დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს:
„განსაკუთრებით ახლა, როდესაც მობილობის სერიოზული ზრდა გვექნება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, რომ სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, რომ იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს სკოლაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.