„გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას“ - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში ტემპერატურის ცვლილებაზე?
რამდენია ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა, როგორ უნდა მოვიქცეთ დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში, რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული, როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს პედიატრი და გადაუდებელი მედიცინის ექიმი თეო ტაბატაძე ესაუბრა.
- ქალბატონო თეო, თავიდანვე რომ განვმარტოთ, ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა რამდენია?
- ტემპერატურის ფიზიოლოგიური ნორმა განისაზღვრება ასაკის მიხედვით. მაგალითად, 0-დან 3 თვემდე შესაძლებელია, 35.5-დან 37.2-მდე ჩავთვალოთ ნორმად. ასევე გასათვალისწინებელია გარემოება. ხანდახან მშობლები პატარას იმის გამო, რომ არ გაცივდეს, ზედმეტად თბილად აცმევენ, ბავშვის კანი კი ძალზე მგრძნობიარეა თერმორეგულაციის მიმართ. ამ დროს ხდება გადახურება და სხეულის ტემპერატურის მატება. ეს არის გარემოებით გამოწვეული ტემპერატურული რეაქცია. „გადახურების“ შემთხვევაში უბრალოდ უნდა გავხადოთ ბავშვს, გავაგრილოთ და ტემპერატურა დაუბრუნდება ფიზიოლოგიურ ნორმას. თუ ტემპერატურა კვლავ ნარჩუნდება 37.5-37.6 და მეტი მაშინ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები.
- როგორ ვიქცევით დაბალი ტემპერატურის ანუ ჰიპოთერმიის შემთხვევაში?
- ჰიპოთერმიად განიხილება 35 და ქვემოთ ტემპერატურა (35.1-35.2 არ ითვლება ჰიპოთერმიად). ჰიპოთერმიის დროს ბავშვი უნდა გავათბოთ თბილი საფენებით. თუ ბავშვს დალევა შეუძლია, მაშინ თბილი სითხეები უნდა შევთავაზოთ. თუ ჰიპოთერმია გრძელდება და ტემპერატურა ჩამოდის 35-ზე ქვემოთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს.
- რომელია უკეთესი - ვერცხლისწყლის თერმომეტრი თუ ციფრული?
- ჩვენს რეალობაში ციფრული თერმომეტრები არ გამოდგა ხარისხიანი, გამომდინარე იქიდან, რომ დიდია ცდომილება. კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ ვერცხლისწყლის თერმომეტრს.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ სიცხე ბანალური მიზეზითაა გამოწვეული და არა რომელიმე სერიოზული პრობლემით?
- ინფექციური მდგომარეობის დროს ცხელებას თან ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, სითხის მიუღებლობა, ეს ყოველთვის აისახება პატარაზე, მას არ სურს თამაში, არ უხარია. თუ ბავშვი არ თამაშობს, არ შემოდის კონტაქტში, საკვებსა და სითხეებზე უარს გეუბნებათ და ტემპერატურა არის 37.5 - 37.6, ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექციასთან გვაქვს საქმე.
- როგორ მოვუაროთ სიცხიან პატარას, როგორ უნდა მართოს ცხელება მშობელმა ბინაზე სწორად?
- აქტუალური კითხვაა, თუ როდის უნდა მივცეთ პატარას სიცხის დამწევი საშუალება, არსებობს თუ არა რაიმე გარკვეული ციფრი? - შევჯერდით ექიმები, რომ ასეთი ციფრი არ არსებობს.
თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი - ვერ იღებს სითხეს, საკვებს, მოდუნებულია, მივარდნილია თუნდაც 37.5-ზე, ე.ი. მას აწუხებს სხეულის ასეთი ტემპერატურა და აუცილებლად უნდა მივაშველოთ დამწევი.
სიცხის დამწევ საშუალებად ვიყენებთ პარაცეტამოლს და იბუპროფენს. სიცხის დამწევს ვაწვდით არა ასაკის, არამედ კილოგრამის მიხედვით. რადგან ზოგიერთი 2 წლის პატარა შესაძლოა, იყოს 13 კილოგრამი ან ზოგიერთი - 18 კილოგრამი. მაგალითისთვის, გამოვთვალოთ. პარაცეტამოლი შეგვიძლია მივცეთ 15 მგ/კგ ე.ი. თუ პატარა არის 10 კილო და ჩვენ გვინდა მივაწოდოთ პარაცეტამოლი, როგორც სიცხის დამწევი საშუალება 10 უნდა გავამრავლოთ 15-ზე და მივიღებთ 150-ს და შეგვიძლია მივაწოდოთ 150 მგ. პარაცეტამოლი საჭიროებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 საათში ერთხელ. იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტები შეგვიძლია გამოვიყენოთ 6 საათში ერთხელ, მაგრამ იბუპროფენი 5 მლგ-ით ნაკლები უნდა მივცეთ. დავუშვათ პატარა არის 10 კილო, მაშინ უნდა მივცეთ 10 მგ/კგ საჭიროებისას 6 საათში ერთხელ გამოვიყენოთ. სასურველია ესეც ვიცოდეთ, 3 თვემდე იბუპროპფენი არ ინიშნება ჰეპატოტოქსიურობის გამო, ამიტომ 0-დან 3 თვემდე ძირითადად ვირჩევთ პარაცეტამოლს სიცხის დამწევ საშუალებად, ხოლო 3 თვიდან უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე იბუპროფენი.
ესაუბრა თამთა შერმაზანაშვილი
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„იყავით მშვიდები და ბედნიერ ბავშვობაში აცხოვრეთ თქვენი შვილები,“ - ბაკურ კოტეტიშვილის რჩევები მშობლებს
ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია შვილების ბავშვობა უზრუნველყონ და მაქსიმალურად გააუხანგრძლივონ შვილებს ბავშვობის ეტაპი:
„მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვების ბავშვობა. თუ ბავშვები ბავშვებად დარჩებიან რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, ეს ძალიან კარგია. მშობლებს გვაწყობს, რომ მალე გაიზრდონ ბავშვები, ზრუნვა რომ ნაკლები გვქონდეს. პრობლემები ყოველთვის იარსებებს, თუნდაც 20 წლის იყოს ბავშვი, ან 2 წლის.“
ბაკურ კოტეტიშვილმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მშობლებსა და შვილებს პანდემიის გამო დაწესებულმა აკრძალვებმა შეუქმნა:
„ეს აკრძალვები და ჩაკეტვები ვის უხარია, ხომ?! მშობლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ბავშვებმა ეს ეტაპი მაქსიმალურად მსუბუქად გადაიტანონ. ბავშვებთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრმა მშობელმა მითხრა: „როდის გაიხსნება სკოლები? აღარ შემიძლია ამათანი ატანა!“ ვითომ გაგვეცინება, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ, მას უჭირს შვილებთან ურთიერთობა, ვერ მოუფიქრებია, რა გააკეთოს. ამ დროს უმარტივესია, რა უნდა ბავშვთან ურთიერთობას?!“
ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, მშობლებს არ მოსწონთ, როდესაც თავადაც ბავშვურად უხდებათ მოქცევა და შვილებთან ერთად ენერგიის დახარჯვა:
„ჩვენ ბავშვის ჭკუაზე უნდა ვიყოთ და ეს არ გვაწყობს. მშობელმა უნდა იკოტრიალოს ბავშვთან ერთად, უნდა შეძვრეს საწოლის ქვეშ. ამ დროს რაღაც ჩამოვარდება, რაღაც გატყდება. ეს უკვე აღარ გვაწყობს. ყველა ჩვენგანს უტყდება ჭიქა, თეფში. აბა ბავშვმა გატეხოს, მაშინვე ვიწყებთ ზეწოლას მასზე. ამ დროს ჩვენც გვიტყდება ყველას რაღაც. არ გიტყდებათ ოჯახში თეფში? ბავშვი რომ გაიყვანოთ ეზოში, ეთამაშოთ, ირბინოთ მასთან ერთად, არცერთი არ მოგთხოვთ არც კომპიუტერს, არც ტელევიზორს და არც ტელეფონს.“
„პირველ რიგში, უნდა ვუზრუნველყოთ ბავშვის დაცულობა. ბავშვის დაცვა არ არის ჩაცმა, ჭამა, დაცვა არის გარემოს სიმშვიდე. ნებისმიერი ოთახი შემოფარგლული სივრცეა, ეს არ არის ლაღი სისტემა. ბავშვს აინტერესებს, რა ხდება კედლის იქით. ეს აღმომჩენობა ბავშვის ტვინის განვითარებაა, რომელსაც ის მთელი ცხოვრება იყენებს. მაღალი ან დაბალი თვითშეფასება ბავშვებში მშობლებთან ურთიერთობის ფენომენით არის განპირობებული. ჩვენ არ გვახსოვს თუნდაც ერთი კვირის წინ ნათქვამი სიტყვები, ბავშვი ამას ყველაფერს იმახსოვრებს. იყავით მშვიდები და ბედნიერ ბავშვობაში აცხოვრეთ თქვენი შვილები,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბაკურ კოტეტიშვილმა რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.