Baby Bag

„მინდა, ცოტა დავამშვიდო მშობლები და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გაგიზიაროთ“ - პედიატრი ეკა უბერი

„მინდა, ცოტა დავამშვიდო მშობლები და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გაგიზიაროთ“ - პედიატრი ეკა უბერი

„ახალი კორონავირუსი და ბავშვები....

მინდა, ცოტა დავამშვიდო მშობლები და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გაგიზიაროთ...
ახალ კორონავისურზე ინფორმაცია და გამოცდილება მხოლოდ რამდენიმე თვეს ითვლის. 2019 წლის დეკემბრამდე ამ ვირუსის შესახებ მეცნიერებისთვის არაფერი არ იყო ცნობილი.

​ჯერჯერობით არსებული სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთის და სამხრეთ კორეის მაგალითებზე დაყრდნობით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვთა უმრავლესობასთან 94.1% -ში ინფექცია მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით გამოვლინდა, (მოზრდილებში ეს მაჩვენებელი 81%-ია), გამოჯანმრთელების პროცენტი თითქმის აბსოლუტურია (მხოლოდ 1 შემთხვევა დამთავრდა ლეტალურად).

კონტაგიოზურობის ანუ გადამდებიანობის რიცხვი შედარებით დაბალია, კერძოდ, ინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტის მიუხედავად, ბავშვთა მხოლოდ 34%-ში დაფიქსირდა ინფიცირება.

თამდევი დაავადებები არ განიხილება, როგორც დაავადების მძიმე მიმდინარეობის ხელშემწყობი ფაქტორი. კარგად მართული შაქრიანი დიაბეტი ასევე არ წარმოადგენს რისკ-ფაქტორს.

გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას“.

ამის შესახებ პედიატრი ეკა უბერი სოციალურ ქსელში წერს.

შეიძლება დაინტერესდეთ

გაეროს მოსახლეობის ფონდი ორსულებსა და მეძუძურ დედებს კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციებს აძლევს

გაეროს მოსახლეობის ფონდი ორსულებსა და მეძუძურ დედებს კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციებს აძლევს

​გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის ​რეკომენდაციებს ავრცელებს.

ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, დღემდე ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ, თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირაციული ინფექციებისადმი უფრო დაუცველი გახადოს.

რეკომენდაცები ორსულებისთვის

„სასუნთქი გზების დაავადების მქონე ორსული ქალების მკურნალობა უპირველეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, არასახარბიელო შედეგების მომატებული რისკიდან გამომდინარე. ორსულმა ქალებმა იგივე პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რაც ყველა ზრდასრული ადამიანისთვის არის რეკომენდებული, როგორიცაა ახლო კონტაქტის არიდება იმ პირებთან, ვინც ახველებს და აცემინებს. მათ ხელები ხშირად უნდა დაიბანონ საპნითა და წყლით, ან ხელები სპირტიანი ხსნარით გაიწმინდონ, პირსა და ცხვირზე ხელსახოცი აიფარონ, ან მოხრილ მკლავში დაახველონ და დააცემინონ, ასევე, ხორცი და კვერცხი კარგად დაამუშაონ. ყველა რეკომენდებული ღონისძიება ხელმისაწვდომია ​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე,“ - წერია განცხადებაში.

ფონდის ცნობით, თუ ორსული ქალების მიმართ არსებობს ეჭვი, რომ მათ COVID-19 ვირუსი აქვთ, ან ინფიცირება დაუდასტურდებათ, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ზრდასრული პაციენტებისთვის რეკომენდებული მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ მეან-გინეკოლოგთან მჭიდრო კონსულტაციით.

რეკომენდაციები მეძუძური დედებისათვის

„მეძუძური დედები ახალშობილისგან არ უნდა გააცალკევონ, რამდენადაც, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რესპირაციული ვირუსები შეიძლება ბავშვს დედის რძით გადაეცეს. დედას შეუძლია ძუძუთი კვება განაგრძოს იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დროს აუცილებელი შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:

● სიმპტომების მქონე დედებმა, რომლებიც საკმარისად კარგად გრძნობენ თავს იმისთვის, რომ ბავშვი თავისი რძით გამოკვებოს, ნიღაბი უნდა ატარონ, როცა ბავშვთან ახლოს იქნებიან (კვების დროსაც), მათ ხელები უნდა დაიბანონ ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ (კვების ჩათვლით), ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყონ.

● თუ დედა ძალიან ავად არის ძუძუთი კვებისთვის, მას უნდა ურჩიონ, რომ რძე გამოიწველოს და შემდეგ ბავშვი სუფთა ჭიქიდან/ან კოვზიდან გამოკვებოს - და ამ დროს აუცილებელია ნიღბის ტარება, ხელების დაბანა ბავშვთან შეხებამდე და კონტაქტის შემდეგ, ასევე დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება/დეზინფექცია.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ინფიცირებული პირებისთვის, ოჯახებისთვის, საზოგადოებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის, რეაგირების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ვირუსით დაზარალებული ადამიანების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ქალებისა და გოგონების გვერდით დგას, რომელთა დაცვას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საჭიროებებს ცენტრალური მნიშვნელობის ადგილი უნდა ეჭიროს რეაგირებაზე მიმართული ძალისხმევების განხორციელებისას. ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვმუშაობთ ჩვენს პერსონალთან ერთად, რათა გადავხედოთ შიდა მზადყოფნის მდგომარეობას, ასევე ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, მთავრობებსა და საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ვემსახურებით ეპიდემიის პრევენციისა და მასზე რეაგირების მიზნით,“ - ვკითხულობთ გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად