COVID-19 და კვლევები - ამ თემაზე ექიმი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„როგორც მკურნალობის, ასევე გამოკვლევების კუთხით, COVID-19-თან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არ ხდება სამეცნიერო მტკიცებულებების გათვალისწინება.
სამწუხაროდ, უსიმპტომო პაციენტებთან ან მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში უხშირესად ხდება გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რომლის დასხივების ხარისხი ანუ რადიაციული დოზა=7mSv გახლავთ ბუნებრივი დასხივების 2-წლიანი პერიოდის ტოლფასი (ანუ დასხივება, რასაც ადამიანი 2 წლის განმავლობაში ბუნებრივად იღებს). ხშირად კი COVID-19-ის დროს კტ-ს რამდენიმეჯერ უკეთებენ პაციენტებს - 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ.
პოტენციურად კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებით გამოწვეული ჯანმრთელობის პოტენციური საფრთხეები თავს მომავალში იჩენს.
კოქრეინის სისტემური მიმოხილვით დადგინდა, რომ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის ეფექტური გამოკვლევის საშუალება COVID-19 დიფერენცირებისათვის სხვა რესპირატორულ დაავადებებთან.
Fleischner Society - COVID-19-ის დროს გულმკერდის (ფილტვების) გამოსახვის პროტოკოლი
პაციენტები COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომებით (Patients with mild features of COVID-19)
გულმკერდის გამოსახვა (Imaging - რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) რეკომენდებულია მხოლოდ პაციენტებში COVID-19-ის პროგრესირების რისკ-ფაქტორებით.
გამოსახვა არ არის რეკომენდებული ასიმპტომურ პაციენტებში ან მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ის დროს თუ ამ პაციენტებს არ აქვთ დაავადების პროგრესირების რისკები.
პაციენტები საშუალოდან-მძიმე ფორმის COVID-19-ით (Patients with moderate-to-severe features of COVID-19)
გამოსახვა მიზანშეწონილია COVID-19-ის ლაბორატორიული პასუხის გარეშე ან იმის მიუხედავად ხელმისაწვდომია თუ არა ვირუსზე ტესტირება - იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ საშუალოდან - მძიმე ფორმის სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს COVID-19-ზე და ინფექციის არსებობის პრე-ტესტური შესაძლებლობა (pre-test probability of infection)
გამოჯანმრთელებული პაციენტები (Patients recovered from COVID-19)
გამოსახვა რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ფუნქციური გაუარესება ინფექციის დროს და/ან ჰიპოქსია (სუნთქვის გაძნელება) მას შემდეგ, რაც ისინი გამოჯანმრთელდნენ.
სხვა სცენარი (Other scenarios)
ყოველდღიური გულმკერდის რენტგენოგრაფია არ არის რეკომენდებული სტაბილურ, ინტუბირებულ (აპარატზე მყოფ) პაციენტებში COVID-19-ით“, - წერს ექიმი ზაზა თელია.
„ხალხო, გვეშველა, მინდა ხმამაღლა ვიყვირო...“ - გიორგი ფხაკაძის ახალი ვიდეომიმართვა
პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მაყურებელს ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ ფაიზერის ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია:
„მე უკვე გესაუბრეთ, რომ ამერიკის წამლის სააგენტო მიიღებდა გადაწყვეტილებას. მოხდა ის, რაც არის დაუჯერებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერება არის ძალიან მაგარი რაღაც. ფაიზერის ვაქცინამ ორ წელიწადში შეძლო ის, რასაც სჭირდებოდა ხუთი წელიწადი. დიახ, ვაქცინის დამტკიცებას სჭირდებოდა ხუთი წელიწადი. თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე მედიცინა წინ მიდის. ე.წ. ტრადიციული მეთოდებით გაკეთებული ვაქცინები XXI საუკუნეში ძალიან ჩამორჩენილი მეთოდია.“
გიორგი ფხაკაძის თქმით, მსოფლიოში უკვე გვაქვს პირველი ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინა:
„ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში ჩვენ უკვე გვაქვს პირველი ეფექტიანი, რაც მთავარია უსაფრთხო და დამტკიცებული ვაქცინა. ანტივაქსერების სექტა რომ იძახის, ეს ექსპერიმენტია და ჩვენ ვირთხები ვართო, მორჩა, ამოგეცალათ ყველაფერი. ამერიკის წამლის სააგენტომ გადაამოწმა ფაიზერის ყველა კლინიკური ინფორმაცია, ყველა კვლევა, რომელიც ლაბორატორიაში იყო ჩატარებული, ყველა კვლევა, რომელიც იყო ჩატარებული ცხოველებზე. თითოეული ის ცხოველი, რომელიც შეეწირა ამ პროცესს, უნდა გვახსოვდეს, იმიტომ, რომ მათ გარეშე ჩვენ არ ვიქნებოდით იქ, სადაც ვართ.“
„ხალხო, გვეშველა. ეს არის ძალიან მაგარი ამბავი. ორი წელიწადი ლოკდაუნებით არ დაიღალეთ? ჩაკეტვებით არ დაიღალეთ? კაცობრიობა, მედიცინა მიდის წინ. დიახ, გიორგი ფხაკაძემ მიირთვა ფაიზერი. მე სხვა ვაქცინის საშუალება მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე ფაიზერი. ეს მეთოდოლოგია და პროგრესი გვაძლევს საშუალებას, რომ ახალ წამალს აღარ დასჭირდება ხუთი წელიც კი. ის შეიძლება გაკეთდეს 1-2 წელიწადში. წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა პროგრესია?! ყველას გილოცავთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, დროზე აიცერით ფაიზერით, სანამ ფაიზერი ჯერ კიდევ ქვეყანაში არის,“- აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.