Baby Bag

თბილისის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2020-2021 სააღმზრდელო წლისთვის 12 ივნისს, დღეს დაიწყო.

რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული კატეგორიებია:

1) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;

2) სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა);

3) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;

4) დედმამიშვილები;

5) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესს ამარტივებს. სააგენტოში მისვლის ნაცვლად, სსსმ ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა 100, ფორმა 50) და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: [email protected].

ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად შეძლებს. ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ რეგისტრაციის გავლისას ბავშვი სააღმზრდელო წლის დაწყების თარიღისთვის (2020 წლის 14 სექტემბრისთვის) უნდა იყოს ორი წლის.

რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. რეგისტრაციის დღეს იმუშავებს მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმა, რათა მომხმარებელს ძებნა გაუმარტივდეს და ინფორმაციის შეყვანისას დრო დაზოგოს

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბათუმში ცურვა აიკრძალა

ბათუმში ცურვა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო განცხადებას ავრცელებს. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

სულ დაფიქსირდა 45 შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს დროული რეაგირება.

ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა.

უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

წაიკითხეთ სრულად