Baby Bag

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ბოლო ზარზე „ჟიგულით“ მივიდა

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ბოლო ზარზე „ჟიგულით“ მივიდა

დღეს საქართველოს საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. თეთრ მაისურებში გამოწყობილმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ეს დღე სხვადასხვაგავარად აღნიშნეს. 

ქუთაისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული საბა თოლორდავა სკოლაში თავისი განუყრელი მეგობრით, „ჟიგულით“ მივიდა. ეს ფაქტი ინტერნეტსივრცეში, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

„ვინ არის ამ „ჟიგულის“ მძღოლი, რომელმაც დღეს ინტერნეტსივრცე დაიპყრო?!

ვინ არის და ჩემი ძმის შვილი და მომავალში ოსკაროსანი მსახიობი საბა თოლორდავა. დღეს კი ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული.

ბოლო ზარზე თავისი განუყრელი მეგობრით, „ჟიგულით“ მივიდა და კაი დღეშიც ჩააგდო. მაგრამ დაუვიწყარი მოგონებებისთვის ღირს მსხვერპლის გაღება. დიდი ხალისი და ხიბლი დააკლდებოდა დღევანდელ დღეს საბჭოეთის გადმონაშთის გარეშე.

საბა, დღევანდელი დღის ნამდვილი გმირი ხარ. ასე გააგრძელე! 

შენი ხალისი და ხიბლი შეგეტანოს ყველგან, სადაც კი ფეხს შეაბიჯებ. წარმატებები ჩაგდგომოდეს კვალში და მწვერვალამდე მიეცილებინე.

შენს გულშემატკივართა დიდ არმიაში ვეწერები და ველი ავტოგრაფს,

P.S. სულ დამავიწყდა იმის აღნიშვნა, საბარგულზე გოგო რომ არის წამოსკუპული საბას თანაკლასელი და მამიდაშვილი, ე. ი. ჩემი შვილი ლილე მინდელია,“ - წერს სოციალურ ქსელში საბას მამიდა, ჟურნალისტი ლელა თოლორდავა.

თქვენ როგორ აღნიშნეთ სკოლის დამთავრება? კომენტარებში თქვენი ბოლო ზარის ფოტოები გაგვიზიარეთ.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!'' - განათლების მინისტრის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

,,თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!'' - განათლების მინისტრის მილოცვა მეთორმეტეკლასელებს

​,,ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას.

ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი" - დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ.

მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას და გამარჯვებულები ამთავრებთ სკოლას.

ამ პირობებში ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, უზრუნველგვეყო სასწავლო პროცესის უწყვეტობა. ალბათ დღეს, როგორც არასდროს, ცხადი გახდა ამ ამოცანის მნიშვნელობა, რადგან ამ თუ სხვა გამოწვევათა დაძლევა მხოლოდ ცოდნით, განათლებით, მეცნიერებით შეიძლება.

და უკვე ხვალიდან, როდესაც თქვენს წინაშე უამრავი ახალი პერსპექტივა იხსნება, უკეთესი მომავლის უმთავრესი შემოქმედები სწორედ თქვენ ხართ. ცოდნის გაღრმავების ჟინით, გამოწვევებისადმი მზაობით, ნოვატორული მიდგომებით უნდა იკისროთ საკუთარი, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის ბედის წარმართვა.

ასე რომ, თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით.

თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!

წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მილოცვა მე-12 კლასელებს. 

წაიკითხეთ სრულად