დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა სწავლა კლასებში განახლდეს.
გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს ,,უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ.
,,უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება. იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამბობს გამყრელიძე.
20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში 900 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებული კი 266 ათასი ადამიანია.
რაც შეეხება მასწავლებლების ვაქცინაციის პროცესს, განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების თითქმის 40% აიცრა.