Baby Bag

რომელი სექსუალური დისფუნქციები გვხვდება ხშირად ქალბატონებში და როგორ ხდება მათი მკურნალობა? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია

რომელი სექსუალური დისფუნქციები გვხვდება ხშირად ქალბატონებში და როგორ ხდება მათი მკურნალობა? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია

​​სექსოლოგმა ზურაბ მარშანიამ ქალებსა და მამაკაცებში გავრცელებული სექსუალური დისფუნქციების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქალბატონებში ყველაზე ხშირი დისფუნქცია ვაგინიზმია:

„მძიმე სექსუალური დისფუნქციების ხვედრითი წილი ბევრია ქალებშიც და მამაკაცებშიც. ქალების სექსუალურ დისფუნქციებში ჭარბობს ვაგინიზმი. თანამედროვე კლასიფიკაციით ვაგინიზმი გაერთიანებულია ჯგუფში, რომელსაც ეწოდება ქალის სექსუალური ტკივილისა და პენეტრაციის მოშლილობა. სქესობრივი აქტის დროს არის ძლიერი ტკივილი, ამავე დროს არის სპაზმიც. პირადად ჩემი გამოცდილებიდან, ყველაზე ხშირი ვაგინიზმია.“

ზურაბ მარშანიას თქმით, ქალბატონებს ხშირად აწუხებთ ანორგაზმიის პრობლემაც:

„ძალიან ბევრია ანორგაზმია. ეს არის სიამოვნების მიღების არარსებობა ან ხანგრძლივი და მყარი გაძნელება. ​სქესობრივი განათლება და მისი დონის ამაღლება დამოკიდებულია მიწოდებული ინფორმაციის ხარისხზე. მნიშვნელოვანია, ვინ აწვდის ადამიანს ამ ინფორმაციას. ექიმისგან მიწოდებული ინფორმაცია უდიდესი ალბათობით რელევანტურია. ინფორმაცია არ უნდა იყოს მიღებული ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ბლოგებიდან. ძალიან ბევრია ასეთი. მე ბევრს ვიცნობ ასეთ ბლოგს.“

„რაც შეეხება გამოკვლევებს, ის გარკვეულწილად განსხვავებულია ქალებსა და კაცებში. იდენტური შეიძლება იყოს ჰორმონალური პროფილის გამოკვლევა, რომელიც ორივე შემთხვევაში გამართლებულია და აუცილებელიც არის. თუ მამაკაცებში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ქალში იმდენად დიდი არ აქვს. ​ქალის სექსუალური დისფუნქციის თითქმის 90-95 % ფსიქოგენური გარემოებებით არის განპირობებული. ასეთივე დიდი პროცენტი, შესაძლოა, ორგანული, მათ შორის ჰორმონალური, ცვლილებებით იყოს განპირობებული მამაკაცებში. მიდგომებიც განსხვავებულია. ქალებში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის პროფესიონალიზმს, მის სპეციალიზაციას. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქალის სექსუალურ დისფუნქციებზე, აუცილებელია სწორი ფსიქოლოგიური მიდგომა და მოტივაციის, განწყობის შექმნა. ქალმა უნდა დაიჯეროს, რომ შეუძლია ამ პრობლემის დაძლევა,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურაბ მარშანიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ისაუბრა.

წყარო: ​„ანატომია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრთელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად