Baby Bag

„განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდობას, ნუ გაიმეტებთ თქვენს მეგობრებს, ნუ შეურაცხყოფთ მათ“ - ილია მეორე

„განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდობას, ნუ გაიმეტებთ თქვენს მეგობრებს, ნუ შეურაცხყოფთ მათ“ - ილია მეორე
„მე, ცოდვილი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, 40 წლის მანძილზე ვარ სულიერი მწყემსი ქართველი ერისა. ბევრი რამ შემშლია, ბევრი ცოდვა ჩამიდენია და ამ წმინდა დღეს, შენდობის დღეს, ვთხოვ ჩვენს ერს, სრულიად საქართველოს შენდობას და მიტევებას ცოდვათა ჩემთა. მივმართავ ყველა თქვენგანს, დაინახეთ ცოდვები თქვენი, სთხოვეთ უფალს შენდობა. შენდობას აძლევს უფალი მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც განიცდის თავის ცოდვას. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდობას, ნუ გაიმეტებთ თქვენს მეგობრებს, ნუ შეურაცხყოფთ მეგობრებს, ამხანაგებს, აპატიეთ შეცოდებანი მათნი. ჩვენ დღეს ვდგავართ წინაშე ღვთისა, გაშიშვლებული ცოდვებით, უზრუნველობით, ბოროტი სიტყვიერებით და ვთხოვთ უფალს შენდობას შეცოდებათა ჩვენთა. უფალი ამბობს, რასაცა გახსნით ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს ცათა შინა და რასაცა შეკრავთ ქვეყანასა ზედა, შეკრული იყოს ცათა შინა. არა არს კაცი, რომელიც ცოცხლობდეს ცხონდეს და არა სცოდოს, შენ მხოლოდ ხარ უცოდველი უფალო. შენი ვარ, მაცხოვნე მე. დღეს ღრმად უნდა ჩავხედოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, ჩვენს სულს და დავინახოთ, ვინ ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ ქმნილება, ხატება ღვთისა. ჩვენ ვართ საყვარელნი ღვთისა. ადამიანმა უნდა დაინახოს თავისი ცოდვა. უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვაი ძმისა ჩემისა. ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს, ვხედავთ ჩვენს ცოდვებსა, ვგრძნობთ სიახლოვესა უფლისასა. უფალი უხილავად დგას დღეს წინაშე ჩვენსა და ისმენს ჩვენს აღსარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი, რომელმაც შექმნა ადამიანი, ისევე გვაძლევს მადლსა და ძალასა, რათა ვებრძოლოთ ცოდვებს. ღმერთო წმინდაო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა“.

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა... არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა“

„ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა... არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშა, უფლის მსგავსად ყველა ადამიანი უნდა ამაღლდეს.

ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი თითქოს განშორდა მიწას და ხალხს, სინამდვილეში კი, იგი ჩვენთანაა. უფალი ამბობს: „სადაც ორი და სამი არის შეკრებილი ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ“. დიდება და მადლობა უფალს! ჩვენთან არს ღმერთი!

უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ.

მე მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, - ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, ეს გაჭირვება, განსაცდელი თუ სხვა რამ, ყველაფერი ჩვენთვისაა და უწყობს ხელს ჩვენს ამაღლებას.

დედამიწაზე ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება ეს არის წუთის სოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.

ხშირად ვიცით თქმა: „ღმერთს ებარებოდეთ!“ სანამ მიწაზე ვართ, ღმერთს უნდა ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ. ამისთვის კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჩვენი თავისთვის კი არ ვიცხოვროთ, არამედ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვისთვის, სხვა გაახაროს; აი ამას გისურვებთ თქვენ. გაიხარეთ ორსავ სოფელსა შინა!

აი, როცა ჩვენთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილი ან ხე საჩუქრად, მე ვეუბნები მათ და თქვენც გასწავლით, რომ მცენარეს უთხრათ: გაიხარე და გაგვახარე!

ადამიანი მწუხარებისთვის კი არა სიხარულისთვის არის გაჩენილი. სიხარულისთვის არის მოვლენილი. ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ, არ დათრგუნოთ თქვენი გონება; იმედი არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა და ჩვენთანაა, გაიხარეთ. გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ! ჩვენთან არს ღმერთი!“ - განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ.

წაიკითხეთ სრულად