Baby Bag

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

,,აივ-ინფიცირებული ვარ, მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები'' - 37 წლის თამუნა გახოკიძე

37 წლის თამუნა გახოკიძე ერთადერთი ქალია საქართველოდან, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებულია. წაიკითხეთ მისი ისტორია, რომელსაც თავად ჰყვე​ბა:

„მე ვარ ერთადერთი ქალი საქართველოში, რომელიც ღიად აივ-ინფიცირებული ვარ. 12 წელია ამ დიაგნოზთან ერთად ვცხოვრობ. მყავს სამი სრულიად ჯანმრთელი შვილი და ახლა მეოთხე ბავშვს ველოდები. ჩემი ოცნება იყო ყოველთვის, მყოლოდა ბევრი შვილი და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე.

2008 წლის დეკემბერში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, დაკავებიდან მეოთხე წელს გავიგე, რომ აივ-ვირუსით ვიყავი ინფიცირებული.

მანამდე, 2001 წელს, როცა პირველ შვილზე ვიყავი ორსულად, ჩამიტარდა ორსულთათვის სავალდებულო აივ-ტესტი და პასუხი უარყოფითი იყო. დაკავების შემდეგ, ყოველ წელს მიტარდებოდა ტესტირება არა მარტო აივ-ვირუსზე, არამედ B და C ჰეპატიტზე და ყოველ ჯერზე უარყოფითი პასუხი მოდიოდა. მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში გაკეთებულმა ტესტმა დაადასტურა, რომ ვირუსით ინფიცირებული ვიყავი. ამ დიაგნოზისთვის სულ ორი სარისკო ქცევა მქონდა ციხეში: ერთი, როცა ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთეს და "არამიანცის" კლინიკაში გადამიყვანეს და მეორე, როცა გართულებული კბილის ამოსაღებად ქირურგიული ჩარევა დამჭირდა და ციხის „ერბეში“ წამიყვანეს. მაინც მგონია, რომ სწორედ აქ დავინფიცირდი. ჩემს მიყვანამდე, სტომატოლოგს ეჯდა პაციენტი - პატიმარი კაცი, რომელიც ჩემი შემოსვლისთანავე საჩქაროდ გაიყვანეს, რადგან არ შეიძლებოდა ქალი და კაცი პატიმრების ერთ სივრცეში მოხვედრა. ალბათ, იქ მოხდა შეცდომა, შესაძლოა, იარაღები აერია ექიმს. ამ ამბიდან 1 წლის თავზე გავიგე ჩემი დიაგნოზი.

იმ დროს 25 წლის ვიყავი.

„თუ მკურნალობას დაიწყებ და თავს კარგად მიხედავ, 10 წელი იცოცხლებ“. „ბავშვების გაჩენა დაივიწყე, ისინიც შენნაირად დაინფიცირებული გაჩნდებიან“ . „ისინი მხოლოდ 3 წელი იცოცხლებენ“. ამ მითებით მაცხოვრეს ექიმებმა საპატიმროში. მთელი დღეები ეს „დარჩენილი 10 წელი“ მიტრიალებდა თავში. კადრებივით გადიოდა წარსული, თუ რა ვიცხოვრე და მომავალი, თუ რა დამრჩა, რას მოვასწრებ. რადგან დამარწმუნეს, რომ შვილის გაჩენას ვეღარასდროს შევძლებდი, ვფიქრობდი, როცა საპატიმროს დავტოვებდი, ბავშვს ვიშვილებდი. მაგრამ ჩემი ბიოგრაფიით ამას ვერასდროს შევძლებდი და ეს ოცნებაც დავივიწყე. დაღამების მეშინოდა, მინდოდა, დიდი ხანი ვყოფილიყავი მღვიძარე. გათენებისაც მეშინოდა იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეგებ მეორედ აღარ დაღამებულიყო ჩემთვის. ასე ვიჯექი გისოსებიან ფანჯარასთან და ვუყურებდი, როგორ თენდებოდა. მინდოდა, კიდევ ბევრჯერ მომესწრო გათენების ნახვა. ფსიქოტროპული წამლები დამინიშნეს, რომ არ შევრყეულიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მედიკამენტები უფრო მეტად დამოკიდებულს მხდიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩემი თავი რამენაირად ხელში ამეყვანა და გავძლიერებულიყავი. ამისთვის 3 თვე დამჭირდა.

გადავწყვიტე, ჩემი დიაგნოზი იმ ქალებისთვის გამენდო, ვისთანაც შეხება მქონდა. შემეძლო საკუთარი კონფიდენციალობა დამეცვა, მაგრამ არ მინდოდა, მათი ჯანმრთელობა დამეყენებინა რისკის ქვეშ. ვუთხარი, რომ არ მეწყინებოდა, თუ მომერიდებოდნენ. ზუსტად ნახევარ საათში მთელმა დაწესებულებამ იცოდა ჩემი დიაგნოზის შესახებ. უფრო მეტად ადმინისტრაციისგან იგრძნობოდა არაკეთილგანწყობა. ესეც სტიგმის ბრალია. ადამიანები დღემდე ტოლობის ნიშანს სვამენ შიდსის დიაგნოზსა და ე.წ. გარყვნილი ქმედებისგან მიღებულ სასჯელს შორის. არაერთხელ უთქვამთ დამცინავად, წასულიყავი აფთიაქში და დაგეცვა თავიო. არადა, ზუსტად მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დავინფიცირდი მათივე თანამშრომლის დაუდევრობით, რისგანაც არავინაა დაცული. თუმცა იყვნენ ისეთი თანამშრომლებიც, ვისაც გულთან ახლოს მიჰქონდა ჩემი მდგომარეობა და მამხნევებდნენ. თითქმის ბავშვი ვიყავი, იქ რომ მივედი.

21 წლის დამიჭირეს.

არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ, სამართლიანი იყო პასუხი მეგო იმისთვის, უფლისგან ნაჩუქარი სიცოცხლე ვიღაცას რომ წავართვი. მე, როგორც ადამიანს, არ მქონდა ამის უფლება. მეორეს მხრივ, რომ არა ის რაღაც „შამფურისმაგვარი რკინა“, როგორც განაჩენშია მოხსენებული, რომელიც იქვე ეგდო, დღეს მე არ ვიქნებოდი ცოცხალი. თავი დავიცავი იმ ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში სისტემატურად ძალადობდა ჩემზე. ათგზის ტვინის შერყევა, ხერხემლის დაზიანება, ყბის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები - ეს იმ დაზიანებების ჩამონათვალია, რომელიც ამ ძალადობის შედეგად მქონდა. ძალადობისგან თავს ვერ ვიცავდი, რადგან არანაირი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობდა იმ დროისთვის და მეც ვითმენდი ამ ყველაფერს, რომ ცოცხალი მაინც დავრჩენილიყავი.

განზრახ მკვლელობის მუხლით გამასამართლეს. მე ჩემი ქმარი მოვკალი. 6 წელი მომისაჯეს. წელიწადნახევარი მობილურის პოვნისთვის დამიმატეს. კიდევ წელიწადნახევარი, 2009 წლის ე.წ. "ციხის ბუნტში" მონაწილეობისთვის.

ჩემი ოჯახის, მშობლების და ძმების მხარდაჭერა მაძლებინებდა ციხეში. ერთადერთი, რაც მიჭირდა, ის იყო, რომ არ მქონდა საშუალება, შვილი მენახა. შუშის მიღმა კი შვილის მოფერება ძალიან რთულია. იმ დროს ბებია-ბაბუაც ცოცხალი მყავდა. ბაბუა პენსიის ნახევარს მირიცხავდა, რომ ციხეში არაფერი მომკლებოდა. თუმცა ჩემი გამოსვლისთვის არცერთი დამხვდა ცოცხალი.

ძალიან გამიჭირდა ოჯახისათვის ჩემი დიაგნოზის შესახებ თქმა. ძალიან დაბალი იყო მათი ცნობიერება, მათაც მითების სჯეროდათ, რომ თითქოს ეს დიაგნოზი მხოლოდ ნარკომომხმარებლებს და სექს-მუშაკებს ჰქონდათ. ვიცოდი, გაუჭირდებოდათ აღქმა. ერთ დღეს, ციხის ადმინისტრაციას შიდსის შესახებ ბროშურები გამოვართვი და მამას ვთხოვე ერთ-ერთ პაემანზე, სახლში მისვლისას წაეკითხა. საღამოს დავურეკე და მოვიკითხე. წაკითხვით კი წაეკითხა, მაგრამ მაინც ვერ გაიგო, ამით რისი თქმა მსურდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ აივ-ინფიცირებული მე თავად ვიყავი. გაშეშდა, ვეღარ ლაპარაკობდა. დედას უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა. პაემანზე ისე ტიროდა, საკუთარ პანაშვიდზე მეგონა თავი. ასეთ დროს ხომ თითოეული ადამიანის რეაქცია განადგურებს. საბოლოოდ, შეეგუვნენ ჩემს დიაგნოზს და მიხვდნენ, რომ ეს არ არის სასიკვდილო განაჩენი.

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. გამოვედი ორმაგი სტიგმით - ვიყავი ნასამართლევი და აივ-ინფიცირებული. ფაქტობრივად, მეორე დღესვე დავიწყე მკურნალობა. მაშინდელი პროტოკოლით, მკურნალობას მხოლოდ ის პაციენტები ექვემდებარებოდნენ, რომლებსაც იმუნიტეტი 250-ზე დაბალი ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მკურნალობის რეკომენდაცია არავის მოუცია. ახლანდელი პროტოკოლით, მკურნალობას ექვემდებარება ყველა, ვისაც კი ეს დიაგნოზი დაუდასტურდება, რომ არ მოხდეს გართულება და აივ-ინფექციის უფრო მძიმე სტადიაში, შიდსში გადასვლა. მკურნალობის დასაწყისში მქონდა ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ, მაგრამ ეს ვერ გახდებოდა მკურნალობაზე უარის თქმის მიზეზი. მე მინდოდა სიცოცხლე და მინდოდა სიცოცხლე კიდევ სხვებისთვის მეჩუქებინა. ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად, ჩემი ვირუსი სუპრესირდა, ანუ განულდა, იმუნიტეტის დონემ აიწია. ამის შემდეგ კიდევ 2 შვილი გავაჩინე, ორივე ჯანმრთელი. ახლა მეოთხეს ველოდები.
ყოველი მაისის ბოლო კვირა შიდსით გარდაცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს ასოციაცია „ბროწეულთან“ ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურად, ბროწეული სისხლის წვეთს გულისხმობს. გვინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ჩვენ, აივ-ინფიცირებულები არ ვართ გასარიყი ადამიანები. ჩვენი დიაგნოზი არ არის სასიკვდილო განაჩენი და საფრთხის შემცველი სხვებისთვის. ის ახლა მკურნალობას ექვემდებარება და მასთან ერთად ცხოვრება, ისევე როგორც სხვა ქრონიკულ დაავადებასთან, შესაძლებელია.

„არავინ დატოვო სამედიცინო სერვისების მიღმა“ - ეს სლოგანი ჩვენი კამპანიის მთავარი მოწოდებაა. არსებული სტიგმის გამო, აივ-ინფიცირებულებს ხშირად უარს ეუბნებიან სამედიცინო მომსახურებაზე. ექიმებშიც კი დაბალი ცნობიერებაა ამ ინფექციის მიმართ. ვირუსზე მკურნალობას კი აფინანსებს სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ თავად შიდსის ცენტრი სულ ოთხია ქვეყანაში, არ არის საკმარისი. ცენტრში სამკურნალოდ მისული პაციენტების კონფიდენციალურობა ირღვევა, რადგან წამლის მისაღებად რიგში დგომისას, უამრავი ნაცნობი შეიძლება შეგხვდეს და შენი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდება. რეგიონებში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა და ამის გამო ბევრი ადამიანი წყვეტს მკურნალობას. ასევე, პრობლემაა ის, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ თბილისშია ასეთი ცენტრი და რეგიონებიდან დიდი მანძილის გავლა უწევთ პაციენტებს. ამიტომ აუცილებელია, მუნიციპალურ ამბულატორიებს ჰქონდეთ ტესტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა - პოლიკლინიკას მიმართოს თუ ინფექციურ დაწესებულებას. ახლა ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შიდსის ცენტრი თბილისში. ეს ცენტრი ავერსის კლინიკის ბაზაზეა და ყურადღებას არავინ აქცევს. აქ ისეთი ანტისანიტარიაა, რომ პრაქტიკულად, სტაციონარული მკურნალობა პაციენტებისთვის გაუსაძლისია.

ჩვენი კამპანიის გზავნილიც ესაა სახელმწიფოსთვის, რომ ყურადღება მიაქციოს აივ-ინფიცირებულებს და უზრუნველყოს მათთვის ღირსეული სამედიცინო სერვისები და ამ სერვისებზე ხელმისაწვდომობა მუნიციპალურ დონეზე.

ჩემმა ახალმა ოჯახმა ჩემი დიაგნოზის შესახებ ყველაფერი იცის. ჩემი შვილები, მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, ჩართული არიან ჩემი მკურნალობის პროცესში. აივ-ინფექციაზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ და იციან გადადების გზებისა და მკურნალობის აუცილებლობის შესახებ. თავადაც კი მეხმარებიან, რომ წამლის დალევა არ დამავიწყდეს და კიდევ მრავალი წელი ვიყო მათთან ერთად.“

ავტორი: მაიკო ჩიტაია
ფოტო: გედა დარჩია

შეიძლება დაინტერესდეთ

10 რამ, რაც მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს

10 რამ, რაც მშობელმა ბავშვის ნაცვლად არ უნდა გააკეთოს

მშობლები შვილებს ხშირად იმაზე მეტად ეხმარებიან, ვიდრე საჭიროა. უფროსებმა ბავშვების ნაცვლად არ უნდა იცხოვრონ. ბავშვი უნდა გაიზარდოს და განვითარდეს, მან დამოუკიდებლობა ადრეული ასაკიდანვე უნდა მოიპოვოს. აუცილებელი არ არის, რომ თქვენს შვილებს ყველაფერში დაეხმაროთ.

1. ბავშვების ნაცვლად არ ისაუბროთ

უცხო ადამიანს, რომელიც ბავშვს სახელს ეკითხება, პასუხი მშობელმა არ უნდა დაუბრუნოს. ხშირად ხდება, რომ მსგავს კითხვებზე უფროსები პატარების ნაცვლად პასუხობენ. როგორც კი ბავშვი ლაპარაკს იწყებს, მშობელმა მის ნაცვლად საუბარი უნდა შეწყვიტოს. მშობლები ბავშვის ნაცვლად ხშირად ლაპარაკობენ. ეს ყოველდღიურად ხდება მაღაზიაში, სამეზობლოში, ქუჩაში, პარკში. საბოლოოდ ბავშვი დამოუკიდებლად საუბრის შესაძლებლობას კარგავს. თუ ბავშვი დახმარებას გთხოვთ და არ იცის რა თქვას, ამ შემთხვევაში მისი დახმარება შეგიძლიათ. თუმცა საკუთარი სურვილით ეს არ უნდა გააკეთოთ. მომავალში, როდესაც ბავშვის ნაცვლად საუბარი მოგინდებათ, თავი შეიკავეთ და ეცადეთ, გაჩუმდეთ.

2. ბავშვთან ახლო მეგობრობას ნუ გადაწყვეტთ

ბევრი მშობელი ცდილობს შვილთან იმეგობროს და მისი ყველა საიდუმლო იცოდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ მშობელს შვილის დაცვა უნდა და ამას მასზე ზრუნვით აკეთებს. მიუხედავად ამისა, აჯობებს ყველაფერს სიღრმისეულად შევხედოთ. მეგობარი ის არის, ვისთანაც თანასწორივით საუბარი შეგიძლია. მეგობარს არაფერს უმალავ და მასთან გულწრფელი ხარ. მშობლებს სხვა როლი აქვთ: ისინი შვილებზე ზრუნავენ. არ არის აუცილებელი, რომ მშობელი შვილის ახლო მეგობარი გახდეს. უმჯობესია, რომ ბავშვმა უახლოესი მეგობრები თანატოლებში გაიჩინოს. დედა და მამა ბავშვის გვერდით უნდა იყვნენ მაშინ, როდესაც მას მხარდაჭერა ესაჭიროება. ბავშვს აუხსენით, რომ ურთიერთობაში მეტისმეტი სიახლოვე არ გსურთ და ერთმანეთისადმი პატივისცემის გამოჩენა აუცილებელია.

3. ბავშვის საჭიროებების და მოთხოვნილებების ერთპიროვნულად განსაზღვრა არ შეიძლება

მშობლები ხშირად შვილების ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი საჭმელი უნდა მოსწონდეთ მათ. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ბროკოლი სასარგებლოა, შოკოლადი კი პატარებისთვის არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, დედამ შვილი არ უნდა აიძულოს, რომ მას ბროკოლი მოსწონდეს. მსგავსი დამოკიდებულება ბავშვს თრგუნავს და მას მეამბოხეობისკენ უბიძგებს. მშობელი შვილის სურვილებსა და საჭიროებებში კარგად უნდა გაერკვეს. ბავშვის „მეს“ ნუ დათრგუნავთ. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს ჯანსაღი ჩვევები ჰქონდეს, მას ეს იძულებით არ უნდა გააკეთებინოთ. ბავშვთან თბილი და მოსიყვარულე უნდა იყოთ.

4. ბავშვს ყოველთვის არ უნდა დაეხმაროთ

2-3 წლის ბავშვს ტანსაცმლის დამოუკიდებლად ჩაცმა და გახდა შეუძლია. ის თეფშის გარეცხვას და დასვრილი ტანსაცმლის სპეციალურ ყუთში ჩალაგებასაც შეძლებს. ამასთან, ამ ასაკში ბავშვს სურვილი აქვს, რომ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს. როგორ იქცევიან მშობლები? მათი ნაწილი შვილებს ჩაცმაში მანამ ეხმარება, ვიდრე „ბავშვები“ არ დაოჯახდებიან. მშობლები ხშირად ამბობენ: „ის ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.“ მშობლები ბავშვებს თავად აჭმევენ. ისინი შვილებს დამოუკიდებლად კვების შესაძლებლობას არ აძლევენ. შემდეგ მშობლებს უკვირთ, რომ თინეიჯერობის ასაკში ბავშვი საკუთარ ოთახს არ ალაგებს და დედას სახლის დალაგებაში არასდროს ეხმარება. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ დამოუკიდებლად იმოქმედოს.

5. ბავშვის ნაცვლად ნუ გადაწყვეტთ, როგორი გემოვნება აქვს მას

მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვს თავს მოახვიონ საკუთარი გემოვნება. მათ სურთ, რომ ბავშვმა ის წიგნები წაიკითხონ, რომლებიც თავად მოსწონთ, იმ ფილმებს უყურონ, რომელსაც თავად უყურებენ და იმ მუსიკას უსმინონ, რომელსაც თავად უსმენენ. მშობლებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კეთილი მიზნები ამოძრავებთ, თუმცა ისინი ბავშვს ამგვარი ქცევით ინდივიდუალიზმს ართმევენ. ბავშვებს თქვენი გემოვნების შესახებ ხშირად ესაუბრეთ, თუმცა არასდროს დააძალოთ, რომ ის ფილმები ნახონ, რომლებიც თქვენ მოგწონთ.

6. ბავშვის მიერ შეგროვილი ფულის დათვლა

ბავშვები ხშირად აგროვებენ ფულს. მშობელი არ უნდა ცდილობდეს იმის გარკვევას, თუ რა რაოდენობის ფული აქვს შეგროვილი მის შვილს. ამაზე უარესია, როდესაც მშობლები ბავშვის ჩანთას ან საფულეს ჩუმად ჩხრეკენ. ბავსვს უფლება მიეცით, ფული ისე შეაგროვოს, როგორც თავად სურს. ბავშვს ფულის სწორად გამოყენება ასწავლეთ. მათ შესაძლებლობა მიეცით საკუთარ ფულს ისე მოექცნენ, როგორც სურთ.

7. თავად ნუ განსაზღვრავთ ბავშვის სურვილებსა და ინტერესებს

დედას სურს, რომ მისი ქალიშვილი მუსიკაზე ატაროს. ის ამას დიდი სიხარულით აკეთებს. დედას ბავშვი კვირაში სამჯერ დაჰყავს მუსიკის გაკვეთილებზე და უზომოდ ბედნიერია. მამა ვაჟს ფეხბურთზე ატარებს, რადგან თვლის, რომ ეს ბავშვისთვის საუკეთესო სპორტია. ბავშვების ნაცვლად მსგავს გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ყურადღებით დააკვირდით თქვენს შვილს. გაარკვიეთ, რა მოსწონს მას ყველაზე მეტად, შემდეგ კი ხელი შეუწყვეთ, რომ საყვარელი საქმიანობით დაკავდეს.

8. ბავშვის წარმატებას საკუთარ მიღწევად ნუ ჩათვლით

დედები სოციალურ ქსელებში ხშირად დებენ შემდეგი შინაარსის პოსტებს: „ვისადილეთ,“ „ვისეირნეთ,“ „გავიღვიძეთ.“ მართალია მშობლები შვილებს ყოველთვის ეხმარებიან, მაგრამ ბავშვის წარმატება საკუთარ მიღწევად არ უნდა ჩათვალოთ. ბავშვების ზრდასთან ერთად ეს ყველაფერი უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს. მშობლები შვილების წარმატებაზე ისე საუბრობენ, თითქოს ეს მხოლოდ მათი დამსახურებაა. თქვენი შვილის წარმატება უნდა გახარებდეთ, მაგრამ ამის გამოხატვა სწორად უნდა შეგეძლოთ.

9. ბავშვის დაბადების დღის საჩუქარი თქვენ არ უნდა აირჩიოთ

ბავშვს საუბარი თუ შეუძლია, მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რა საჩუქრის მიღება უნდა დაბადების დღეზე. აუცილებელი არ არის, რომ თქვენს შვილს კიდევ ერთი ახალი მაისური უყიდოთ. ბავშვს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთება უნდა ასწავლოთ. ეს მას ცხოვრებაში ძალიან გამოადგება.

10. ბავშვის პირად ცხოვრებაში ზედმეტად არ უნდა ჩაერიოთ

თინეიჯერების მშობლები ბავშვების პირად ცხოვრებაში ხშირად ზედმეტად ერევიან. ბავშვებს ამ ასაკში ბევრი მეგობარი ჰყავთ, მათ ცხოვრებაში პირველად უყვარდებათ. ეს ყოველივე სავსებით ნორმალურია. ნუ დაუწყებთ ბავშვს დაკითხვას. ამგვარად ბავშვი ჩაიკეტება და თქვენთან საუბარს არ მოინდომებს. თქვენი შვილი თავად დაგელაპარაკებათ, თუ ეცოდინება, რომ მას გაუგებთ. ბავშვის მიმოწერა ჩუმად არასდროს წაიკითხოთ. თქვენს შვილს პირადი სივრცე დაუტოვეთ და ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხოთ.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად