოს ღებინება, დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი.

4. ლამბლიოზი

ლამბლიოზი წვრილი ნაწლავის ინფექციაა, რომელიც ლამბლიას ოჯახის პარაზიტებით არის გამოწვეული. ის ვლინდება წყლიანი დიარეით, გულისრევით, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და მეტეორიზმით. პარაზიტებით დაბინძურებული წყლის მიღება ან კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც დაბინძურებული ხელები აქვს, დაავადების გადაცემას უწყობს ხელს, რის გამოც ხელების ჰიგიენას მისი პრევენციის მიზნით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

5. კანის ინფექციები

იმპეტიგო კანის ძალიან გავრცელებული ბაქტერიული ინფექციაა ბავშვებში. მისი გამომწვევი ბაქტერიების გადაცემა სხვა ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით ხდება.

6. პნევმონია

რესპირატორული ინფექციები, მათ შორის პნევმონია, 5 წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ხელების საპნით დაბანა პნევმონიის პრევენციის ეფექტიანი მეთოდია.

7. გრიპი

გრიპი და გაციება ბავშვებში ძალიან გავრცელებული მდგომარეობებია. მისი თავიდან არიდების მიზნით, სასურველია, ადამიანმა ხელები 20 წამის განმავლობაში საგულდაგულოდ დაიბანოს საპნით. აუცილებელია კანისა და ფრთხილების სრულფასოვნად დაბანა.

8. ზედა სასუნთქი გზების დაავადებები

კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ხელების დაბანას შეუძლია შეამციროს ზედა სასუნთქი გზების დაავადებების რისკი. რესპირატორული პათოგენების ხელებიდან მოცილება ბავშვებს მსგავსი ტიპის დაავადებებისგან იცავს.

9. ხელის, ფეხისა და პირის დაავადება

ხელის, ფეხისა და პირის დაავადება კოქსაკის ოჯახის ვირუსით არის გამოწვეული. ინფიცირებული ბავშვები განსაკუთრებით გადამდები არიან დაავადების პირველ კვირას, რის გამოც, ამ პერიოდში უმჯობესია, მათი იზოლაცია სახლის პირობებში.

10. როტავირუსი

როტავირუსი ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით, დაბინძურებულ საგნებთან კონტაქტით, ასევე ჰაერწვეთოვანი გზითაც, როდესაც ინფიცირებული ნერწყვი გამოიყოფა ხველებისა და ცემინების გზით. როტავირუსის თავიდან აცილებისთვის ხელების ხშირი დაბანა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

წყარო: ​Youaremom.com

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ორსულებში? - პაატა ჟორჟოლიანის პასუხი

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ომიკრონის შტამის გავრცელებისა და ორსულებში მისი მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა:

„ორსულებში არაფერი არ შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ ახალს აქ ვერაფერს ვერ ვიტყვით. მთავარი აქცენტი არის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულებში ვაქცინაციაზე მოთხოვნილება იზრდება:

„უკვე საზოგადოებას იმდენი ინფორმაცია მიეწოდა, რომ ორსულები, რომლებიც მომავალში დედები უნდა გახდნენ, ხვდებიან, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ეს რაოდენობა იზრდება. მომავალი დედების სამედიცინო განათლება გაიზარდა. ისინი უფრო მეტად ვაქცინირებულები ხდებიან.“

„ომიკრონის შტამი ორსულებში გაცილებით უფრო მარტივად მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე გვქონდა შემთხვევები, მაგრამ ეს არ არის დასამშვიდებელი. არსებობენ ორსულები, რომლებსაც თვითონვე აქვთ სომატური დაავადებები. რა თქმა უნდა, იქ ასე მარტივად ეს არ წარიმართება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულება. საერთო პოპულაციაში ომიკრონი უფრო მარტივად მიმდინარეობს,“ - აღნიშნა პაატა ჟორჟოლიანმა.

წყარო:​ „მედიაცენტრი მთავარი“

წაიკითხეთ სრულად