დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
„სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება“
სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებთან და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებთან შეხვდრისას განაცხადა.
მინისტრმა სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებ ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმა მადლობა გადაუხადა საპენსიო ასაკის ყველა იმ პედაგოგს, რომლებმაც წლების განმავლობაში პროფესიონალიზმითა და დაუღალავი შრომით არაერთი წარმატებული თაობა გაზარდეს - დღეს კი სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღებით ღირსეულად ასრულებენ მრავალწლიან პედაგოგიურ საქმიანობას.
„განათლება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს დადასტურებულია იმით, რომ ბიუჯეტის 25% განათლების სისტემის რეფორმირებაში დაიხარჯება. რესურსი მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სკოლების მშენებლობას, ასევე პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდასა და თანამდეროვე სასწავლო გარემოს შექმნას. ამ პროცესში პედაგოგის როლი უმთავრესია. სწორედ ამიტომ, სექტემბრიდან როგორც პედაგოგთა, ასევე სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები გაიზრდება და ეს ზრდა, ყოველწლიურად გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.