Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელი - გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყება? - პრემიერის განცხადება

ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელი - გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყება?  - პრემიერის განცხადება

,,დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით - მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება,'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავარი ამოცანა, ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვაა:

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით, მსხვილ ქალაქებში. აქ, სრული მობილიზება მართებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტებს, ეპიდემიოლოგებს, განათლების სამინისტროს, იმისთვის, რომ ეს პროცესი ვმართოთ მინიმალური რისკებით. თუმცა, გასაგებია და ყველა ვხედავთ, რომ ეს ზომები, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა - პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ამას ნელ-ნელა ხალხი ივიწყებს. ამიტომ, ამაზე გვჭირდება, ძლიერი საინფორმაციო ნაბიჯების გადადგმა და ეს, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე, მოქალაქეებამდე, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია დახურულ სივრცეებში, სამწუხაროდ, არის აუცილებელი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები, იმისთვის, რომ ეპიდემია ვმართოთ ისე ეფექტურად, როგორც აქამდე ვაკეთებდით და იმისთვის, რომ ეკონომიკას მივცეთ შესაბამისი აღდგენის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და აქ, სახუმარო არაფერი არ არის. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, პირველ რიგში, ბავშვების და შემდეგ უკვე ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წაიკითხეთ სრულად