Baby Bag

სასწავლო პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინსტრუქციები სკოლებს

სასწავლო პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინსტრუქციები სკოლებს

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი Covid19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუქციები/რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ.

სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:

  • უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით;
  • უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით.

აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია:

  • მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ და მიაწოდონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად:
  • საკითხავი ლიტერატურა;
  • შემეცნებითი აქტივობები;
  • კვლევითი პროექტები;
  • ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • თემატური დავალებები
  • და სხვა.
  • სკოლის ადგილობრივი კონტექსტიდან გამომდინარე, გაიმართოს საკომუნიკაციო ქსელები კლასების დამრიგებლებს, ცალკეულ მასწავლებლებსა და კათედრების ხელმძღვანელებს შორის. მასწავლებლებმა ააწყონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა მოსწავლეებთან.

ამ პროცესში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას Microsoft office 365-ის პროდუქტები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლის წარმომადგენლისთვის (ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის). ამ მიზნით სკოლის წარმომადგენელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://email.mes.gov.ge/ და გაეცნოს/მიჰყვეს ინსტრუქციებს. ტექნიკური პრობლემის არსებობის შემთხვევაში მასწავლებეს შეუძლია მიმართოს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელს ან/და სკოლის ინფორმაციულ მენეგერს ასეთის არსებობის შემთხვევაში. დამატებით, ინსტრუქციების ბეჭდური სახით მასწავლებლებს შეუძლიათ მიმართონ რესურს ცენტრებს ან/და სკოლის ადმინისტრაციას.

  • მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებისთვის გამოიყენონ ყველა არსებული საკომუნიკაციო ფორმა, მაგალითად:
  • სოციალური ქსელი;
  • ვიდეოზარები;
  • სატელეფონო კომუნიკაცია;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • და სხვა
  • იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო საზოგადოებაში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ხელს უშლის ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულებას, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2wWghAa

აღსანიშნავია, რომ პერიოდულად განახლდება უფასო რესურსების ჩამონათვალი საგანმანათლებლო პორტალზე el.ge. ამასთანავე გაზიარდება ყველა ის ინიცირებული პროექტი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

სკოლების სურვილის შემთხვევაში, სამინისტრო მზადაა განიხილოსშემოთავაზებები ან უკვე არსებული გამოცდილება, ინდივიდუალური პრაქტიკის სხვა სკოლებთან გაზიარების მიზნით.

აქვე გაცნობებთ, რომ სწავლის განახლების პერიოდისთვის სკოლებს მიეწოდება შესაბამისი ინსტრუქციები, სასკოლო სასწავლო გეგმის იმგვარად მოდიფიკაციის შესახებ, რომ მიღწეულ იქნეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები.

მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმვის პროცესში თითოეულმა სკოლამ, მასწავლებელმა/დამრიგებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური მდგომარეობა, ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად შეარჩიოს ალტერნატიული საკომუნიკაციო ფორმა.

ასევე თითოეულმა მასწავლებელმა მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, ასეთის არ არსებობის შემთხვევაშ გამოიყენოს სკოლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შერჩეული მასალა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს მიაწოდოს ისეთი გზით, რომელიც შეთანხმებული იქნება მშობელთან.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეტაპობრივად მიეწოდებათ ყველა ის სიახლე, რომლებსაც ყოველდღიურად ამუშავებს სამინისტროს გუნდი.

რეკომენდებული რესურსები:

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) და კომპანია Microsoft რეკომენდაციას უწევენ წარმოდგენილ პლატფორმებს/ხელსაწყოებს, რომლებიც შექმნილია მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხო და ეფექტიანი კომუნიკაციისთვის, რაც მასწავლებლების გადამზადების, გაკვეთილის დისტანციურ რეჟიმში წარმართვისა და ელექტრონული სწავლების დანერგვის საშუალებას იძლევა. EMIS-ის მიერ დანერგილმა სისტემებმა შესაძლებლობა მოგვცა საქართველოში არსებულ 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნილიყო პირადი მომხმარებლის პროფილი, რომელზეც უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მისაღწევად დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, ასევე შექმნილია გზამკვლევები და პროგრამების წარმატებით გამოყენების მაგალითები. ეს საშუალებას მისცემს როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს, მარტივად დაეუფლოს და სრულად გამოიყენოს Office 365-ის პროგრამები.

მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის ცალკე შექმნილია 55 000-ზე მეტი მომხმარებლის პროფილი, რომელიც მოსწავლეებისათვის ინდივიდუალურად/ჯგუფურად საგაკვეთილო პროცესის დისტანციურად ორგანიზების საშუალებას იძლევა.

მაიკროსოფტის პროდუქტები:

  • Teams - პროგრამა, რომელიც აერთიანებს მიმოწერას, შეხვედრებს, ფაილების გაცვლის სერვისებსა და სხვა აპლიკაციებს, საშუალებას იძლევა მოვაწყოთ ვირტუალური საკლასო ოთახები, გვქონდეს ეფექტური კომუნიკაცია სკოლებთან და ჩავატაროთ ლაივ ინტერაქტიული გაკვეთილები. Teams-შივეა ინტეგრირებული OneNote Class Notebook, რომელიც საშუალებას იძლევა ეფექტურად მოვამზადოთ დავალებები. https://teams.microsoft.com
  • OneNote Class Notebooks - იძლევა საშუალებას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჰქონდეთ პირადი სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელია დავალებებისა და დამატებითი სასწავლო რესურსების ატვირთვა
  • OneNote - https://www.onenote.com/edu/classnotebook
  • Forms - მასწავლებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, პროგრამა form-ში შექმნან მოსწავლეების ტესტირებისთვის დახურული და ღია ტიპის კითხვები. https://forms.microsoft.com/
  • WhiteBoard - ციფრული საკლასო დაფა. https://whiteboard.microsoft.com/
  • OneDrive - თითოეულ მომხმარებელს აქვს 5 ტბ + სივრცე ფაილების ატვირთვისა და გაზიარებისთვის. https://onedrive.live.com/about/en-us/signin/
  • Sway - ონლაინ პრეზენტაციების მოსამზადებელი ხელსაწყო, რომელიც საშუალებას გაძლევს მონაცემების ატვირთვის შემთხვევაში თავად შეგიქმნას გარკვეული ინტერაქციული ვიზუალები. https://www.office.com/launch/sway/
  • Power Point - პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვა სახის პრეზენტაციები. https://www.office.com/launch/powerpoint/
  • Calendar - პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სკოლის ადმინისტრაციამ და მასწავლებელმა გაუზიაროს დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია როგორც მოსწავლეს, ისე მშობელს. https://outlook.office.com/calendar

არდადეგების პერიოდში, არაფორმალური განათლების ჭრილში მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს როგორც Microsoft Office 365-ის პროდუქტები, ისე:

  • EL.GE- ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს. https://el.ge/
  • ვსწავლობთთამაშით- ციფრული საგანმანათლებლო რესურსი ,,ვსწავლობთ თამაშით” გამიზნულია დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მოსწავლეებისთვის. რესურსის გამოყენება შესაძლებელია ფორმალური და არაფორმალური განათლების მიზნებისთვის - სკოლაში, ოჯახში, ბავშვთა დღის ცენტრში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. რესურსის გამოყენება ხელს შეუწყობს ბავშვებში ისეთი კომპეტენციების განვითარებას, როგორებიცაა: შემოქმედებითობა, პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ციფრულ რესურსს საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს.იგი ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის როგორც დამოუკიდებელი, ასევე ინტეგრირებული სწავლა - სწავლების პროცესში. http://play.geolab.edu.ge/index.html
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილი ელ. საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც შექმნილია ბუნებისმეტყველებასა და სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მიმართულებით სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით (საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში). https://school.emis.ge/index.html

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აგრძელებს დისტანციური სწავლებისთვის სხვადასხვა მიმართულებით სისტემის განვითარებას, კერძოდ:

  • სატელევიზიო ბადის გამოყენებას;
  • სინქრონული დისტანციური სწავლების პლატფორმების განვითარებას;
  • პორტალ EL.GE-ზე დამატებითი საგანმანათლებლო, განმავითარებელი და მეთოდოლოგიური რესურსების შემუშავებასა და განთავსებას;
  • ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის გარკვეული რესურსების ადაპტირებას;
  • მასწავლებლებისთვის დამხმარე რესურსების შექმნასა და გაზიარებას.

    ​თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაცია, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში

ინფორმაცია, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში

ექიმები ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული სოციალურ ქსელში აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში. ​MomsEdu.ge გთავაზობთ მათ პოსტს:

​„ინფორმაცია, რომელიც ამ მოკლე გზამკვლევშია მოწოდებული, არაერთხელ გამოქვეყნდა სხვადასხვა ფორმატით, მაგრამ სამწუხაროდ, არ წყდება წერილების უსასრულო ჯაჭვი, რომლებშიც პანიკაში მყოფი ადამიანები დაჟინებით ითხოვენ პასუხებს ერთი და იმავე შეკითხვებზე. ვითვალისწინებთ რა საქართველოში არსებულ ამჟამინდელ კრიტიკულ სიტუაციას, გადატვირთულ ჯანდაცვის სექტორს და დღეების განმავლობაში ექიმის კონსულტაციის გარეშე დარჩენილი პაციენტების ინტერესებს, ჩვენ, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ მაქსიმალურად მარტივი ენით დაწერილ ინფორმაციას, რომელიც სრულიად საკმარისია გაურთულებელი კოვიდის სამართავად სახლის პირობებში. იმედია, ამ მოკლე გზამკვლევს ჩვენი ახალგაზრდა კოლეგებიც გამოიყენებენ და გაითვალისწინებენ.

კოვიდ ინფექციის სიმპტომების გამოვლინებისას, ან ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში ქცევის წესები:
კოვიდ-19-ის სიმპტომები ძალიან მრავალფეროვანია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდი შეიძლება დაიწყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების კომპლექსით, ან უკვე არსებული ქრონიკული პრობლემების უეცარი გამწვავებით.
კოვიდ-19-ის ყველაზე ხშირად გამოხატული სიმპტომებია:

  • გემოს და ყნოსვის ნაწილობრივ დაქვეითება, სრული გაქრობა ან გაუკუღმართება (როცა ყველაფერს მხოლოდ ერთი სპეციფიკური სუნი ან გემო აქვს, მაგალითად, დამპალი ხორცის, დამწვარი რეზინის და ა.შ.). ეს ორი სიმპტომი ყველაზე სპეციფიკურია.
  • ცხელება, შემცივნება, კანკალი;
  • გონების დაბინდვა;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • ძლიერი ზოგადი სისუსტე;
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
  • სხეულის კუნთების ტკივილი (ხშირად უმძიმესი);
  • ყელის ტკივილი, წვის შეგრძნება, ან ყელში უცხო სხეულის შეგრძნება; ი) სურდო (დელტა ვარიანტს ეს განსაკუთრებით ახასიათებს);
  • ხველება, სუნთქვის გაძნელება;
  • გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი;
სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობით იქნას გამოხატული დაავადების სხვადასხვა პერიოდში. არ არის აუცილებელი რამდენიმე ან ყველა სიმპტომის ერთდროული გამოვლინება.
კოვიდ-19-ზე ეჭვის მიტანა აუცილებელია ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში და თანდართული რომელიმე, თუნდაც ძალიან მსუბუქად გამოხატული სიმპტომის გამოვლინებისას.
თვითშეფასება კოვიდ-19-ის დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა!
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ყველა დაავადებული ტესტირებას, მკურნალობას ან ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს!
თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ; აუცილებელია იზოლაცია (ქართული ოფიციალური გზამკვლევის მიხედვით 12 დღით).
რას გულისხმობს იზოლაცია? - თუ ოჯახის წევრებისგან განცალკევებულ საცხოვრებელში ვერ ახერხებთ გადასვლას, ეცადეთ მათთან (ერთდროულად) საერთო სივრცით არ ისარგებლოთ. თქვენი ოთახიდან გამოსვლისას ატარეთ ორმაგი ნიღაბი. თუ საშუალება გაქვთ ცალკე საცხოვრებელში იყოთ, ეს იდეალური გამოსავალი იქნება.
დაიწყეთ სიმპტომების ყოველდღიური აღწერა. აწარმოეთ კოვიდ დღიურები. კოვიდ დღიურები საშუალებას იძლევა ექიმმა მაღალი სიზუსტით შეაფასოს დაავადების დინამიკაში მიმდინარეობა და სწორად განსაზღვროს ის პერიოდები, როცა საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, მკურნალობის დაწყება ან ჰოსპიტალიზაცია.

კოვიდ დღიურებისათვის საჭირო ინფორმაციების ჩამონათვალი:
1. ჩაინიშნეთ პირველი სიმპტომების გამოვლინების და დადებითი ტესტის დადასტურების დღე;
2. ტემპერატურის მრუდი. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ ტემპერატურა და მოინიშნეთ დღიურში დროსთან ერთად.
3. სისხლში ჟანგბადის შემცველობა (სატურაცია). სასურველია, იქონიოთ პულსოქსიმეტრი. თუ ხელი არ მიგიწვდებათ, არ იდარდოთ, ამის გარეშეც გახვალთ ფონს. სხვა მეთოდებით დააკვირდებით სასუნთქ სისტემას.
4. გულისცემის სიხშირე. პულსის გაზომვა, ერთი წუთის განმავლობაში. 

ამას ასევე შეძლებთ პულსოქსიმეტრით ან ელექტრონული წნევის საზომი აპარატით.
5. სუნთქვის სიხშირე - ამ ინფორმაციის მიღებას ერთ წუთში გულმკერდის სუნთქვითი მოძრაობის აღრიცხვით, ან საკუთარ ჩასუნთქვის სიხშირეზე ყურადღებით დაკვირვებით შეძლებთ. თუ თავად ვერ ახერხებთ, დახმარება შეიძლება მეგობრებს სთხოვოთ. საუკეთესო საშუალებაა ვიდეოზარი მეგობართან. საუბარი განყენებულ თემაზე საშუალებას მოგცემთ დაავადებულის ყურადღება სხვაგან მიმართოთ და მოსმენისას მის გულმკერდის მოძრაობებზე დაკვირვებით წუთში სუნთქვის სიხშირე აღრიცხოთ.
6. აღრიცხეთ ყოველი ახალი სიმპტომი.
ყურადღებით დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. პირველ რიგში, აუცილებელია ზედმიწევნით კარგად შეაფასოთ თქვენი საწყისი მდგომარეობა, რათა ათვლის წერტილიდან მინიმალური გადახრის დაფიქსირება ადვილად მოახერხოთ. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება დროულად მიმართეთ ექიმს.
რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?
  • უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას.
  • შეუძლოთ ყოფნის გამო ვერ იღებთ საკმარისი რაოდენობით სითხეს და საკვებს.
  • გონების დაბინდვა.
  • მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
  • სუნთქვის გამოხატულად პროგრესირებადი უკმარისობა.
რესპირატორული უკმარისობა და სხვა სასიგნალო სიმპტომები:
  • ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი და იწვევს ქოშინს; ანუ ქოშინი მინიმალური დატვირთვისას.
  • სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში). მოსვენებულ მდგომარეობაში სუნთქვის გახშირება წუთში 24 ჩასუნთქვაზე მეტი დაავადების პროგრესირების მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.
  • ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას
  • ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია ოთახის ჰაერზე, <92%-ზე (მუდმივად), ან <95%-ზე, მაგრამ მას თან ახლავს სუნთქვის სიხშირის მყარი მომატება, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
  • პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს.
  • ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში. მაღალი ტემპერატურის ფონზე გულის აჩქარება მოსალოდნელია, მაგრამ არ უნდა დარჩეს იგივე ტემპერატურის ნორმალურ ფარგლებში დაბრუნებისას.
  • ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.
  • საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ იღებ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო.
  • დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
  • ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს).

​მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ასეთმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტები, რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ, დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებენ.

​რისკის კრიტერიუმები:
  • ორსულობა;
  • ასაკი (> 65 წელზე);
  • მოხუცებულთა სახლის მაცხოვრებლები;
  • იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები, როგორებიცაა: შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტები;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი;
  • კარდიოვასკულარული დაავადებები: როგორიცაა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათიები
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • სიმსუქნე;
  • დიაბეტი;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია;
  • სისხლის დაავადებები როგორიცაა ნამგლისებური ანემია;
  • ორგანოგადანერგილი პაციენტები.

​რისკის ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს კოვიდ-19-ის რთული ფორმებით გარანტირებულ მიმდინარეობას. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ გართულებების რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებთან შედარებით, ვისაც არანაირი რისკის ფაქტორი არ აღენიშნებათ. არამიზნობრივი მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია ამ ჯგუფში განსაკუთრებით საშიშია! სწორედ ამიტომ, აუცილებელია მათი მდგომარეობის დეტალური აღწერა და კონტროლი.
კოვიდ-19-ის არამედიკამენტოზური მკურნალობის პრინციპები.
უპირველესი ოქროს წესია საზოგადოებისგან, ოჯახისგან, საყვარელი ადამიანებისგან იზოლაცია. იზოლაციის წესების დარღვევა კლავს!

​იზოლაციაში უსაფრთხოდ ყოფნის მთავარი წესებია; ბევრი მოძრაობა, სიმშვიდე და პროფესიონალური ინსტრუქციის ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
კოვიდს ახასიათებს ძლიერი სისუსტე, დეპრესიული განწყობა და ხასიათის ცვლილებები. მიუხედავად განწყობის არქონისა, შეძლებისდაგვარად უნდა იმოძრაოთ. მოძრაობა გართულებების თავის აცილების საუკეთესო გარანტიაა.
რეგულარულად, აგრესიულად ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა!
ფილტვის ვარჯიშის უმარტივეს გზას დღეში რამდენჯერმე ბუშტების გაბერვა წარმოადგენს. თუ სპირომეტრზე მიგიწვდებათ ხელი, ეს ვარჯიში უფრო სახალისო ხდება. სუნთქვითი ვარჯიშები განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება.
იმოძრავეთ, რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი, ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია! მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.
იძინეთ საკმარისად. ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებასა და ენერგიის აღდგენაში. თუ სიმსუქნე არ გიშლით ხელს, ეცადეთ იძინოთ პირჩაღმა.
იკვებეთ მაქსიმალურად სრულფასოვნად!

​როგორმე დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვები ჰქონდეთ მეზობლად მცხოვრებ ინფიცირებულებს. საკვები და პირველადი დახმარების ნივთები შეგიძლიათ ერთმანეთს კართან დაუტოვოთ. კონტაქტი უპირობოდ უნდა იყოს დისტანციის წესების უმკაცრესი დაცვით!
ცხელების; კუნთების, სახსრების და თავის ტკივილის მართვა შეიძლება ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით.
ხველის რეფლექსის დათრგუნვა აუცილებელი არ არის, თუ ის სერიოზულ დისკომფორტს არ გიქმნით.
დიაბეტით დაავადებულებმა ზედმიწევნით ზუსტად აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის შემცველობა. დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები მკაცრი კონტროლის ქვეშ მოაქციეთ და თავიდან აიცილეთ მათი გამწვავება.
მედიკამენტოზური მკურნალობა:
არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტითრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ!!
ანტიკოაგულაციასა და ანტითრომბოციტულ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი. სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება უამრავი განსხვავებული დასახელებით გამოიყენებოდეს).
გთხოვთ ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე!!
ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენები შინაგან ორგანოებში, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.
სტეროიდები, ეგრეთწოდებული დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით ნანახი იქნა მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზირებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებში. ცივილიზირებულ ქვეყნებში, ისინი არ გამოიყენებიან მსუბუქი დაავადების სამართავად! მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. სტეროიდების ნაადრევი გამოყენება დააქვეითებს იმუნურ პასუხს და ხელს შეუშლის თქვენს ორგანიზმს ინფექციასთან ბროძოლაში. ასევე, სტეროიდების არამიზნობრივი გამოყენება შეიცავს რთული ბაქტერიული ინფექციის განვითარების საშიშროებას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის განვითარებას!
ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე!
კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდ დაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით.
ივერმექტინი არ გამოიყენება კოვიდის სამკურნალოდ არც ევროპული არც ამერიკული გაიდლაინების თანახმად!
თეორიულად მას გააჩნია ანტივირუსული მოქმედების მექანიზმი, მაგრამ ამ ეფექტის განსახორციელებლად საჭიროა მისი გამოყენება დაშვებულ თერაპიულზე ბევრად მაღალი დოზით. ასეთი დოზა კი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია! ივერმექტინის არამიზნობრივად, არათერაპიული დოზებით გამოყენება სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს.
დღესდღეობით არ არსებობს არცერთი სპეციფიკური პრეპარატი, რომელიც კოვიდ-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის, სახლში დარჩენილ პაციენტებში გამოიყენება. გარდა მონოკლონალური ანტისხეულების კოქტეილისა, რაც საქართველოში სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი არ არის.
ვიტამინები. არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს „ც“ ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას კოვიდ ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი და არაპირდაპირი მტკიცებულება „დ“ ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით; თუმცა მას კოვიდ სიკვდილიანობაზე გავლენა არ აქვს!
არ შეშინდეთ! პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებებში არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ. თუ თქვენ არ განეკუთვენებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისას აუცილებელი არ არის.
ვინ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ცენტრებს?
  • პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გამოხატული და დინამიკაში დამძიმებული);
  • ლეთარგიის, ძილად მიგდების, გონების სრული დაბინდვის შემთხვევაში;
  • გამოხატული მწვავე კორონარული სიმპტომის ან გულის უკმარისობის დროს, თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას.
იზოლაციიდან გამოსვლის წესები:
  • ქართული გზამკვლევის თანახმად, 12 დღე პირველი სიმპტომების დაწყებიდან ან დადებითი პსრ ტესტის დაფიქსირებიდან, უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში!
  • იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე!
  • განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის!
ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი, პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ის ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ!
პატივისცემით,
P.S. ფეისბუქის ეს ჩანაწერი არ წარმოადგენს პროფესიული სამედიცინო რჩევის, დიაგნოზის ან მკურნალობის შემცვლელს. ინფორმაცია, რომელიც ამ პოსტებშია მოცემული, არის მხოლოდ საგანმანათლებლო და საინფორმაციო ხასიათის. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის გადაუდებელი ან ქრონიკული სამედიცინო პრობლემა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, ან თქვენს პირად ექიმს!“ - აღნიშნულია ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის მიერ აღნიშულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად