Baby Bag

რა კავშირია ორსულობისას ფოლიუმის მჟავის ჭარბი დოზებით მიღებასა და აუტიზმის სპექტრის აშლილობებს შორის? - მეან-გინეკოლოგ მამუკა ნემსაძის რეკომენდაციები

მეან-გინეკოლოგმა მამუკა ნემსაძემ ფოლიუმის მჟავის გადაჭარბებული დოზებით მიღებასთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრა:

„ყველაფერი კარგი ზომიერი რაოდენობით სასარგებლოა და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვაძლევს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქვეყნებში, სადაც ხდება საკვების: ხორბლის, მარცვლეულის ფორტიფიცირება, შესაძლოა, ჭარბი მიღების შედეგად განვითარდეს ფოლიუმის მჟავისა და B12 ვიტამინის ზედოზირება. 2016 წელს ბოსტონის კონფერენციაზე ძალიან საინტერესო კვლევა დაიდო მეცნიერების მიერ, რომელიც 18 წლის განმავლობაში ტარდებოდა. ორსულებში, რომლებსაც ორსულობის ბოლოს აღენიშნათ სისხლში ფოლიუმის მჟავის სიჭარბე და B12 ვიტამინის მომატება, იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის პათოლოგიების რისკი.

თუ ორივე ერთად იყო მომატებული, ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინი, 17-ჯერ იზრდებოდა აუტიზმის სპექტრის დაავადებათა რისკი. აუტიზმის სპექტრის დაავადებები ყოველწლიურად 4%-ით იზრდება მსოფლიოში. ჩვენ თუ ამას დავუმატებთ უწყინარი ვიტამინების ზედოზირებით განვითარებულ რისკებს, საკმაოდ ცუდ დღეში ჩავცვივდებით. ფარმაცევტული მწარმოებლების მიერ ვიტამინებზე მითითებულია დღიური დოზა. სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თითოეული ორსული, თუ რა პრეპარატს იღებს. ბოსტონის კონფერენციის თავმჯდომარეც გაოცებული დარჩა კვლევის შედეგებით. ასევე აღინიშნა, რომ ფოლიუმის მჟავის არმიღება კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნის. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ის სწორი დოზა, რომელიც ამ შემთხვევაში არის საჭირო,“ - მოცემულ საკითხზე მამუკა ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მრავალი სირთულის თავიდან აცილება არის შესაძლებელი, თუ დედა წინასწარ მოემზადება ორსულობის პერიოდისთვის"

,,მრავალი სირთულის თავიდან აცილება არის შესაძლებელი, თუ დედა წინასწარ მოემზადება ორსულობის პერიოდისთვის"

რატომ არის საჭირო ორსულობის წინასწარი დაგეგმვა და რომელი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი იმისთვის, რომ მომავალმა ცხრა თვემ გართულებების გარეშე ჩაიაროს - ამის შესახებ, პროექტ ,,მასწავლე, რომ განვვითარდე" ფარგლებში, ავტორმა და წამყვანმა, დიანა ტარიელაშვილმა ისაუბრა.

,,დადგენილი ფაქტია, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორსულობამდე რამდენიმე ხნით ადრე დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ჩაივლის ორსულობის პერიოდი და როგორ წარიმართება მშობიარობა. მრავალი სირთულის თავიდან აცილება არის შესაძლებელი, თუ დედა წინასწარ მოემზადება ორსულობის პერიოდისთვის. ორსულობის დროს ბავშვი იმეორებს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას,  როგორც ძლიერ, ისე - სუსტ მხარეებს. ამასთანავე, მამაკაცების, მომავალი მამების ფიზიკური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს ახალი თაობის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ორსულობის 9 თვისთვის უნდა მოემზადოთ წინასწარ - უნდა მოემზადოთ როგორც მომავალი დედები, ისე - მომავალი მამები. 

პირველი, რაც მომავალმა მშობლებმა უნდა გააკეთონ, ეს არის, რომ მათ ჩაიტარონ რიგი გამოკვლევები და კონსულტაციები სპეციალისტებთან. მათგან პირველია - შემოწმება  თერაპევტთან: ექიმი შეეცდება, გაარკვიოს, აქვთ თუ არა მშობლებს ჯანმრთელობის ისეთი დარღვევები, რაც ხელს შეუშლის ჩასახვასა და ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას. გამოკვლევები და კვლევები, რასაც ექიმი დანიშნავს, უნდა ჩატარდეს ორსულობამდე, რადგან ზოგიერთი პრეპარატი, რომელსაც ის გამოწერს, ნებადართული არ იქნება ორსულობის დროს.

მეორე აუცილებელი გამოკვლევა - ეს არის შემოწმება გინეკოლოგთან. ვიზიტის დროს ის შეისწავლის თერაპევტის დასკვნას, გკითხავთ წინა ორსულობის, აბორტის, კონტრაცეფციის მეთოდებზე, გადატანილ დაავადებებზე. შეგამოწმებთ, აიღებს ნაცხს ანალიზებისთვის, მოგცემთ მიმართვას ანალიზებზე. აუცილებლობის შემთხვევაში, დაგინიშნავთ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

შემდეგი გამოკვლევა გახლავთ შემოწმება სტომატოლოგთან - იმ მომენტიდან, როდესაც დაიწყებთ ორსულობის დაგეგმვას, უნდა დაიწყოთ კბილებსა და ღრძილებზე ზრუნვა, რათა ორსულობის პერიოდში ამ პრობლემას არ შეგაწუხოთ. დაავადებული კბილი, ღრძილების ანთება და ინფექცია, რომელიც ამ დროს წარმოიშობა, ივლის მთელს ორგანიზმში და მიაღწევს ბავშვამდეც.

მეოთხე გამოკვლევა გახლავთ შემოწმება ოკულისტთან - ამ შემოწმების დანიშვნა საჭიროა ორსულობის დაგეგმვისთანავე, რათა გაირკვეს, უარყოფითად ხომ არ აისახება დედის მხედველობაზე ორსულობა და მშობიარობა. თუ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ექიმი გამოგიწერთ საჭირო მკურნალობას.

თუ რომელიმე მომავალ მშობელს აქვს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება, მას დასჭირდება ვიწრო სფეროს სპეციალისტის კონსულტაციაც", - აღნიშნავს დიანა ტარიელაშვილი.

წაიკითხეთ სრულად