Baby Bag

ლოს-ანჯელესში თვითმფრინავიდან საწვავი გადმოიღვარა, რის შედეგადაც სკოლის მოსწავლეები დაზიანდნენ

ლოს-ანჯელესში თვითმფრინავიდან საწვავი გადმოიღვარა, რის შედეგადაც სკოლის მოსწავლეები დაზიანდნენ
ლოს-ანჯელესში თვითმფრინავის ავარიული დაშვების დროს სკოლის სათამაშო მოედანზე საწვავი გამოიღვარა, რის შედეგადაც სკოლის ოცი მოსწავლე და 11 ზრდასრული ადამიანი დაზიანდა. Delta Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, მოულოდნელად ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მას სასწრაფოდ მოუხდა აეროპორტში დაბრუნება. ერთ-ერთი სკოლის მოედანზე საწვავი სწორედ ამ დროს გადმოიღვარა.

სკოლის სათამაშო მოედანზე ორი კლასი იმყოფებოდა. ბავშვების უმეტესობამ კანის დაზიანება მიიღო, მათ ნაწილს კი სუნთქვის პრობლემები შეექმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებები უმეტესად მსუბუქ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ბავშვების ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. აუცილებლად უნდა გაირკვეს, თუ რა გახდა საბავშვო მოედანზე საწვავის გადმოღვრის მიზეზი. ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ინციდენტის მიზეზი ავიაკომპანიის მხრიდან გარკვეული წესების დარღვევაც გამხდარიყო.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითმფრინავიდან საწვავის გადმოღვრას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა საფრთხე თავიდან ავიცილოთ. როგორც წესი, საწვავის გადმოღვრა მხოლოდ გარკვეული სიმაღლიდან არის დასაშვები, რათა მან დედამიწაზე მოხვედრამდე მცირე ატომებად დაშლა მოასწროს. ასევე დაუშვებელია საწვავის გადმოღვრა დასახლებული პუნქტის მახლობლად.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს Delta AirLines-ის წარმომადგენლობაც. მათი თქმით თვითმფრინავიდან საწვავის გადმოღვრა წესების სრული დაცვით მოხდა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ავარიული დაშვება აუცილებელი გახდა. დაშვებამდე საწვავის გადმოღვრა კი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ბავშვებმა დაზიანებები ნამდვილად თვითმფრინავიდან გადმოღვრილი საწვავის გამო მიიღეს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ სკოლიდან მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეები შეშფოთებას გამოთქვამენ და კომპანიას ბავშვების სიცოცხლის გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებენ.

ინციდენტის შემდეგ სკოლიდან ევაკუირებული ბავშვები მშობლებმა სახლებში წაიყვანეს. მომხდარი შემთხვევის გამო პოლიციამ ლოს-ანჯელესის ორი ქუჩა გადაკეტა.



მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში რამდენი ადამიანი უნდა აიცრას საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის? - ხათუნა ზახაშვილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ აქტუალურ კითხვებს პასუხობს

საქართველოში რამდენი ადამიანი უნდა აიცრას საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის? - ხათუნა ზახაშვილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ აქტუალურ კითხვებს პასუხობს

ექიმი ეპიდემიოლოგი, ხათუნა ზახაშვილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ აქტუალურ კითხვებს პასუხობს. 

მისი თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, ქვეყანამ დაძლიოს COVID-19-ით გამოწვეული სირთულეები:

,,მხოლოდ და მხოლოდ პირადი აცრა არის იმის გარანტი, რომ არ გახდებით ავად კოვიდით ან თუ გახდებით, თქვენ არ დაგჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და თქვენს სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხე არ დაემუქრება. ნებისმიერი 500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე.''

ხათუნა ზახაშვილის თქმით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის (რადგან ბავშვებისთვის ჯერ არცერთი ვაქცინა არის არის დამტკიცებული) სულ ცოტა 60% უნდა აიცრას, რომ მეტ-ნაკლებად მშვიდად ვიგრძნოთ თავი და თუ აიცრება მეტი ადამიანი - 70-75%  რა თქმა უნდა ეს კიდევ უკეთესი იქნება:

,,ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ჯერჯერობით ვაქცინა არ არის ბავშვთა ასაკისთვის და მუდმივად აუცრელები, სანამ არ გაჩნდება ბავშვთა ასაკისთვის ვაქცინა, სწორედ ბავშვები არიან და ისინი შეაგდნენ აუცრელი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს. ამიტომ რეკომენდებულია, რომ სულ ცოტა მოზრილი მოსახლეობის,18 წელს ზემოთ ასაკის, მილიონ ექვსასი ათასი ადამიანის აცრა მაინც მოხდეს, რათა მცირე ცვლილება შევიტანოთ ქვეყანაში კოვიდის გავრცელების წინააღმდეგ.''

კითხვაზე, თუ კოვიდი ყველას დაემართება, ვაქცინის გარეშე არ გამომუშავდება საზოგადოებრივი იმუნიტეტი, ეპიდემიოლოგი პასუხობს: 

,,თუ მოსახლეობის 30-40% მოიხდის კოვიდს, ამ შემთხვევაში, დაავადების გავრცელების ინტენსივობა, როგორც წესი, იკლებს. ეს ციფრი იკლებს მანამ, სანამ არ დაგროვდება არაიმუნური ფენა. შემდეგ კი ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. ასე იქნება, სანამ დაავადება ვაქცინით მართული არ გახდება. სწორედ ეს განსხვავებაა ვაქცინამდე და მის შემდეგ ეპოქაში,'' - აღნიშავს ხათუნა ზახაშვილი. 

მისი თქმით, არსებული ვაქცინები ეფექტურია კორონა ვირუსის დღეს არსებული შტამებისთვის, ზოგი მეტად, ზოგი კი ნაკლებად:

,,შეიძლება ადამიანი ორი დოზით იყოს აცრილი, მაგრამ ნიღბის მოხსნისგან თავის შეკავება სჯობს, მანამ, სანამ ყველა ან უმრავლესობა მაინც არ აიცრება. აი, მაშინ კი ყველამ ერთად მოვიხსნათ ნიღაბი,'' - დასძინა ექიმმა. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: ​UNICEF Georgia

წაიკითხეთ სრულად