როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ნუ დაამცირებთ თქვენს შვილებს, ნურც პატარაობისას და ნურც დიდობაში, დაბადებიდანვე პიროვნებად აღიქვით, სიყვარულის და ადამიანობის მაგალითი მიეცით“
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრობლემას ეხმიანება. იგი სოციალურ ქსელში ნამდვილ ამბავს წერს, რომელიც მას რამდენიმე დღის წინ გადახდა თავს.
გთავაზობთ მის ჩანაწერს სიტვა-სიტყვით:
„ამას წინათ, ერთ სოფელში (სახელწოდებას განზრახ არ ვამბობ) მოვხვდი პირად საქმეზე. მასპინძლის მეზობლად ოჯახური სუფრა იყო საკარმიდამო ეზოში და როგორც კი შემნიშნეს, რომ თბილისიდან ვიყავი, მაშინვე გადამიპატიჟეს. გაღიმებული და უაღრესად კეთილგანწყობილი გადავედი სუფრაზე, ყველას გულთბილად მივესალმე და დავჯექი. მოვიკითხე ოჯახი და გავეცანი. იქვე ბავშვები დარბოდნენ, დავუძახე (ორი გოგო და ერთი ბიჭი იყო, იქნებოდნენ ასე (7-8-9) წლისები დაახლოებით. მოვეფერე და უცებ ყველაზე პატარა და რაღაცნაირად, აი გულისამაჩუყებლად მორცხვი და სევდიანი ბიჭუნა მეუბნება:
- აუ, ნაყინს ვერ მიყიდი? - კი, როგორ არა, მოდი ფულს მოგცემ (10 ლარიანი მქონდა და სიხარულით მივეცი, რაღაცნაირად გული ამევსო და მესიამოვნა კიდეც, რომ მთხოვა) და ჩუმად იყიდე, იმათაც მოუტანე, კაი? - კაი, მადლობა!
მეგონა ეს საუბარი ჩვენ შორის დაბალ ხმაზე გაიმართა, ისე, რომ თითქოს ვერც შეგვამჩნია ვერავინ, მაგრამ უცებ სუფრიდან წამოხტა ვიღაც კაცი (მასპინძელთაგანი) და იმ ბავშვს რაღაც საშინელი აგრესიით დაუღრიალა: - "მოდი აქ შე ნაბიჭვარო! სად მიეთრევი, მოიტა აქ ეგ ფული შენი დედა... ამას უყურე ამ ახვარს!"
ძალიან ცუდად გავხდი, სული ჩამწყდა... პატარა ბიჭს გავხედე და გაფითრებული, მოღუშული, უსუსური და უკიდურესად გულმოკლული იყო, იმ სახეს დღემდე ვერ ვივიწყებ და ვიტანჯები, ყოველ გახსენებაზე... იმ მომენტში თითქოს დრო გაჩერდა, ტანში დამცხა აუტანლობისგან, საცოდაობამ გამამწარა და თავალებში ცრემლები ჩამიგუბდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე, წამოვხტი და იმ ტიპს ხმამაღლა მივმართე: - რა იყო, მოერიე და ძალა მიჩვენე თუ ბელადი ხარ ოჯახში? ბავშვს როგორ ელაპარაკები, არ გრცხვენია? ღმერთის არ გრწამს? -ღმერთი რა შუაშია ძმაო, მამა ვარ და როგორც მინდა ისე დაველაპარაკები! - ბოდიში, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე შემეცოდა ყველა უშვილო და ბუნებით კეთილშობილი, თბილი ადამიანი, შენ კი შვილი გყავს და როგორ ექცევი? არ გეწყინოს ძმაო, ჭკუას არ გარიგებ, მაგრამ ფშაურად გეტყვი, რომ უპატივცემულოდ საკუთარ კაცობას და ღირსებას მოექეცი, მერე ჩვენებურ ტრადიციას და შეგნებას. შენს ადგილზე პატიებას ვთხოვდი! ეხლა ისღა დამრჩენია მანდილოსნებთან ბოდიში მე მოვიხადო და წავიდე, იცოდე, რომ გული მომიკალი ვიღაცა ხარ!..
ხმა აღარ ამოუღია, დავტუქსე ისე, რომ რაღაც საოცარ ძალას ვგრძნობდი, არც შემშინებია და არც რიდი მქონია, კორექტულად მაგრამ ხისტად ავუხსენი, რომ მამობის პატივს არ აფასებდა, ბავშვს ჩაგრავდა და ტრავმას აყენებდა. არასდროს კაცი არ მიცემია, მარა რამე, რომ ეთქვა უეჭველად მაგრად დავარტყავდი კიდეც!
წამოსვლისას პატარა დათოსთან მივედი და გულში ჩავიკარი საბრალო. იმ წუთას მინდოდა მეშვილა, ამის უფლება, რომ მქონოდა...
ეს მცირე ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ დღემდე ვდარდობ ამ ტრაგიზმს და მას შემდეგ არ გასულა ღამე, რომ არ მეფიქრა იმ ბავშვზე და პოტენციურად კიდევ ყველა უპატრონო ოჯახსა და ძალადობის ქვეშ მყოფ პატარაზე, რომელსაც ადრეული ასაკიდანვე ღირსებას ულახავენ, ეუზრდელებიან, ფსიქიკას უმახინჯებენ და არაადამიანურად ეპყრობიან...
მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ნურასოდეს დაკომპლექსდებით და გავეშდებით ქაჯური სიამაყისგან, ნუ დაამცირებთ თქვენს შვილებს, ნურც პატარაობისას და ნურც დიდობაში და დაბადებიდანვე პიროვნებად აღიქვით, სიყვარულის და ადამიანობის მაგალითი მიეცით, პატივისცემა ასწავლეთ საქმით და არ მოერიოთ...
მანადგურებს იმაზე ფიქრი, რომ სადღაც ბავშვი შიშისგან ტირის, ღარიბია, მარტოსული და დაჩაგრული. ასეთი ბავშვები ალბათ პირდაპირ სასუფევლის მოქალაქეები არიან აქედანვე, რადგან ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი აქვთ...
უფალმა დალოცოს და უპატრონოს ყველა პატარას მთელს მსოფლიოში!