ბოლო დროს იმატა დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვმა. ნიშნები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ბავშვს შაქრიანი დიაბეტი აქვს, როგორ უნდა ავარიდოთ ეს დაავადება პატარას? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმი-ენდოკრინოლოგი მარიამ ფხალაძე.
- ქალბატონო მარიამ, თქვენი აზრით, რას უკავშირდება, ბოლო პერიოდში დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვის ზრდა?
- ბევრი ფაქტორი არსებობს. ბავშვთა ასაკში, ზოგადად, არის ავტოიმუნური ტიპის დიაბეტი, ამის გარდა, რა თქმა უნდა, ეკოლოგიური, კვებითი ფაქტორები, რაც ხელს უწყობს დიაბეტით დაავადებულთა რიცხვის ზრდას. რაც შეეხება ვირუსებს, ისინი არ იწვევს დიაბეტის გამოვლენას, უბრალოდ მრავლობითი ვირუსული ინფექციების ფონზე ხდება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის გამოვლენის დაჩქარება.
- რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, რომ არ გამოეპაროს დიაბეტის კლინიკური ნიშნები?
- მშობელმა აუცილებელია, ყურადღება მიაქციოს: გაძლიერებულ წყურვილს, შარდვას და წონის კლებას.
- შაქრიანი დიაბეტი არის თუ არა გენეტიკური დაავადება? რომელი ხაზით გადადის, დედის თუ მამის?
- გენეტიკურად ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, დიაბეტის სხვადასხვა ტიპი არსებობს, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში 90%-ით შესაძლებელია, ხოლო პირველი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში ძალიან მცირე, 20-25% შეიძლება იყოს. ბავშვთა ასაკში ძირითადად, პირველი ტიპია გავრცელებული და ამ შემთხვევაში, როდესაც არის ინსულინდამოკიდებული, ამ ტიპის შაქრიანი დიაბეტი ნაკლებად არის გენეტიკურად განწყობილი. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, რომ გენეტიკა დატვირთული აქვთ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით.
- ვიცით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. რა დოზით უნდა მივცეთ ტკბილეული ბავშვებს, საერთოდ უნდა ამოვიღოთ თუ არა კვების რაციონიდან?
- მინიმალური დოზით შესაძლებელია, მივაღებინოთ ჯანსაღი ტკბილეული, როგორიცაა შავი შოკოლადი და კვირაში ერთხელ ან ორჯერ კვების რაციონში ტკბილეული ჩავურთოთ, მაგალითად, ჩირის სახით. ზოგადად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა ტკბილი გაზიანი სასმელები, სწრაფი კვების ობიექტებიდან მიღებული არაჯანსაღი საკვები, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, საზიანოა დიდი დოზით მიღებული ნამცხვრები, ტორტები, შოკოლადები და ა.შ.
- რამდენად ხშირია სტრესული ფაქტორით გამოწვეული დიაბეტი ბავშვებში?
- შესაძლებელია, სტრესმა მოახდინოს პროვოცირება და გამოვლენის დაჩქარება, მაგრამ დიაბეტის განვითარება, იმის გამო, რომ ბავშვმა გადაიტანა სტრესი, ეს პრაქტიკულად არ ხდება. როგორც უკვე ვთქვი, სტრესი უბრალოდ აჩქარებს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რა იწვევს, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს? - თემაზე პედიატრი თეა დადიანიძე საუბრობს
რა იწვევს ჭიებს ბავშვებში და რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს? - ამ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თეა დადიანიძე ესაუბრა.
- რა იწვევს ჭიებს ბავშვებში?
- ჰელმინთოზი - ნაწლავური ჭიებით გამოწვეული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ინფექციებს შორის. პარაზიტი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სხვა ორგანიზმის ხარჯზე ცხოვრებს და მისგან იღებს ცხოველმყოფელობისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო ნივთიერებას.
პარაზიტებს ყოფენ ორ ძირითად ჯგუფად:
უმარტივესები - ერთუჯრედიანი ორგანიზმია, მისი დანახვა შეუძლებელია შეუიარაღებელი თვალით;
ჰელმინთები კი შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანს.
დასნებოვნება ხდება საყოფაცხოვრებო გზით, დაუბანელი ხელებით, გაურეცხავი ბოსტნეულით, ხორც-პროდუქტებით, რომლებიც არ არის სათანადოდ დამუშავებული. თუ ჭიის ლავრა მოხვდა საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ის კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად იშლება, მაგრამ თუ ნაწლავში მოხვდა, ხდება მათი გააქტიურება.
- რა სიმპტომებით მივხვდებით რომ ბავშვს ჭიები ჰყავს?
- ძირითადი სიმპტომებია: ტკვილი მუცლის არეში, შებერილობა, გულის რევა, პირღებინება, მადის დაქვეითება, დაღლილობა, აგზნებადობა, ალერგიული რეაქცია, ქავილი ანუსის მიდამოში. ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს მომატებული ნერწყვდენა, თუმცა აღნიშნული ჩივილი ზოგჯერ პირის ღრუს დაავადებებს უკავშირდება.
ხშირად, ჭიებით ინვაზიის ერთ-ერთ სიმპტომად ღამის ბრუქსიზმს (კბილების კრაჭუნი) მიიჩნევენ, მაგრამ აღნიშნული ჩივილი, ძირითადად, ძილის დარღვევას და სტრესს უკავშირდება.
- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს?
- ერთ-ერთია ნაწლავთა გაუვალობა, რომელიც ახასიათებს ასკარიდოზსს. მისი მასიური ინვაზია იწვევს ნაწლავის გაუვალობას. ენტერობიოზს შეიძლება ახლდეს შემდეგი გართულებები: ვულვოვაგინიტი, პერიანალური მიდამოს ეგზემა და კანის სხვა დაავადებები.
- შესაძლებელია თუ არა ინფიცირების პრევენცია?
- პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ფრჩხილების კარგად დაჭრა, ხილის და ბოსტეულის კარგად გარეცხვა, ხორცპროდუქტების თერმულად დამუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღებში ჰიგიენური ნორმების დაცვა და შინაური ცხოველების დეჰელმინთიზაცია.
- მკურნალობის გზებზე რომ ვისაუბროთ.
- მკურნალობა მოიცავს ანტიჰალმინთურ პრეპარატებს, ჰელმინთის სახეობის გათვალისწინებით. თვითმკურნალობა და პრევენციის მიზნით ანტიჰელმინთური პრეპარატების მიღება დაუშვებელია. მშობელი, როგორც კი შენიშნავს აღნიშნულ ჩივილებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.