Baby Bag

დალი ჩიტალაძე საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ტრაგედიაზე საუბრობს

მოდის ექსპერტი და ბლოგერი დალი ჩიტალაძე გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ და-ძმის გარდაცვალების ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს:

„ჩემს ცხოვრებაში ადვილად არაფერი მოსულა. თუ რამე მინდოდა და სურვილი მქონდა, დიდი შრომის ფასად, დიდი ძალისხმევის ფასად მიმიღწევია. მთელი ჩემი ცხოვრება შემიძლია დავყო ეტაპებად. პრობლემების გადალახვის მერე თვითონ ვგრძნობ, როგორ ვიზრდები და მზად ვარ ახალი დაბრკოლებებისთვის, მაგრამ არ მინდოდა ის ორი ტრაგედია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ადამიანი რომ ავადმყოფობს, ელოდები, რომ რაღაცნაირად უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. ჩემი ძმის და დის გარდაცვალება იყო შოკი. არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია. ძალიან ახალგაზრდები წავიდნენ. მე და ჩემი ძმა, როგორც ტყუპები ისე გავიზარდეთ. მე ემიგრაციაში ვიყავი, როდესაც ჩემი ძმა გარდაიცვალა და დაკრძალვის დღეს მითხრეს ეს ამბავი. საოცარი სიზმარი ახდა ჩემი ძმის გარდაცვალებაზე. როგორც გითხარით, ტყუპებივით გაგვზარდეს. ჩემი და 9 წლის მერე დაიბადა და შვილივით გავზარდეთ. სკოლაშიც ჩემი ძმა ვიოლინოზე უკრავდა, მე ფორტეპიანოზე. სულ ჩემი იმედი და ზურგი იყო. საერთოდ ყველა ძმა დისთვის, ალბათ, ძალა და ზურგია. მაშინ უნცაური სიზმარი დამესიზმრა. საერთოდ არ მამახსოვრდება ხოლმე სიზმრები. რაღაცნაირად ვიგრძენი ჩემი ძმის გარდაცვალება. ეს 25 წლის წინ მოხდა, მაგრამ როდესაც ამაზე ლაპარაკს ვიწყებ ჭრილობა მაშინვე მეხსნება. ჩემს ძმას ორი შვილი დარჩა და მე ისინი ჩემი შვილებივით გავზარდე.“

დალი ჩიტალაძის თქმით, ტრაგედიასთან შეგუება შეუძლებელია:

„ჩემს ძმას ვეუბნებოდი, რომ წავიდოდი ისიც უნდა წამეყვანა. შვილს ჩემი სახელი დაარქვა. მე გავბრაზდი, რატომ მოიქეცი ასე, მოვკვდი-მეთქი? მაშინ 90-იანი წლები იყო, დარეკვაც პრობლემა იყო, ერთმანეთი ძალიან გვენატრებოდა. ჩემს ძმას იარაღი გაუვარდა, ნასვამი იყო და ასე მოხდა. რადგან ის გარდაცვლილი არ მინახავს, მგონია, რომ სადღაც არის წასული და ვნახავ. დიანა შვილივით მყავდა, ადრე გამითხოვდა, ამაზე ცალკე ვინერვიულე. ვერც წარმომედგინა, რომ მის გარეშე შემეძლო ცხოვრება. ძალიან ლამაზი იყო, გამხდარი. მისი სიკვდილი ჩემი მეგობრების დახმარებით გადავიტანე. არავინ თქვას, რომ ტრაგედიას ეგუება. ყოველ ღამე და დილას ვაცნობიერებ, რომ დიანა აღარ არის და მისი სულისთვის ვლოცულობ.“

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მამა გიორგის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში. სულ მეუბნებოდა ილოცე და ამით დიანას დაეხმარებიო. არ მესიზმრებოდა დიანა. ორმოცი რომ გავიდა, ისეთი უცნაური სიზმარი დამესიზმრა. დიანამ სიზმარში მითხრა, გაღვიძება მინდოდა და ვერ გავიღვიძე, ყველაფერი მესმოდა, რასაც მეუბნებოდიო, შენი ლოცვაც მესმოდაო. ისეთი რაღაც დამესიზმრა, ეს არ იყო უბრალო სიზმარი, მამა გიორგიმაც მითხრა, რომ ეს იყო გამოცხადება. ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა მას,“ - აღნიშნა დალი ჩიტალაძემ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოუწესრიგებელი, დაულაგებელი სახლები, ბავშვები უწესრიგოდ ჩაცმულები, უწესრიგობას მიჩვეულები...“ - დეკანოზი შალვა კეკელია სიზარმაცის დამაზიანებელ ძალაზე

„მოუწესრიგებელი, დაულაგებელი სახლები, ბავშვები უწესრიგოდ ჩაცმულები, უწესრიგობას მიჩვეულები...“ - დეკანოზი შალვა კეკელია სიზარმაცის დამაზიანებელ ძალაზე

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქვეყნის წინსვლისთვის თითოეული ადამიანის მონდომებასა და სიზარმაცის დაძლევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„თუ ჩვენ ვიქნებით გაუნათლებელი, ქვეყანა იქნება გაუნათლებელი. ადამიანები მოშორდებიან წიგნს, უწიგნური ქვეყანა გვექნება. ადამიანი თუ იქნება სიზარმაცეს მიჩვეული, ყველაფერი გაუბედურებული და გაპარტახებული იქნება ამ ქვეყანაში: დაულაგებელი ეზოები, მოუწესრიგებელი, დაულაგებელი სახლები, ბავშვები უწესრიგოდ ჩაცმულები, უწესრიგობას მიჩვეულები... შენ თუ გახდები მოწესრიგებული, როდესაც დაალაგებ შენს ეზოს, გამოხვალ და გარეთად ქუჩას დაალაგებ, მერე ეს ქვეყანა გახდება სხვანაირი.“

დეკანოზის თქმით, ქართველებს ევროპელობა გვინდა, მაგრამ არ გვსურს იმ წესების გადმოღება, რომელიც ევროპაშია დამკვიდრებული:

„ევროპელობა გვინდა, მაგრამ რაც ევროპაში ხდება, ის არ გვინდა. ევროპაში ადამიანები გამოდიან გარეთ, ქუჩებს რეცხავენ. რატომ? მას სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს.​ ჩვენთან რომ იყო, მე სახელმწიფოს ვპარავ, შენ კი არ გპარავ. სახელმწიფოს რას მოპარავ? შენ გაკლდება ეს ყველაფერი.“

„სახელმწიფო ცალკე არ არის. შენი არ არის ის? შენ რომ სტადიონი გაანადგურე, ღობე რომ მოაძვრე, შენი არ იყო ეს სტადიონი? შენმა შვილმა არ უნდა ითამაშოს იქ ფეხბურთი? ქრისტიანობა არის: „მტერი შეიყვარე.“ მტრის შეყვარებას გთხოვს ქრისტე და ჩვენ ზოგჯერ ჩვენი დედმამიშვილები, მეუღლეები არ გვიყვარს. მეუღლეებს ვერ ვეგუებით, ვეჩხუბებით. მტრის შეყვარებაზე კი არ არის ლაპარაკი, მეუღლეებს შორის არის კონფლიქტი. ამ ქვეყნის გაფრთხილება დავიწყოთ საკუთარი თავიდან. ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რას მივცემთ ამ ქვეყანას,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად