Baby Bag

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოთმინება?

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოთმინება?

მოთმინება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რომლის შეძენა ბავშვისთვის ადრეული ასაკიდანვე საჭიროა. მისი დახმარებით ადამიანები არამხოლოდ კარიერულ წინსვლას, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც ახერხებენ. მართალია, ბავშვისთვის მოთმინების უნარის გამომუშავება საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა არსებობს გარკვეული სტრატეგიები, რომელთა დახმარებით მიზნის მიღწევას აუცილებლად შეძლებთ.

  • პოზიტიური გამოცდილების დახმარებით ბავშვი მოთმინებას სწავლობს

ბავშვებს გამოუცდელობის გამო უჭირთ იმის გააზრება, თუ რა სარგებლობა მოაქვს მათთვის მოთმინების უნარის განვითარებას. ისინი კარგად ვერ აცნობიერებენ დროის მნიშვნელობას და ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს, როდესაც გარკვეული მსხვერპლის ფასად ჯილდოს იღებ. როდესაც ბავშვს დაპირდებით, რომ მას ტკბილეულს უყიდით, ან მგზავრობისას ეტყვით, რომ მალე პარკს მიუახლოვდებით, ბავშვი ძალიან ბევრჯერ გკითხავთ, მალე უყიდით თუ არა ტკბილეულს, ან მალე მიხვალთ თუ არა პარკთან. მის კითხვებს ყოველთვის თბილად და მოთმინებით უპასუხეთ, თუნდაც მან ერთი და იგივე კითხვა ოცჯერ დაგისვათ. როდესაც ბავშვი კითხვას განმეორებით გისვამთ, ის ამით ეგოიზმს არ ავლენს, არამედ ცნობისმოყვარეობას გამოხატავს. მას უბრალოდ არ ესმის დროის მნიშვნელობა და ვერ ხვდება, რამდენი დრო დარჩა თქვენ მიერ მიცემული პირობის შესრულებამდე. თუ ბავშვს უხეშად უპასუხებთ ან ფიზიკურად დასჯით იმის გამო, რომ მან ბევრი კითხვა დაგისვათ, ის ჩათვლის, რომ ლოდინი ნეგატიური გამოცდილებაა. თუ მას თბილად უპასუხებთ, ბავშვი გადაწყვეტს, რომ ლოდინი ცუდი სულაც არ არის.

  • ბავშვმა დროის მსვლელობა უნდა იგრძნოს

თანამედროვე ბავშვები დროის უდიდეს ნაწილს ეკრანთან ატარებენ. ისინი თამაშობენ ან ფილმებს უყურებენ, რის გამოს დროის მსვლელობას საერთოდ ვერ გრძნობენ. ბავშვს ისეთი გასართობი გამოუძებნეთ, რომელიც მას რეალურ დროსთან კავშირს არ გააწყვეტინებს. ბავშვმა სიამოვნებაც უნდა მიიღოს და დროის მსვლელობაც უნდა იგრძნოს, რათა მოთმინების სწავლა შეძლოს.

  • ბავშვისთვის მიცემული დაპირებები ყოველთვის უნდა შეასრულოთ

მშობლები ბავშვებს დაპირებებს აძლევენ და იმედოვნებენ, რომ ბავშვი მიცემულ პირობას დაივიწყებს. პატარები კი ყველაფერს იმახსოვრებენ. ისინი ელოდებიან, როდის შეასრულებს მშობელი დაპირებას, რის გამოც ფიქრობენ, რომ დრო ძალიან ნელა გადის. მათ ლოდინის პროცესი არ სიამოვნებთ და ნეგატიურ გამოცდილებას იღებენ. ბავშვი, რომელიც ელოდა, რომ დედა ათ წუთში ტკბილეულს უყიდიდა, თვეობით ელის პირობის შესრულებას, რის გამოც ის თვლის, რომ ლოდინი ძალიან ხანგრძლივი და მოსაწყენი პროცესია. როდესაც ბავშვს პირობას აძლევთ, რომ რამეს გაუკეთებთ, დანაპირები უნდა შეასრულოთ.

  • ბავშვი ინფორმირებული უნდა იყოს

ბავშვი თუ გეკითხებათ, რამდენ ხანში მიხვალთ გასართობ ცენტრში, მას ინფორმირებული პასუხი უნდა გასცეთ. თქვენს შვილს არ უთხრათ, რომ მალე მიხვალთ. პასუხი უფრო ზუსტი და ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს. თქვენს შვილს აუხსენით, რომ გასართობ ცენტრამდე მისვლას იმდენი დრო სჭირდება, რამდენიც მისი საყვარელი მულტფილმის ყურებას. ბავშვი ასე უკეთ გაიგებს, რამდენ ხანში მივა დანიშნულების ადგილამდე და ზედმეტი კითხვებითაც არ შეგაწუხებთ.

  • ბავშვის დასამშვიდებლად წამზომისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის გამოყენება შეგიძლიათ

შორ გზაზე თუ მიდიხართ და ბავშვის კითხვებზე ყოველწამიერად პასუხის გაცემას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ წამზომი გამოიყენოთ. ბავშვს აუხსენით, რომ წამზომის დახმარებით ის თავად გაიგებს, როდის მივა დანიშნულების ადგილამდე. უმჯობესია, თუ მანქანაში რუკაც გექნებათ, რომლის დახმარებითაც თქვენს შვილს ვიზუალურად აჩვენებთ, რა გზა გაქვთ გასავლელი და რა დრო დაგჭირდებათ მანძილის დასაფარად.

მომზადებულია​ kidsvillage.com - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად