დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებისა და ბაღებისთვის გარკვეული წესები შემუშავდება. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ საკითხზეც მოსამზდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სწავლის პროცესი ჩვენთან ჩვეულებრივ სექტემბრის მეორე ნახევარში იწყება. იქამდე, რა თქმა უნდა, უკვე მიდის მოსამზადებელი სამუშაოები, რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ცნობილი გახდება, როდესაც სწავლის დაწყების დრო მოვა. რა თქმა უნდა, გარკვეული წესები შემუშავდება სკოლებისთვისაც, ბაღებისთვისაც და ა.შ.“, - განაცხადა პაატან იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორი წესებით ჩატარდეს გამოცდები.
„შექმნილია სპეციალური საბჭო განათლების სამინისტროში. მე პირადად გახლავართ ამ საბჭოს წევრი. ყველაფერი გამოცხადდება, ყველაფერი იქნება, ყველაფერი ჩატარდება მაქსიმალურად დაცულად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ
„ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ,“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს. 13 ივლისს განაცხადა.
მისივე თქმით, ეს აბიტურიენტები გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩვეულებრივ აგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას.
„იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც განთავსებული იყვნენ საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდათ ინფექცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები, რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.
რაც შეეხება იმ აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უფლება არ აქვს.
„ის ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენ მისთვის წელს განმეორებითი გამოცდების დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქვს“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.