Baby Bag

„ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი არ არის კარგი სამეტყველო აპარატის სწორად ჩამოყალიბებისთვის,“ - ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი

ფსიქოლოგი ეკატერინე ბურკიაშვილი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ბავშვის განვითარებაში მეტყველების როლზე საუბრობს:

„ჩვენ ვართ მოდელები ბავშვისთვის. ის ლაპარაკს მიბაძვით სწავლობს. თუ ჩვენი სიტყვები იქნება მკაფიო და წინადადებები არ იქნება რთული, თუ შევეცდებით მოკლე წინადადებებით ვესაუბროთ, ის უფრო მარტივად დაიწყებს საუბარს. თუ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ორი წლის ასაკში ბავშვს არ შეუძლია მარტივი წინადადებების აწყობა, ურთულდება სიტყვის მიზანმიმართულად გამოყენება, მითითება, კომუნიკაცია, სჯობს ადრევე მივმართოთ ფსიქოლოგს და მეტყველების თერაპევტს. ორიდან სამ წლამდე ის პერიოდია, როდესაც მშობელი აუცილებლად მიხვდება, მისი შვილი რამდენად ფლობს ენას.“

„მშობელს შეუძლია, რომ ბავშვს ყურადღება გაუმახვილოს ყველაფერზე, რასაც გარემოში ვხედავთ. უთხრას შვილს: შეხედე, ახლა დავინახეთ ჩიტი. მშობლებმა ხშირად იციან ბავშვთან ენის მოჩლექით საუბარი, რაც არ არის კარგი სამეტყველო აპარატის სწორად ჩამოყალიბებისთვის. თუ შევამჩნევთ, რომ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ვიზუალური მასალა, შევეცადოთ, ამაზე გავუმახვილოთ ყურადღება, გამოვიყენოთ ეს სურათ-ხატები იმისთვის, რომ მასთან დავამყაროთ კომუნიკაცია და ავამუშაოთ მისი სამეტყველო აპარატი,“ - აღნიშნავს ეკატერინე ბურკიაშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, ბავშვმა რომ სხვების ცუდ ქცევას არ მიბაძოს?

როგორ მოვიქცეთ, ბავშვმა რომ სხვების ცუდ ქცევას არ მიბაძოს?

ბავშვებს მიმბაძველობა ახასიათებთ. ისინი სხვების ცუდ ქცევას ხშირად იმეორებენ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ დროს და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვმა ცუდი საქციელი ნორმად არ ჩათვალოს? ბავშვები მიმბაძველ ქცევებს ორი წლის ასაკში განსაკუთრებული სიხშირით ავლენენ. მართალია, ამ დროს მათ ქცევის შეფასების უნარი არ აქვთ, მაგრამ თუ ისინი სხვას მიუღებელ ქცევაში ბაძავენ, ​რამდენიმე წელიწადში მსგავსი ქცევა მოსაწონი ნამდვილად არ იქნება. საბედნიეროდ ბავშვის მოქნილი გონება აღნიშნულ ქცევებს მარტივად ივიწყებს და მათ სხვა ქცევებით ჩაანაცვლებს. სამწუხაროდ, მშობელს ხშირად უჭირს ბავშვის მიმბაძველობასთან ბრძოლა. შესაბამისად, როდესაც პატარა ზრდასრული ადამიანის ნეგატიურ ქცევას იმეორებს, მშობელმა სწორედ უფროსებთან უნდა იმუშაოს და არა ბავშვთან .

ორი წლის ბავშვი ვერ აცნობიერებს კონკრეტულ ვითარებაში რა სახის ქცევა ითვლება მისაღებად. ზრდასრულები ხშირად ბავშვების თანდასწრებით უწმაწურ სიტყვებს ამბობენ, უხამსად ხუმრობენ ან სხვა სახის ნეგატიურ ქცევას ახორციელებენ. ბავშვები კი ამ ყოველივეს ბუნებრივ ქცევად აღიქვამენ. რა თქმა უნდა, მიმბაძველობაში ცუდი არაფერია. ბავშვი აღნიშნულ უნარს კარგი ქცევების ასათვისებლადაც წარმატებით იყენებს. მშობელმა აუცილებლად უნდა დააწესოს გარკვეული საზღვრები, რომელიც ბავშვთან ურთიერთობაში ოჯახის ყველა წევრმა უნდა დაიცვას. მშობელმა უნდა უზრუნველყოს მისი შვილის დაცულობა. მშობელი ვალდებულია, ყველა ახლობელი გააფრთხილოს, რომ 10 წლის შვილისთვის ალკოჰოლის მცირე დოზით მიცემასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მშობელმა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა ბავშვის მიმბაძველობა პოზიტიურ მხარეს მიმართოს. იმისთვის, რომ ოჯახმა მშობლის მიმართ თანადგომა გამოხატოს, შემდეგი მითითებების გათვალისწინებაა საჭირო:

  • ​აუცილებელია პრობლემის იდენტიფიკაცია. შესაძლოა, პრობლემა იყოს ის, რომ უფროსები არ ითვალისწინებენ მშობლის თხოვნას, არ გამოავლინონ ნეგატიური ქცევა ბავშვის თანდასწრებით, როდესაც ბავშვი აღნიშნულ ქცევას იმეორებს.
  • მშობელმა კატეგორიულად უნდა მოითხოვოს, რომ მისი რეკომენდაციები გაითვალისწინონ და ბავშვს არ ასწავლონ უწმაწური სიტყვები, უფროსებთან შეურაცხმყოფელი საუბარი და ა.შ.
  • თუ მშობელი ამჩნევს, რომ ოჯახში არ ითვალისწინებენ მის თხოვნას და უფროსები ბავშვს კვლავ ცუდ მაგალითს აძლევენ, მან პატარა სხვა ოთახში უნდა გაიყვანოს ან გარეთ გაასეირნოს, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ მშობელი არ ხუმრობს.
  • მშობელმა სიმტკიცე უნდა შეინარჩუნოს და აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში პოზიცია არ უნდა შეიცვალოს.

მშობელმა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ​ყოველთვის გულახდილად უნდა ისაუბროს პრობლემაზე და აღნიშნოს, თუ რატომ უდგება ის აღნიშნულ საკითხს ასეთი სერიოზულობით. აქტიური კომუნიკაცია საუკეთესო საშუალებაა გარშემომყოფების დასარწმუნებლად, რათა ისინი მეტი სერიოზულობით მოეკიდონ პრობლემას. თუ ბავშვს უფროსები მხოლოდ კარგ მაგალითს აძლევენ, ცხადია, მიმბაძველობა მას მხოლოდ სიკეთეს მოუტანს და ჯანსაღი ჩვევების ათვისებაში დაეხმარება.

მომზადებულია ​parents.com - ის მიხედვით 

წაიკითხეთ სრულად