როგორ მოვაწყოთ სახლი ისე, რომ ფინანსები მოვიზიდოთ?
„მე, როგორც ფენ შუის სპეციალისტი, ფენშუისეულად აგიხსნით, რა უნდა გავაკეთოთ ფინანსების მოსაზიდად. პირველ რიგში, სახლი ისე უნდა მოვაწყოთ, რომ ფენ შუის პრინციპები დავიცვათ. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ პროგნოზი, როგორი პერიოდი გვაქვს ცხოვრებაში. არის თუ არა ახლა ის თვე, როდესაც ფულის ინვესტირება უნდა მოვახდინოთ, სესხი ავიღოთ, თუ ეს ის პერიოდია, რომელიც არ იძლევა შემოსავლებს. ასევე უნდა ვიცოდეთ, როგორ ვიმოქმედოთ: ვიყოთ სტუმრის როლში, როდესაც მოლაპარაკებებზე მივდივართ, თუ ვიყოთ მასპინძლის როლში. ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.“
ეკა კვარაცხელიას თქმით, სახლის მოწყობისას ყველაზე დიდი ყურადღება მის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს უნდა დაუთმოთ:
„მე დავიწყებ სახლის ფენ შუიდან. როგორ მოვაწყოთ სახლი ისე, რომ ფინანსები მოვიზიდოთ? ყველა სახლში არის ზონები, სიმდიდრის ზონა, სიყვარულის ზონა, კარიერული წინსვლის ზონა, ცოლ-ქმრული ურთიერთობების ზონა და ა.შ. ფენ შუის მიხედვით, სიმდიდრის ზონა არის თქვენი სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე. პირველ რიგში, კომპასით უნდა განსაზღვროთ სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე. აქ უნდა შეიტანოთ სიმბოლოები, მაგ. სამფეხა ბაყაყი პირში მონეტით, ხარის სიმბოლო, ფენ შუის მონეტები და სხვა ნივთები. შეგიძლიათ თქვენი ხელით დაამზადოთ სიმდიდრის თასი, შიგნით მონეტები ჩაყაროთ, თქვენი ენერგეტიკა ჩადოთ და კუთხეში განათავსოთ. ძალიან კარგია, ამ კუთხეში აკვარიუმს თუ დადგამთ. აკვარიუმში უნდა გყავდეთ ცხრა თევზი. ცხრა რიცხვი სიმბოლიზირებს მატერიალურ კეთილდღეობას. მნიშვნელობა აქვს თევზის ფერებსაც, რვა ოქროსფერი უნდა იყოს და ერთი შავი. ამ სექტორში აუცილებლად უნდა შევიტანოთ ბროლი, ის ენერგეტიკის გამანაწილებელია. კარგი იქნება, თუ ბროლის წითელ-იასამნისფერ სანათს ყოველდღე დატოვებთ ორი-სამი საათით ანთებულს.“
ეკა კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ფინანსების ნაკლებობას სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორის დაზიანება იწვევს:
„არის სახლები, სადაც ძალიან წარმატებული ადამიანები ცხოვრობენ. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ ფული რატომღაც არ ჩერდება, მოდის და ისევ უკან მიდის. რა ხდება? დაზიანებულია სამხრეთ-აღმოსავლეთი სექტორი. ფულს ადევს ბლოკი, ფულს ადევს ისეთი ნიუანსები, რომ ის არ მოედინება. ადამიანებს სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული აქვთ საპირფარეშო. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.“
ეკა კვარაცხელიას თქმით, ფინანსების მოსაზიდად სახლში ფიკუსი ან გერანიები უნდა გქონდეთ:
“ფულის ხე მე ყველაზე ნაკლებად მიმაჩნია ფინანსური კეთილდღეობის მცენარედ. ეს არის მცენარე, რომელსაც ცხრა წელი სჭირდება იმისთვის, რომ მან რამე გააკეთოს. ამ მხრივ ფიკუსი არის საუკეთესო მცენარე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთით უნდა დადგათ. თუ სარკეს დაკიდებთ ისე, რომ ფიკუსი აირეკლოს, ორმაგად გააძლიერებთ ფინანსურ ენერგიას. ძალიან კარგია სახლში გერანიები. ევროპაში ყველა აივანზე გერანიებია განთავსებული. გერანიები სამხრეთით უნდა განათავსოთ და ქოთანთან მონეტები დაალაგოთ. ხშირად დაანთეთ მწვანე ფერის სანთლები.“
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ როგორი ფერის საფულეს ატარებს. არ შეიძლება ერთმა საფულემ ყველასთვის კარგად იმუშაოს. თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება ნულზე ან ერთზე, თქვენი საფულის ფერი უნდა იყოს მწვანე, სალათისფერი ან მუქი ჭაობისფერი, შეიძლება ლურჯიც. თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება ორზე ან სამზე, თქვენი საფულე უნდა იყოს წითელი, ალისფერი ან მუქი ბორდოსფერი. თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება ოთხზე ან ხუთზე, თქვენი საფულე უნდა იყოს ყვითელი, ყავისფერი ან აგურისფერი. თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება ექვსზე ან შვიდზე, მაშინ თქვენი საფულე უნდა იყოს ვერცხლისფერი, ოქროსფერი ან თეთრი. თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება რვიანზე ან ცხრიანზე, საფულე უნდა იყოს შავი, თეთრი ან ლურჯი,“- აღნიშნავს ეკა კვარაცხელია.
არ დაგავიწყდეთ !!!
დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

