Baby Bag

ახალშობილის მუცელზე დროებით გადმობრუნების 3 სარგებელი

ახალშობილის მუცელზე დროებით გადმობრუნების 3 სარგებელი
ახალშობილის მუცელზე დროებით გადმობრუნების 3 სარგებელი (Tummy Time) და როგორ უნდა მოხდეს ეს უსაფრთხოდ? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ზაზა თელია წერს. გთავაზობთ მის პოსტს: 

​ჩვილები დიდ დროს ატარებენ ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, თუმცა ზოგჯერ ცოტა ხნით მათი მუცელზე გადმობრუნება თამაშობს მნიშვნელოვან როლს მათი განვითარებისთვის.

​შეხედეთ ამ საკითხს როგორც - ეს არის ბავშვის პირველი ვარჯიში.
​მას აქვს სამი სარგებელი:
​1. ხელს უწყობს მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას
​როდესაც ჩვილები მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში გარკვეულ პერიოდს ატარებენ, ხდება კუნთების განვითარება, რაც მათ აძლევს თავის აწევის, გვერდზე გადაბრუნების, ცოცვის საშუალებას.

​ამ დროს ხდება ტორსის კუნთების ძალის განვითარება, ასევე ზურგის, კისრის და მხრის კუნთების ძალის განვითარება.
​​კვლევებით დადგინდა, რომ ჩვილები, რომლებიც არ ატარებენ გარკვეულ დროს მუცელზე მწოლიარე პოზიციაში, აქვთ დაგვიანებული მოტორული განვითარების მომატებული რისკი.

​​2. მცირდება თავის ქალას დეფორმაციის რისკი

​​ჩვილები, რომლებიც ატარებენ დიდ დროს ზურგზე მწოლიარე პოზიციაში, შეიძლება განუვითარდეთ ბრტყელი თავის სინდრომი ან პოზიციური პლაგიოცეფალია (არ არის საშიში და პერმანენტული).

​​თუმცა სხვა სახის პლაგიოცეფალიები საჭიროებს აუცილებელ ყურადღებას, ამიტომ თუ ჩვილის თავზე შეამჩნევთ ბრტყელ ადგილს აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

​​3. ხელს უწყობს სენსორულ განვითარებას

​​მუცელზე მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა ბავშვს აძლევს საშუალებას, გამოსცადოს სხეულის სხვადასხვა პოზიცია და მოძრაობა, სხვადასხვა თვალთახედვა და სამყაროს შეგრძნობა. ​ასევე ეხმარება ვესტიბულური სისტემის განვითარებას იმის ხარჯზე, თუ როგორ ხდება ამ პოზიციაში ხელების და ფეხების მოძრაობა.
​როდის შეიძლება დაწყებულ იქნას მუცელზე დროებით გადმობრუნება (Tummy Time)?

​​ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით, ის შეიძლება დაწყებულ იქნას პირველივე დღეს ჩვილის სამშობიაროდან სახლში მიყვანისას.

​​დაიწყეთ მოკლე პერიოდებით, მყარ ზედაპირზე რამდენიმე წუთით, დღეში რამდენჯერმე.
​თავიდან ეს ბავშვს შეიძლება არ მოეწონოს. გადმოაბრუნეთ, როგორც კი „ფაციფუცს“ დაიწყებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბავშვი მოძლიერდება, უფრო დიდხანს შეძლებს მუცელზე ყოფნას და მოეწონება.

​ამის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ მთლიანი საათის განმავლობაში ამყოფოთ ჩვილი ამ პოზიციაში ყოველდღიურად.
​რა უნდა გავაკეთოთ თუ ბავშვი ამ შემთხვევაში ტირის?
​თუ ბავშვს არ მოსწონს და იწყებს ტირილს, ეცადეთ მუცელზე გადმობრუნებისთვის აირჩიოთ დრო - დილით ადრე გაღვიძებისას ან საფენის გამოცვლის შემდგომ. ეს არ უნდა იყოს უარყოფითი გამოცდილება მათთვის. ასევე შეგიძლიათ დახვეული პირსახოცი ამოუდოთ ტორსის ქვეშ, რაც ზოგჯერ ეხმარება მათ.

​აუცილებელია არ მოვადუნოთ ყურადღება
​მუცელზე დროებით გადმობრუნება - სხვადასხვა ადგილას. სხვადასხვა ადგილას დავუდოთ სათამაშოები იმისათვის, რომ ეცადოს მისწვდეს სხვადასხვა მიმართულებით.
​დაიმახსოვრეთ!
​მუცელზე დროებით გადმობრუნება კარგია ჩვილის განვითარებისათვის, მაგრამ ჩვილს ყოველთვის უნდა ეძინოს ზურგზე! ჩვილის უეცარი სიკვდილის რისკის შემცირებისათვის!“ - წერს ზაზა თელია.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების​ ჯგუფი“)

​რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი?
​რა არის ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი, - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ​ნათქვამს სიიტყვა-სიტყვით:ყოველწლიურად აშშ-ში დაახლოებით 3 500 ბავშვი კვდება უეცრად, ყოვე...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - თემაზე ზაზა თელია საუბრობს

როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - თემაზე ზაზა თელია საუბრობს

როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი და რა ასაკიდან შეიძლება გამოვიყენოთ? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ესაუბრა.

- როგორ აისახება ბავშვის კანზე მზეზე დიდხანს ყოფნა და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს?

- მრავალი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მზისგან ულტრაიისფერი სხივები სერიოზულ ზიანს აყენებს, არამარტო კანს, არამედ მთლიანად ორგანიზმს. შეკრებილი ინფორმაციის მიხედვით, სტატისტიკურად ადამიანის ცხოვრებაში კანის დამწვრობის ეპიზოდების უმეტესი წილი მოდიოდა ბავშვთა ასაკში. მოგეხსენებათ, ერთი დამწვრობის ეპიზოდიც კი კანის კიბოს განვითარების რისკს, დაახლოებით 20-30%-მდე ზრდის. შესაბამისად, ბოლო პერიოდია, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება დამწვრობების პრევენციისთვის სამედიცინო ასოციაციების მხრიდან, როგორიც არის ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაცია. სამწუხაროდ, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში დამწვრობის ეპიზოდები უფრო ხშირია, ვინაიდან მათ უყვართ ზაფხულში წყალში ყოფნა, დღის მანძილზე გარეთ თამაში, შესაბამისად, მშობლებს უჭირთ რეკომენდაციების დაცვა. მზისგან დამცავის გარდა, მშობლებს ურჩევენ, რომ სწორად შეარჩიონ საცურაო მაისურები, რომლებიც ფარავს ბავშვის კანის დიდ ნაწილს, ასევე, საცურაო ქუდი, რომელსაც ე.წ. ფრთები აქვს და იცავს ბავშვის კისერს. ძალიან მნიშვნელოვანია მზის სათვალის გამოყენება, რადგან თვალებიც ზიანდება მზის ულტრაისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად. ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია, არა მარტო დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, არამედ სხვა დამაზიანებელი ეფექტის პრევენციისთვისაც.

- როდიდან უნდა წავუსვათ ბავშვს მზისგან დამცავი?

- 0 წლიდან რეკომენდებულია მზისგან დამცავის კრემის გამოყენება.

- როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვილისთვის მზისგან დამცავი კრემი და რა ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს?

მოგეხსენებათ, ბავშვის კანი მეტად მგრძნობიარეა ყველაფრის მიმართ, შესაბამისად, კრემი უნდა იყოს ორმაგი დაცვის, უკეთეს შემთხვევაში, ოთხმაგი დაცვის. აუცილებელია, რომ იყოს ულტრაისფერი A და B სხივისგან დამცავი და კარგი იქნება თუ დამატებული ექნება ხილული (visible) და ინფრაწითელი სხივისგან დაცვის მექანიზმიც, ვინაიდან ეს სხივებიც დამაზიანებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბავშვებისთვის რეკომენდებულია SPF 50.

რაც შეეხება შემადგენლობას:

ორი ტიპის მზისგან დამცავი არსებობს, ე.წ. ფიზიკური და ქიმიური ფილტრაციის. ფიზიკური ფილტრაცია გულისხმობს, რომ მზისგან დამცავი კანს ეკვრება და მზის ულტრაისფერ სხივებს ირეკლავს, ხოლო ქიმიური ფილტრაციის შემთხვევაში თვითონ ნივთიერებები შთანთქავს ულტრაისფერ სხივებს. 

ბავშვებში რეკომენდებულია ფიზიკური ფილტრაციის მზისგან დამცავის გამოყენება, რომელიც შეიცავს, როგორც წესი, სამ ნივთიერებას: თუთიის ოქსიდი, რკინის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი. თუმცა ასევე შესაძლებელია, გამოვიყენოთ ორმაგი ფილტრაციის მზისგან დამცავი, ვგულისხმობ, რომ კრემი შეიცავდეს ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებებს და ამასთანავე, შემადგენლობაში იყოს ქიმიური ფილტრაციაც.

უმჯობესია, თუ მზისგან დამცავი იქნება სქელი კონსისტენციის. კრემი უნდა გადანაწილდეს ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებში და განახლდეს ორ საათში ერთხელ. თუ ბავშვი აუზში, ზღვაში ან შხაპის ქვეშ დასველდა, ამ შემთხვევაშიც აუცილებელია განახლება. მოზრდილი ადამიანების შემთხვევაში რაოდენობა, დაახლოებით, გოლფის ბურთის ზომის იყოს, ხოლო ბავშვებისთვის ეს რაოდენობა ნახევრდება.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად