Baby Bag

ლეიკემიის ადრეული ნიშნები ბავშვებში

ლეიკემიის ადრეული ნიშნები ბავშვებში

ლეიკემია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ლეიკემიის დროს ორგანიზმში ანომალიური თეთრი უჯრედები სისხლში ძალიან დიდი რაოდენობით წარმოიქმნება. თეთრი უჯრედები უმეტესად ძვლის ტვინში იწარმოება. ლეიკემიის განვითარებასთან ერთად სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა აჭარბებს სისხლის სხვა უჯრედების წარმოებას. ჭარბი ლეიკოციტები ნორმალურად ვეღარ ფუქნციონირებს. სისხლში არსებული ჯანსაღი უჯრედების დეფიციტი ორგანიზმს უამრავ პრობლემას უქმნის, იწყება სისხლდენა, ანემია, ზიანდება ორგანოთა უდიდესი ნაწილი.

ბავშვებში ლეიკემია, როგორც წესი, ათ წლამდე ასაკში ვითარდება. პირველი სიმპტომები, რომლებიც ამ სიმსივნურ დაავადებას ახასიათებს, გაციებისა და გრიპის დამახასიათებელი ნიშნებია. გაციების სიმპტომები ხანგრძლივად რჩება ან ხშირად მეორდება. ბავშვის სხეულზე მოულოდნელად ჩნდება ჩალურჯებები. აღნიშნული ტიპის სიმპტომები, შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებითაც იყოს გამოწვეული და არ ახასიათებს მხოლოდ ლეიკემიას. ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა მძიმე გართულებების თავიდან აცილება შეძლოთ.

  • ლეიკემიის ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში

ლეიკემიის სიმპტომატიკა ჭარბი სიმსივნური უჯრედების გავრცელებისა და ჯანსაღი უჯრედების ნაკლებობის გამო ჩნდება. ლეიკემიისთვის დამახასიათებელი ადრეული ნიშნები შემდეგია:

  • თავბრუსხვევა
  • სიცივის შეგრძნება, კანკალი
  • სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავის ტკივილი
  • ფერმკრთალი კანი

სიმსივნური უჯრედების მომრავლება ინფექციების განვითარებას უწყობს ხელს, რის შედეგადაც ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ცხელება
  • გაციებისა და გრიპის სიმპტომები, რომლებიც მოულოდნელად ჩნდება
  • ინფექციები
  • ლიმფური კვანძების შეშუპება

თრომბოციტების ნაკლებობა სისხლდენის გამომწვევი მიზეზი ხდება. სიმპტომები, რომლებიც ამ დროს ვლინდება შემდეგია:

  • სისხლდენა ღრძილებიდან
  • ჭრილობიდან ან ნაკაწრიდან ხანგრძლივი სისხლდენები
  • კანზე სისხლჩაქცევების მარტივად წარმოქმნა
  • სისხლდენა ცხვირიდან

სიმსივნურმა უჯრედებმა შესაძლოა ძვლებშიც შეაღწიონ, ან ისეთი ორგანოები დააზიანონ, როგორებიცაა: ღვიძლი და ელენთა. სიმსივნის პროგრესირებით გამოწვეული სიმპტომები უფრო მოგვიანებით ჩნდება. ლეიკემიის გართულებული ფორმის სიმპტომები შემდეგია:

  • სახსრებისა და ძვლების ტკივილი
  • ხველება, სუნთქვის გაძნელება
  • მადის დაქვეითება
  • მუცლის შებერილობა
  • ლიმფური კვანძების შეშუპება
  • წონაში კლება

ლეიკემიის ადრეული ნიშნებიდან რომელიმე მათგანის შემჩნევისთანავე ბავშვი პედიატრთან მიიყვანეთ. თითოეული სიმპტომი, შესაძლოა, სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემით იყოს გამოწვეული. მიუხედავად ამისა, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რადგან ბავშვის უსაფრთხოება ყველაზე მთავარია. ლეიკემიის ადრეული დიაგნოსტიკა მკურნალობის დროულად დაწყების საწინდარია, რაც გამოჯანმრთელების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

მომზადებულია ​healthgrades.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, „ფასდაკლებები დედებისთვის“ (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „ფასდაკლებები დედებისთვ​ის“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ორგანიზმისთვის ყველაზე რთული მაინც არის სიცივიდან სითბოზე გადასვლა: ამ დროს ხდება სისხლის ფორმულის ცვლა,“- ფარმაკოლოგი მარიამ გელაშვილი

„ორგანიზმისთვის ყველაზე რთული მაინც არის სიცივიდან სითბოზე გადასვლა: ამ დროს ხდება სისხლის ფორმულის ცვლა,“- ფარმაკოლოგი მარიამ გელაშვილი

ფარმაკოლოგმა მარიამ გელაშვილმა გაზაფხულსა და შემოდგომაზე ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სისხლის ფორმულა ბუნებრივად იცვლება:

„ორგანიზმი არის ერთიანი, ჰოლისტიკური სისტემა. გაზაფხული და შემოდგომა ორგამიზმისთვის რთულია. გარე ფაქტორი არის სიცივიდან სითბოზე გადასვლა და შემოდგომით სითბოდან სიცივეში გადასვლა. ყველაზე რთული მაინც არის სიცივიდან სითბოზე გადასვლა. ამ პერიოდში ხდება სისხლის ფორმულის ცვლა. სისხლის ცვლა და სისხლის გამოშვება წურბელით არის ყველაზე უპირატესი. ამ შემთხვევაში გვაკლდება სისხლი, ხდება პროგრამირებულად სისხლის აღდგენა. ამ დროს ორგანიზმში შედის 100-ზე მეტი მოქმედი ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის სრულფასოვან მუშაობას.“

„დიდ სისხლძარღვებს გარს აკრავს შრე, რომელიც მარაგდება წვრილი კაპილარებით, რომელსაც ჰქვია ძარღვთა ძარღვები. ამ შრემ ელასტიურობა რომ არ დაკარგოს, ამ შემთხვევაში წურბელებით მკურნალობა ერთმნიშვნელოვნად უპირატესია, ვიდრე სისხლის გამოშვება ან მედიკამენტოზური მკურნალობა. ჩასახვის საწინააღმდეგო პეროლარული პრეპარატები ჰორმონალური პრეპარატებია და ძალიან აზიანებენ სისხლძარღვების როგორც შიდა კედლებს, ასევე შუა შრეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბევრი შეუქცევადი პროცესი. როდესაც თქვენ დამოკიდებული ხართ ამ პრეპარატებზე, აუცილებელია ჰირუდოთერაპიის ჩატარება რაღაც ეტაპზე, თუნდაც სამ თვეში ერთხელ,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ გელაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად